ვიდეოიტალიაკულტურა

იტალია: ხელოვნების მუშაკთა საპროტესტო აქცია მილანის ცენტრში (ვიდეო)

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შარშან თბილისში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იტალიაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ცოცხალი თეატრები და წარმოდგენების დარბაზები პირველი დაიხურა და ბოლო იხსნება, რასაც 15-მდე ხელოვანის ხელმძღვანელობით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

15 ივნისს მილანის ტრიენალეს Palazzo dell’arte-ს წინ ლომბარდიელ ხელოვნების მუშაკთა საპროტესტო აქცია გაიმართა. ასამდე ადამიანი პლაკატებითა და ლოზუნგებით გამოხატავდა თავის პროტესტს, ზოგიერთი მათგანი სიტყვით მიმართავდა კულტურული მემკვიდრეობის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ზაფხულის გრაფიკის პრეზენტაციაზე არ მივიდა, „ზოგადი სახელმწიფოებრივი ვალდებულების გამო“.

იტალიაში ცოცხალი თეატრი პირველი იყო, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტა. ჯერ კიდევ 2020 წლის 23 თებერვალს, კვირას, ვიდრე ოფიციალური ბრძანებულებები და განკარგულებები გამოიცემოდა, ზოგიერთმა თეატრმა სპექტაკლები შეაჩერა. მას შემდეგ ეს სტრუქტურები არ გახსნილა და, ბევრის აზრით, ისინი ბოლოს გაიხსნებიან, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე. ეს კი ხელოვნების მუშაკებს რთულ მდგომარეობაში აყენებს როგორც შემოქმედებითი, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მარტო ტექნიკოსებისა და მხატვართა სახით 200 ათასზე მეტი არაჩვეულებრივი პროფესიონალი მუშაობს გართობის სამყაროში (il mundo di spettacolo) იტალიაში. „ქსელი“ ცოცხალი წარმოდგენების განახლებასა და ადეკვატური შემოსავლის გარანტიებს ითხოვს“, – ეს არის ციტატა ერთ-ერთი გამომსვლელის სიტყვიდან.

კომენტარი ვთხოვე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. აღმოჩნდა, რომ იგი შარშან თბილისში იყო ჩამოსული ერთი კვირით საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და სპექტაკლში მონაწილეობდა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხელოვნების მუშაკთა უფლებები დავიცვათ, აქ, ლომბარდიაში თითოეული კატეგორია, ტექნიკოსებიდან დაწყებული, რიგითი მსახიობებით დასრულებული, შეეჯახნენ იმ პრობლემებს, რამაც გამოიწვია დიდი „აფეთქება“. ლოქდაუნის შემდეგ ჩვენ სამსახურის და ყველანაირი ფინანსური დახმარების გარეშე დავრჩით, გამოიკვეთა დიდი „ხვრელი“ ჩვენს უფლებებთან დაკავშირებით, კონტრაქტების, კანონიერი მხარის კუთხით. ხელოვნების წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის „სახეები“, ცოცხალი მუსიკის, ივენთების, მოდის სფეროები – ყველაფერი ეს დარჩა განხილვის გარეშე. ამიტომ ვართ გამოსულები, მოვითხოვთ, რომ დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად და ვისაუბროთ კულტურის სექტორის ნამდვილ გახსნაზე (riapertura).

მე მქვია მარკო. გავიარე ყველა პროფესია თეატრში, ამჟამად ვარ თეატრის მსახიობი და მთელი ცხოვრება ვმოღვაწეობდი კულტურის სფეროში, ვარ ნამყოფი, აგრეთვე, საქართველოში: თბილისში [საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში] ვმონაწილეობდი სპექტაკლში „ვიქტორია ჩაპლინი“, – ამბობს მარკო ინტერვიუში.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close