სპორტი

სიკვდილი ყინულზე – ზღაპრული სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

მათი სიყვარულის ისტორია ზღაპარს ჰგავდა, რომელიც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ზღაპარი, რომელმაც მთელი მსოფლიო აატირა… „როცა შენს მკლავებზე საყვარელი ადამიანი კვდება, ხვდები, რომ ამასთან შედარებით მსოფლიო დიდება, ჯილდოები და მედლები სისულელეა“, – ასე უპასუხა ეკატერინა გორდეევამ ჟურნალისტის კითხვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

გოგონა ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი იყო, ვაჟი კი – ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც სიცოცხლე ყინულზე დაასრულა. მათი ლამაზი სიყვარულის ასეთ ფინალს ვერავინ წარმოიდგენდა!

ეკატერინე გორდეევა და სერგეი გრინკოვი ერთ უბანში იზრდებოდნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ – ასაკში სხვაობა ძალიან დიდი გახლდათ. ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე მოციგურავეები ერთმანეთს მხოლოდ 1981 წელს შეხვდნენ, როცა მწვრთნელებმა მათი დაწყვილება გადაწყვიტეს. მაშინ სერგეი გრინკოვი 14 წლის იყო, ეკატერინე გორდეევა კი – მხოლოდ 10-ის. იმ დროისთვის არავინ იცოდა, რომ ბედმა ბავშვები მხოლოდ სპორტულ დარბაზში კი არა, ცხოვრებაშიც სამუდამოდ დააკავშირა.

ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონები სერგეი გრინკოვი და ეკატერინე გორდეევა მხოლოდ სილამაზითა და ნიჭიერებით გამორჩეული წყვილი არ ყოფილა. მათ შეძლეს, ცეკვაში გადატანილი სიყვარულით მსოფლიო გაეოცებინათ.

ერთობლივი გამოსვლები მათ 1982 წლიდან  დაიწყეს და სამიოდე წლის შემდეგ იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ახალგაზრდა სპორტსმენების პოტენციალი შეუმჩნეველი არ დარჩენია იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ მწვრთნელს სტანისლავ ჟუკს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, 1986 წელს მოციგურავეებმა პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეკატერინე ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა – 14 წლის ჩემპიონი გახდა. იმავე წელს წყვილმა ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედალი აიღო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი ყველა შეჯიბრში გაიმარჯვა, რომელშიც კი მონაწილეობდა: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საბჭოთა კავშირის პირველობაზე და ა.შ.

მალე ყველამ შენიშნა, რომ წყვილს მხოლოდ სპორტული ინტერესები არ აერთიანებდა და „მენდელსონის მარშის“ ჰანგებზე ბრწყინვალედ შესრულებული ცეკვა მოახლოებულ ქორწინებას მოასწავებდა.

მოგვიანებით ეკატერინე გაიხსენებს, რომ მისი ცხოვრების უბედნიერესი წუთი 1989 წლის 31 დეკემბერი იყო, როცა სერგეი სიყვარულში გამოუტყდა. წყვილი 1991 წელს დაქორწინდა, როცა სერგეი 21 წლის იყო, კატია  კი – 17-ის. თაფლობის თვე არ ჰქონიათ, რადგან სწორედ ამ დროს გადავიდნენ პროფესიონალების თანრიგში. ერთი წლის თავზე მათი გოგონა, დარია გაჩნდა.

რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, ცოლ-ქმარმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა გააგრძელა და ორი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი სპორტსმენი უფუნქციოდ დარჩა. მათი ბედი რომ არ გაეზიარებინათ, ცოლ-ქმარი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. იდეალური ტექნიკისა და უზარმაზარი სიყვარულის გამო, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ავლენდნენ, სერგეისა და ეკატერინეს ამერიკაში გვარების პირველი ასოების მიხედვით G&G შეარქვეს. 1994 წელს, მეორე ოლიმპიური ოქროს შემდეგ, წყვილი მიხვდა, რომ თითქმის ყველა მწვერვალი დაპყრობილი ჰქონდათ და ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგად მოპოვებულით ტკბობის ეტაპი დაუდგათ, თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველაფერს წერტილი დაუსვა…

1995 წლის 20 ნოემბერს ლეიქ-პლესიდიში საწვრთნელი ვარჯიშის დროს სერგეი მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სიკვდილის მიზეზი ინფარქტი გახდა. ზღაპარი, რომელსაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული თვალს ადევნებდა, მოულოდნელად დასრულდა. საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილი 24 წლის ქვრივი დიდხანს ეძებდა საკუთარ თავში ძალას, რომ ყინულზე დაბრუნებულიყო.

საკუთარ თავთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ კატია ყინულზე გავიდა – ამჯერად უკვე მარტო და თავისი პირველი გამოსვლა გარდაცვლილ ქმარს მიუძღვნა. გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის კომპოზიციაზე დადგმულმა ცეკვამ „სიცოცხლის დღესასწაული“ დარბაზი ემოციებით ააფეთქა. ცეკვის დასრულებისას ათასობით მაყურებლის ცრემლიანი ოვაციების ფონზე ახალგაზრდა მოციგურავემ ყინულზე გამოსული ოთხი წლის შვილი გულში ჩაიხუტა და ცრემლებად დაიღვარა.

მალე კატიამ წიგნის წერა დაიწყო. „ჩემი სერგეი – სიყვარულის ისტორია“ გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. „მადლობელი ვარ თითოეული დღისთვის, რომელიც შენ გვერდით გავატარე. მე გულში შევინახავ ჩვენს საოცარ ზღაპარს და ჩვენს შვილს, დარიას გადავცემ“, – წერდა თავის წიგნში ეკატერინა. სწორედ ეს წიგნი დაეხმარა ახალგაზრდა ქვრივს, ეთქვა მეუღლისთვის ყველაფერი, რისი თქმაც მის სიცოცხლეში ვერ მოასწრო. ერთი წლის შემდეგ გორდეევამ კიდევ ერთი წიგნი გამოსცა „წერილი დარიას“.

ეკატერინე გორდეევამ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა. წლების შემდეგ მას ცხოვრებაშიც და ყინულის მოედანზეც ახალი პარტნიორები გამოუჩნდა, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელტანაც ბავშვობის მოგონებები და საოცარი სიყვარულის ზღაპარი აკავშირებს, სერგეი გრინკოვია..

„პროგრესნიუსი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close