იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 234 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი

გასულ ერთ დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (შაბათს – 188) და კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით (მათგან 8 – ლომბარდიაში). შაბათს, 11 ივლისს გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 7 იყო. ამის შესახებ, სამოქალაქო დაცვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო „ანსა“ წერს.

ინფიცირების შემთხვეების საერთო მაჩვენებელმა ქვეყანაში 243 061-ს მიაღწია, მსხვერპლთა რაოდენობამ კი – 34 954-ს. ISS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იტალიაში 82 წელია.

ახალი ინფიცირებულებიდან 77 ლომბარდიაშია (32,9%), 71 – ემილია რომანიაში (30,3%); 28 შემთხვევა დარეგისტრირდა კალაბრიაში, სადაც რეჯო კალაბრიაში მიგრანტები გადმოვიდნენ ხმელეთზე.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, სულ 38 259 ტესტი ჩატარდა  (კვირას, როგორც წესი, ყოველთვის ნაკლები ტესტირება ტარდება), მაშინ როდესაც შაბათს ჩატარებული ტესტების რაოდენობა 45 000-ს აღწევდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 349-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 194 928-ს მიაღწია.

იტალიაში ამჟამად კოვიდ-19-ით დაავადებული 68 პაციენტია მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ერთით მეტი გუშინდელთან შედარებით, ამასთან, ლომბარდიაში ეს მაჩვენებელი 2-ით გაიზარდა – 29-იდან 31-მდე. აღსანიშნავია, რომ თითქმის 3-თვიანი კლების შემდეგ შაბათს და კვირას, 11-12 ივლისს ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. სამაგიეროდ 14 რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არცერთი მძიმე პაციენტი აღარ არის.

ამ დროისთვის იტალიაში კოვიდ-დადებითი 13 179 პაციენტია (-124); სტაციონარში მოთავსებულია 776 (-50) პაციენტი, დაავადების სიმპტომებით; სახლის პირობებში, თვითიზოლაციაში კი 12 335 (-175) ინფიცირებული იმყოფება, რომელთაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ, ან მსუბუქად გამოხატული კლინიკა აქვთ.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტი სამშაბათს, 14 ივლისს მიიღებს. ამჟამად მოქმედი საგანგებო რეჟიმის ვადა 31 ივლისამდეა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ეს ვადა წლის ბოლომდე – 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

ნინო ხოშტარია

წყარო: ansa.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close