როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ფრენის დროს ახალი კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ (ინსტრუქცია)
საკარანტინო ზომების შემსუბუქების ერთ-ერთი მიმართულება ავიამიმოსვლის აღდგენაა. მართალია, ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს როგორც დედამიწაზე, ასევე – ცაში.
ვინ და როდის უნდა შეიკავოს თავი მოგზაურობისგან?
ზოგადად, სხვადასხვა ორგანიზაცია მხარს უჭერს იმას, რომ ადამიანებმა გადაადგილება ისევ და ისევ მაქსიმალურად შეზღუდონ. თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გაქვთ, მოგზაურობა აუცილებლად უნდა გადადოთ. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ ან სხვა პირმა, ვისთანაც კონტაქტი გქონდათ, COVID-19 გადაიტანეთ. ასეთ სიტუაციაში სიმპტომების გამოვლენიდან, სულ ცოტა, 10, გამოჯანმრთელებიდან კი 3 დღე მაინც უნდა გავიდეს. თუ ახალი კორონავირუსული ინფექცია გარეგნულად საერთოდ არ გამოგივლინდათ, საჭიროა PCR ტესტის ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხი და მათ შორის შუალედი, სულ ცოტა, 24 საათი უნდა იყოს. გარდა ამისა, რეკომენდებულია მოგზაურობისგან თავის შეკავება, თუ:
– ცხოვრობთ იქ, სადაც ახალი კორონავირუსი აქტიურად ვრცელდება ან ასეთ ადგილზე მიდიხართ;
– თქვენ ან იმ პირს, ვისთანაც მიემგზავრებით, დიდი ალბათობით, COVID-19 მძიმე ფორმით განგივითარდებათ (მიეკუთვნებით რისკჯგუფს).
თუ ფრენა აუცილებელია, დაიცავით ყველა წესი და შეზღუდვა!
თუ გადაუდებელი და აუცილებელი ფრენა გაქვთ, მაშინ დაიცავით სხვადასხვა სამედიცინო და სამთავრობო ორგანიზაციის რჩევები, როგორც წესი, ისინი ერთი და იგივეა. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არ დაარღვიოთ ის წესები, რომლებიც აეროპორტსა და ავიაკომპანიაშია დადგენილი. აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხანმოკლეა ფრენა, მით უკეთესი.
ბილეთი ონლაინ იყიდეთ და ეცადეთ, ფანჯარასთან მოხვდეთ!
იყიდეთ ბილეთი და შესაძლებლობისამებრ, ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირდით. შესაძლოა, ფანჯარასთან ჯდომა უფრო უსაფრთხო იყოს, რადგან გასასვლელში უფრო მეტ ადამიანთან გიწევთ კონტაქტი. აეროპორტში გადახდის უკონტაქტო მეთოდით ისარგებლეთ.
სახლიდან გასვლამდე თქვენი მდგომარეობა შეიმოწმეთ!
აეროპორტში შესვლამდე თერმოსკრინინგი (ტემპერატურის უკონტაქტო შემოწმება) ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. როგორც წესი, ფრენის დროს არ დაიშვებიან გრიპის სიმპტომებისა და 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები. თუმცა, მეორე მხრივ, სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ტემპერატურა ნორმალურია.
ზუსტად განსაზღვრეთ აეროპორტში ყოფნის დრო!
ეპიდემიოლოგების განმარტებით, აეროპორტში 2 საათზე მეტის გატარება რეკომენდებული არ არის. ასევე გახსოვდეთ, რომ აეროპორტებში დაიკეტება მაღაზიები, ბარები და კაფეები, ამ უკანასკნელთ მხოლოდ მიწოდების მომსახურება შეიძლება ჰქონდეთ.
დაიცავით იგივე წესები, რომლებსაც სხვაგან ითვალისწინებთ!
- აუცილებლად ატარეთ პირბადე.
- ეცადეთ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიცვათ (სულ ცოტა, 2 მეტრი). განსაკუთრებით მოერიდეთ მათ, ვინც ახველებს ან აცემინებს.
- ხშირად და სწორად დაიბანეთ ხელები;
- სახეს ხელით არ შეეხოთ;
- არ შეეხოთ სხვა ადამიანებს;
- ხველების ან ცემინების დროს პირზე მოხრილი იდაყვი ან ხელსახოცი აიფარეთ.
თვითმფრინავში ანტისეპტიკური სითხე გამოიყენეთ!
სამედიცინო ორგანიზაციების რჩევაა, რომ აუცილებლად თან იქონიოთ ანტისეპტიკური სითხე (რათა გამოიყენოთ ის ჭამის წინ ან სახის შეხებამდე), თქვენთვის სასურველი მედიკამენტები (გაითვალისწინეთ, ზოგჯერ შეიძლება მოგთხოვონ რეცეპტი ან ექიმის ცნობა, რომ ეს წამლები თქვენთვის აუცილებელია) და ქაღალდის ხელსახოცები.
