იტალიასაზოგადოება

არნახული წყალდიდობა პალერმოში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

2 ადამიანი დაიღუპა, 2 მცირეწლოვანი კი საავადმყოფოში მოათავსეს

პალერმოს თავს დაატყდა ძლიერი წვიმა (Bomba d’acqua, წყლის ბომბი, როგორც იტალიაში უწოდებენ ძალიან დიდი რაოდენობით მოსულ ნალექს), რასაც ტრაგედია მოჰყვა – 2 ადამიანი დაიღუპა Viale Della Regione-ს მიწისქვეშა გასასვლელში. ისინი მანქანაში აღმოჩნდნენ ჩაკეტილები, რომელიც გზაში გაიჭედა და წყალმა დაფარა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ინტენსიურმა თავსხმა წვიმამ, რომელიც 15 ივლისს ნაშუადღევის დადგომისთანავე დაიწყო და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, ქალაქი დატბორა.

ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათგან უმცროსი – 9 თვის, საავადმყოფოში გადაიყვანეს ჰიპოთერმიის გამო. ისინიც მანქანაში აღმოჩნდნენ ჩაკეტილები თავიანთ მშობლებთან ერთად Viale Della Regione-ს მიწისქვეშა გასასვლელში, სარდინიის ქუჩის სიახლოვეს, რომელიც წყალმა დაფარა.

სამართალდამცველებმა საავადმყოფოებიდან საბნები და გამათბობელი ზეწრები გაიტანეს ქუჩაში, გადარჩენილი ადამიანებისთვის.

ზოგიერთ მიწისქვეშა გასასვლელში ავტომობილისტები ხაფანგში მომწყვდეულები აღმოჩნდნენ და იძულებულნი გახდნენ, მანქანები დაეტოვებინათ, რომლებიც წყალში ცურავდნენ.

პალერმოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჩივიან, რომ მოსალოდნელ ანომალიურ მეტეოროლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოებისგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

„1 მეტრზე მეტი ნალექი მოვიდა პალერმოში 2 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე ძლიერი წვიმა ქალაქის ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, 1790 წლიდან. 2 საათში მოსული ნალექების რაოდენობა ერთი წლის ნორმას უდრიდა. წვიმა, რომელზეც არავის, არც მეტეოროლოგებს, რომლებიც ნაციონალურ დონეზე პროგნოზების წარმოებით არიან დაკავებულები, ინფორმაცია არ ჰქონიათ და სამოქალაქო დაცვის მხრიდან პალერმოს არანაირი შეტყობინება არ მიუღია მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე“, – განაცხადა პალერმოს მერმა ლეოლუკა ორლანდომ.

„გაფრთხილება რომ ყოფილიყო, ჩვეულებრივი პროცედურები გააქტიურდებოდა, – დასძინა მერმა, – რასაც, დღევანდელი მოვლენების საგანგებო ხასიათის მიუხედავად, შესაძლოა რისკები შეემცირებინა“.

თუმცა, ორლანდის თქმით, ახლა არ არის დაპირისპირებების დრო, კარგად იცის, რომ სამოქალაქო დაცვა დიდი პროფესიონალიზმით ოპერირებს სათანადო მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ მიწოდებული პროგნოზების საფუძველზე და დღეს, როგორც ჩანს, ვერავინ შეძლო ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close