ქართველი ექიმი, რომელიც სტამბოლში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს
ქართველი ექიმი თეა თავაძე სტამბოლის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა. იგი რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს ფლობს.
თავის დროზე თეა თავაზემ დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.
თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის, ნესტან სოფაძის რჩევით მოხდა. იმ პერიოდში დეიდა თურქეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და ვმონაწილეობდი პრაქტიკულ სამუშაოებში.
იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.
ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?
ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ, თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.
„ჰიპნოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას – ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.
ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.
ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.
ჩემი მეუღლე ქემალ იემი (iyem), ირემაძე წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი, ნევზათ ირემაძე, გარდაცვლილია. იმ პერიოდში თურქეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბოლში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნესსაქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა…
თეონა გოგნიაშვილი
კომენტარები