რა მოხდა მცხეთაში და რატომ დუმს საქმის ახალი ფიგურანტი – ფოტოგრაფი?
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი. მოვლენები 18-19 ივნისის ღამეს, მცხეთაში დაახლოებით ასე ვითარდება: წვეულებისათვის ნაქირავებ აგარაკზე, სადაც ახალგაზრდები მეგობარი გოგოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, დაახლოებით 19-20 წლის 35-40 ახალგაზრდა იკრიბება. ნაწილი იცნობს ერთმანეთს, ნაწილი – არა.
როგორც ირკვევა, კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო, მეორე ვერსიით, „ნახალოვკელებსა“ და საბურთალოებს შორის კონფლიქტი მოჰყვა კითხვას: „რომელი უბნელი ხარ, ბიჭო?“ კიდევ ერთი კონფლიქტი დიჯეისა და სუფრის წევრებს შორის მოხდა.
ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. „კურიერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.
მისი ადვოკატის, მზია ქასრაშვილის, თქმით, ვახო თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი – ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია.
მზია ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო ღამეს მათ წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. შავი ფერის „ტოიტა“ და ვერცხლისფერი „მერსედესი“. „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა და ისინი ახვლედიანს რკინის ხელკეტით გაუსწორდნენ.
ვახო ახვლედიანს 24 ივნისს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამხარაულის საექსპერტო ბიუროში „მერსედესის“ მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი რამდენიმე დღეა ამტკიცებდა, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ, 24 ივნისს კი თქვა, რომ „მერსედესისა“და „ტოიოტას“ ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილთან ახლოს იყვნენ გაჩერებულები, თუმცა დაპირისპირებაში მათი მონაწილეობა სასტიკად უარყო.
ადვოკატი არ ადასტურებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც 18 ივნისის ღამეს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.
„კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის „ტოიოტაში“, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.
„კურიერმა“ კიდევ ერთი დეტალი გაარკვია: ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან, გურამ ამირხანაშვილთნ და, სავარაუდოდ, რკინის ხელკეტით ნაცემ ვახო ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდა, ფარდულში იმალებოდა.
შესაძლოა, მან კარგად იცოდეს, რა მოხდა ბურუსით მოცულ საბედისწერო ღამეს, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი დუმილს ამჯობინებს. „კურიერის“ ინფორმაციით, ის თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამოიყვანა.
ექსპერტიზა ჩაუტარდა საქმის ოქროს მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს, რომელიც საექსპერტო ბიუროში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ექსპერტიზაზე საქმის სხვა ფიგურანტებიც იყვენენ, რომელთა ნაწილი გიორგი შაქარაშვილს წვეულებაზე პირველად შეხვდა. ახალგაზრდების ნაწილს მძიმე დაზიანებები ჰქონდათ, ნაწილს კი არაფერი აღენიშნებოდა. სავარაუდოა, რომ მათი შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათმა უმრავლესობამ სრული ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა. ისევ არაფერს ამბობს ტელეკამერებთან გურამ ამირხანაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთი მოწმის ჩვენებით არ ვლინდება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გიორგი შაქარაშვილი მონაწილებდა. ბოლო 6 დღეში 50-ზე მეტი პირია გამოკითხული და 10-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი არაგვში იპოვეს.
წყარო: „კურიერი“
კომენტარები