არსებობს თუ არა საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საფრთხე? – ინფექციონისტის განმარტება
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქსირდება, ეს არის ბუბონური ფორმა და მას ეპიდემიური გავრცელების პოტენციალი არ აქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შავი ჭირი ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც არის დაფიქსირებული, თუმცა ის მართვადია და მისი მკურნალობის დიდი გამოცდილება არსებობს.
„საქართველოში შავი ჭირის შემთხვევა მღრღნელში ბოლოს გასულ წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება ადამიანის დაავადების შემთხვევას, ის საქართველოში ბოლოს 1921 წელს არის აღრიცხული. მას შემდეგ ადამიანში ჩვენ შავი ჭირის შემთხვევა არ გვქონია“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო შავი ჭირის, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში აწარმოებს.
ცნობისთვის, ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც მის ერთ-ერთ რეგიონში საფრთხის მესამე დონეა გამოცხადებული.
pia.ge
კომენტარები