საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

ლელა წურწუმია: „ბანკის მოვალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გადავიხდი კრედიტს, სამსახურის გარეშე დარჩენილი“

თათა სადრაძისა და გიგა კობალაძის გადაცემაში „ავტორის ხმა“ (რადიო „ფორტუნა“) სტუმრებმა – ლელა წურწუმიამ და კახა მამულაშვილმა წამყვანებთან ერთად განიხილეს კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ქართულ შოუბიზნესზე.

კახა, ვირუსმა სერიოზულად აზარალა მთელი შოუბიზნესი. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება რთული სიტუაციიდან გამოსვლა?

სამწუხაროდ, პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საქართველოსაც შეეხო, თუმცა ჩვენ ბევრად მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ყველა სფეროში მოიხსნა ან შემსუბუქდა რეგულაციები, ჩვენ კი ისევ ძველ რეჟიმში დავრჩით, რადგან არ გვაქვს საქმიანობის უფლება. ძალიან გვინდოდა, შევხვედროდით მათ, ვინც შეზღუდვებს აწესებს, რათა ჩვენი აზრი მოესმინათ, თუმცა არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალიან არასერიოზულად აღიქვამს შოუბიზნესს, არ ესმის, რომ ჩვენი სფერო არა რამდენიმე მომღერალი, არამედ უზარმაზარი ინდუსტრიაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. მაგალითად, შოუბიზნესი გარკვეულწილად რესტორნების სფეროსაა მიბმული, რესტორნები კი, ბაზარზე არიან დამოკიდებული ანუ ჩვენი უმოქმედობით სხვებიც სერიოზულად ზარალდებიან. სწორედ ამ თემებზე გვსურდა მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარი, თუმცა შესაძლებლობა არ მოგვეცა.

ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი პრობლემა საჯარო შეკრებების აკრძალვაა?

მომღერალი კონკრეტულ ობიექტზეა დამოკიდებული, რომელიც მას იწვევს, თუმცა მსგავს ობიექტებს იმდენად დიდი ჯარიმა დაუწესეს, რომ ნამდვილად არ უღირთ მუსიკოსის მიწვევა და ცოცხალი კონცერტის მოწყობა. ბევრს არ ესმის, რომ გართობის ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რადგან გართობაც ერთგვარი თერაპიაა, რომელიც რამდენიმეთვიანი შეზღუდვისა და იზოლაციის შემდეგ განსაკუთრებით გვჭირდება.

კონკრეტულად რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მთავრობას, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?

რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ყველა წესს, თერმოსკრინინგის, დეზინფექციის და დისტანციის დაცვის აუცილებლობას, მაგრამ შეუძლებალია ჩატარდეს კონცერტი მსმენელის გარეშე ან სპექტაკლი დაიდგას მაყურებლის გარეშე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა და მხოლოდ ჩვენთვის დარჩა კომენდანტის საათი.

ლელა, მართალია, წარმოუდგენელია პუბლიკის გარეშე კონცერტის გამართვა, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია შეეგუოს მუსიკოსი მსმენელის გარეშე საღამოების მოწყობას?

მუსიკა  და თეატრი იმდენად საჯარო სფეროებია, რომ შეუძლებელია მისი არსებობა პუბლიკის გარეშე. ტელეგადაცემის ჩაწერის დროსაც დისკომფორტი იქმნება, თუ მაყურებელი არ ესწრება, კონცერტის გამართვა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ერთმანეთზე ვართ ენერგეტიკულად დამოკიდებული და სწორედ ასე შეგვიძლია გულწრფელი ემოციის გამოხატვა. მაგალითად, სხვადასხვა გარემოში ნამღერი სიმღერა ყოველთვის განსხვავებულად ჟღერს, რადგან ყველაფერი განწყობაზე, გარემოზე და ემოციაზეა დამოკიდებული.

ალბათ შოუბიზნესის ამგვარი შეზღუდვა მისი წარმომადგენლების მატერიალურ მდგომარეობაზეც მძიმედ აისახა…

ჩვენ არც მანამდე გვქონდა მაღალი შემოსავალი, ახლა კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მოვალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი. სამწუხაროდ, პანდემია ფსიქოლოგიურადაც მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რადგან ბევრს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ყველასთვის თანასწორად, რადგან ზოგჯერ ის, რაც ერთისთვის აკრძალულია, მეორესთვის სრულიად დასაშვებია.

ოფიციალურად თუ მიმართეთ რომელიმე სამთავრობო სტრუქტურას?

(კახა მამულაშვილი) სწორედ ახლა ვმუშაობთ პეტიციაზე, რომლითაც მთავრობას მივმართავთ და იმედია, მათ პასუხსაც მივიღებთ. დიდი ხანია გვინდა გვყავდეს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.

(ლელა წურწუმია) მართალია, გარეგნულად შოუბიზნესი ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ მოსაზრება, თთქოს ჩვენ პრობლემები არ გავქვს, მცდარია. მთელი კულტურის სფერო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ჩვენ არ მივეკუთvნებით მათ რიცხვს, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს, ამიტომ დამოუკიდებლად გვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, ამ მდგომარეობაში კი არსებობის ყველა საშუალება შეზღუდული გვაქვს, თუმცა სახელმწიფოსგან არა ფინანსურ დახმარებას, არამედ რეგულაციების გადახედვას და მოწესრიგებას მოვითხოვთ, რათა ისევ თვითონ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close