როგორც წესი, თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ახალი ხელთათმანები და ნიღბები (ავიაკომპანიის სავალდებულო რეზერვიდან) უნდა მოგაწოდონ. სასურველია, რომ ისინი ყოველ 2-3 საათში ერთხელ შეიცვალოს.
ფრენის დროს ეცადეთ, თქვენს ადგილზე დარჩეთ და დაფრენის შემდეგ თვითმფრინავის დატოვებას ნუ იჩქარებთ!
თვითმფრინავში ინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებული ობიექტისა (ტუალეტის სახელური, ხელსახოცი და ა.შ.) და ვირუსული ნაწილაკების საშუალებით. ისინი ჰაერში ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს ხვდებიან, ამიტომაც დარჩით ადგილზე და ეცადეთ, აუცილებელი საჭიროების გარეშე არსად გახვიდეთ. თუ ფრენის დროს საეჭვო სიმპტომები გამოგივლინდათ, ნუ ადგებით და ამის შესახებ ეკიპაჟის წევრებს დაუყოვნებლივ აცნობეთ.
თუ ჩემთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანი მგზავრობს, მე აუცილებლად გადამედება?
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მიიჩნევს, რომ ინფექციური თვალსაზრისით თვითმფრინავში ყოფნა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოფისში ან სავაჭრო ცენტრში. ეს ყველაფერი ჰაერის გაწმენდის კარგ სისტემაზეა დამოკიდებული. მსგავსი მტკიცებულებებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ამასთან, ავიამწარმოებლებიც აცხადებენ, რომ ასეთი ფილტრით ყველა თანამედროვე ავიალაინერია უზრუნველყოფილი. SARS-CoV-1-ის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, SARS-CoV-2-ით (იგივე ახალი კორონავირუსი) თვითმფრინავში ინფიცირების რისკი 3%-ს არ აღემატება.
თუ თქვენ გვერდით დაავადების აშკარა სიმპტომების მქონე ადამიანი ზის, ეს, რა თქმა უნდა, ინფიცირების რისკს ზრდის, თუმცა ზუსტი შეფასების გაკეთება რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ ბორტამცილებელს სთხოვოთ, სხვა ადგილზე გადაგიყვანოთ – სასურველია, რამდენიმე რიგით წინ ან უკან.
მზად იყავით, რომ აწი მარტივად არაფერი იქნება!
დიდი ალბათობით, ავიამიმოსვლის წესები ისევე შეიცვლება, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოხდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ მთელ მსოფლიოში მოქმედი ყველა ავიაკომპანიისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სანამ ფრენის დროს მგზავრების ინფექციისგან დაცვის სრული გარანტია არ არსებობს, ავიაკომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ სტრატეგიით, რომელიც უსაფრთხოების მთელი რიგი ზომების დაცვას გულისხმობს. აქ საუბარია შეზღუდვების სტანდარტულ ნაკრებზე: დეზინფექცია, ნიღბისა და ხელთათმანის ტარება, ტემპერატურის სკრინინგი, სოციალური დისტანცია, ხალხმრავალი ადგილების დახურვა და სხვ. თითოეული ეს ზომა ვირუსის გადაცემის რისკს მხოლოდ ოდნავ ამცირებს.
უსაფრთხოების ამ ზომებში არის ორი სუსტი წერტილი:
- არ არსებობს შესაძლებლობა, რომ აეროპორტები და ავიარეისები ვირუსის ყველა გამავრცელებლისგან დაიცვან. ეს გამოწვეულია იმით, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს ის უსიმპტომოდ გადააქვს ან მოგვიანებით უვლინდება.
- საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, სრული და ეფექტიანი სოციალური დისტანციის დაცვა თვითმფრინავებში შეუძლებელი იქნება, ამიტომაც ავიამიმოსვლების სრულად აღდგენის შემდეგ, მგზავრები და ავიაკომპანიის თანამშრომლები მაღალი რისკისა და დიდი დისკომფორტის გარკვეულ ნაზავს მიიღებენ. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, დროთა განმავლობაში შესაძლოა ინფიცირების რისკი შემცირდეს, მაგრამ მგზავრებისთვის უხერხულობა გაიზარდოს. საერთაშორისო რეგულატორის აზრით, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურებმა შეიძლება დანერგონ COVID-19-ზე ოპერატიული ტესტირება, რაც გამგზავრებამდე ან ჩამოსვლისთანავე ჩატარდება. ავიაკომპანია Emirates-მა უკვე განაცხადა, რომ დუბაის აეროპორტში ახალ კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება დაიწყება. ეს ახალი წესი, სავარაუდოდ, ვაქცინის შექმნამდე იქნება ძალაში.
imedinews.ge
კომენტარები