ევროპოლმა ყალბი ფულის დამზადების მასშტაბური ქსელი გამოავლინა, რომელიც ნეაპოლურ მაფია „კამორას“ უკავშირდება. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.
15 ივლისს ევროპის სამ ქვეყანაში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იტალიაში 40, საფრანგეთში 3, ბელგიაში კი 1 ადამიანი დააკავეს.
ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ნაღდი ფულის სახით 8 მილიონი ევრო და კიდევ 8 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს. საფრანგეთში დაკავებულ პირებს იტალიაში ექსტრადირება ელოდებათ.
გამოძიება იტალიაში ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით ყალბი 50-ევროიანი კუპიურები გაჩნდა. იტალიური პოლიციის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ამოღებული ყალბი ფულის 90% იტალიაში მზადდებოდა და ამ დარგში ერთგვარ „მონოპოლიას“ სწორედ „კამორა“ ფლობს.
imedinews.ge
კომენტარები