ევროპული სილამაზის ქართველი ვარსკვლავი – ლია ელიავა
ოთარ კობერიძე: „მე დავინახე ჩემი ოცნება, ანგელოზური სახის ნაკვთებით...“
ქართული კინოს მშვენება, დიდებული მსახიობი ლია ელიავა ორ ათეულ წელზე მეტია ფიზიკურად აღარ გვანებივრებს თავისი მომაჯადოებელი ღიმილითა და ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებით, მაგრამ საკმარისია მისი სახელისა და გვარის ხსენება, რომ სილამაზის, სითბოს და სიყვარულის ვიბრაციები ვიგრძნოთ. მის სილამაზეზე ლეგენდები დადის. მეტიც, გასული საუკუნის 70-იან წლებში ლია ელიავა წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და „წლის სახედ“ დასახელდა, პოლონური ჟურნალის, „ეკრანის“ საახალწლო ნომრის გარეკანს კი მისი ფოტო ამშვენებდა.
აღარაფერს ვამბობთ ფილმებზე – უნიჭიერესმა მსახიობმა შეძლო თავისი კეთილშობილი სული და ყველასგან განსხვავებული პლასტიკა ეკრანზე გადაეტანა და ქართველი (და არა მარტო) მაყურებლის გული მოენადირებინა. ამ ფილმების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე მათგანს მაინც გამოვყოფთ: „ჩრდილი გზაზე“, „ბაში-აჩუკი“, „მამლუქი“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „ზღვის შვილები“, „მალე გაზაფხული მოვა“, „ლაზარე“, „გაქცევა განთიადისას“, „დათა თუთაშხია“, „წიგნი ფიცისა“, „სპირალი“, „ანთიმოზ ივერიელი“… ეს უკანასკნელი თავად მსახიობს არ უნახავს – ფილმი ლია ელიავას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 2001 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
ტრაგიკული ბავშვობა და ასრულებული ოცნება
ლია ელიავა 1934 წლის 28 მაისს თბილისში დაიბადა. მომავალი მსახიობის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ძალიან პატარა იყო, მამამისი – შალვა ელიავა, რომ დახვრიტეს (შალვა ელიავას გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრად. 1937 წ. გერმანიის ჯაშუშობაში, დივერსიების დაგეგმვასა და მსგავს „ფაქტებში“ დაადანაშაულეს), დედა, ეკატერინე კერესელიძე კი ციმბირში გადაუსახლეს. პატარა ლია ბებიასა და პაპასთან იზრდებოდა და გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას უკვე ჩვიდმეტი წლის ულამაზესი ქალიშვილი დახვდა. მერე თავად ლია ჰყვებოდა, როგორ გაუჭირდა მისთვის „დედა“ დაეძახა: „პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი“.
მსახიობობა ბავშვობიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდითო, იხსენებდა. „ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე“.
ოცნება დაიწყო და აისრულა კიდეც: 1955 წელს მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი („გიტისი“) დაამთავრა. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. მისი კინოდებიუტი 1956 წელს შედგა რეჟისორ დავით რონდელის ფილმში „ჩრდილი გზაზე“ (ნინო).
კინოს გარდა, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა როგორც კოტე მარჯანიშვილის, ისე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში; 1960 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
ბაში-აჩუკი: „ეს ქალი ჩემი უნდა იყოს!“
მაყურებლის გულის მოსანადირებელი თვისებები მსახიობს ბუნებით ჰქონდა მომადლებული. ახლო ხედით ჩვენებისას მისი თვალები სასწაულს ახდენდა და ახდენს დღესაც. დიდი, მეტყველი, წრფელი თვალები… ამ თვალებმა დანახვისთანავე დაატყვევა ოთარ კობერიძე – „ბაში-აჩუკი“, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს დაიძინა და მეორე დღეს ერის გმირად გაიღვიძა. ეს იყო 1956 წლის 10 დეკემბერს, როდესაც თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე პირველად გამოჩნდა რეჟისორ ლეო ესაკიას ფილმი „ბაში-აჩუკი“, სადაც ოთარ კობერიძე მთავარ როლს ასრულებს, ლია ელიავა კი – ტყუპ დებს, პირიმზისას და პირმთვარისას განასახიერებს. წყვილმა სწორედ „ბაში-აჩუკის“ გადაღებისას გაიცნო ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდეც.
„ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. უფალმა საოცარი სინათლე დამაფრქვია ზემოდან და რაღაც ცეცხლოვანი, ალისფერი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში“, – მითხრა ოთარ კობერიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც მომავალ მეუღლესთან შეხვედრის პირველ წუთებს იხსენებდა:
„ღამის გადაღება გვქონდა და დაღამებას ველოდებოდით.Mმანამდე ესაკიას ვეუბნებოდი: ვინ არის მთავარ როლში, მე თუ ლია ელიავა, სად არის ამდენ ხანს, რატომ არ მოდის-მეთქი? ბატონმა ლეომ ყალიონი გააბოლა და მითხრა: „როცა გამოჩნდება, ოთარ ჩემო, ნახავ, ვინც არის“. გამოჩნდა და… მე დავინახე ჩემი ოცნება, ანგელოზური სახის ნაკვთებით – ჩემი ლია… იმ საღამოს სიგრილე იყო, მთელი ღამე ცეცხლი გვენთო, ვტკბებოდით და მე რატომღაც მთელი ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი მას. ყურადღებით მისმენდა. სწორედ მაშინ ვთქვი გულში: „ეს ქალი ჩემი უნდა იყოს!“ – და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მისი სიყვარული დამემსახურებინა. ლიაზე ცხრა წლით უფროსი ვიყავი. მას არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ მერე ალბათ დააფასა ჩემი კეთილშობილური დამოკიდებულება, დიდი სიყვარული მის მიმართ და ჩვენ დავქორწინდით.
ფილმის გადაღება 1956 წელს დაიწყო, 1958 წელს კი უკვე ერთად ვიყავით… არაჩვეულებრივი მეუღლე და პარტნიორი იყო. ერთი კარგი ჩვევა გვქონდა მეც და ლიასაც: გადასაღებ მოედანზე გვავიწყდებოდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, თუმცა ვერც სცენარისტებმა და ვერც რეჟისორება სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩვენი დუეტი. უცხოეთში რომ ვყოფილიყავით, ალბათ ამ დუეტზე ფილმი კი არა, ფილმები შეიქმნებოდა… სამწუხაროდ, შურის გრძნობამ ბევრი რამ დაგვაკლო და ლია ძალიან გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან. ჩემი ლია იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ქართველი ქალის ინტელექტი წარმოაჩინა ეროვნულ კინოში, ხოლო ეპიზოდი ტელეფილმში „დათა თუთაშხია“, პოლიციელები რომ შემოდიან და ლია (ფილმში თაკო ორბელიანი) იცავს დათას, ჩემთვის უმაღლესი მწვერვალია მსახიობური ნიჭისა და თვისებებისა…“
„მართალი ხარ, ოთარ!“
ოთარ კობერიძეზე ქალები ლამის ჭკუას კარგავდნენ – წერილებს წერდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, ყველგან სიყვარულს უხსნიდნენ… იგივე ხდებოდა ქალბატონ ლიასთან დაკავშირებითაც – მამაკაცები გიჟდებოდნენ მასზე. ეს, ცხადია, იცოდა ბატონმა ოთარმა, მაგრამ ამის გამო მათ სიყვარულს ეჭვიანობის ჭია არასოდეს გასჩენია. ორივე ნორმალურად ხვდებოდა ნებისმიერ მსგავს შემთხვევას და ყოველ დღეს ერთმანეთის უზომოდ დიდ სიყვარულში ატარებდნენ. „მე სულიერად ლიასთვის არასოდეს მიღალატია, და მით უმეტეს, საყვარელი არასოდეს მყოლია“, – ამბობდა ბატონი ოთარი.
თუმცა ალბათ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ოთარ კობერიძესაც ჰყავდა მეუღლე და ლია ელიავასაც. იგი მოსკოვში სწავლის დროს დაქორწინებულა ქართველ ჟურნალისტზე, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი გარეგნობის მამაკაცი ყოფილა, თუმცა მათი ოჯახური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა – ერთმანეთს სულ რაღაც ერთ წელიწადში დასცილებიან. ოთარ კობერიძეც უკვე გაცილებული იყო პირველ მეუღლეს, „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, როდესაც ლია ელიავა ცოლობაზე დასთანხმდა. ქორწილი არ გადაუხდიათ.
„პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა გვყავდა“, – ამბობდა ლია ელიავა.
ლია ელიავას საკუთარ შვილად მიაჩნდა გია კობერიძეც – ოთარ კობერიძის შვილი პირველ მეუღლესთან. საერთოდ, ძალიან თბილი და გულღია ადამიანი იყო, სიკეთითა და სიყვარულით სავსე.
მისი საოცნებო როლები ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე იყო. „თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა, მაგრამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. გული დასწყდა, მაგრამ როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.
თუ თავისუფალი დრო ჰქონდა, კითხვაში ატარებდა, ან კლასიკურ მუსიკას უსმენდა. უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა, ხშირად დადიოდა რაიონებსა და სოფლებში და ალბათ ამიტომაც იყო მის დაკრძალვაზე უთვალავი ხალხი. სამწუხაროდ, მას შემდეგ არაერთი ცნობილი და ხალხის საყვარელი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ პირადად მე ხალხის ისეთი უზღვავი რაოდენობა არცერთის დაკრძალვაზე არ მინახავს. მახსოვს, ამბობდნენ კიდეც, ამდენი ხალხი ერთი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე იყო და მეორე – ლია ელიავას დაკრძალვაზეო.
ლია ელიავა 1998 წლის 8 ოქტომბერს, ინფარქტით გარდაიცვალა – ძილში გაუსკდა გული.
მას შემდეგ ოთარ კობერიძე ყოველ წელს საყვარელ მეუღლეს დაბადების დღესაც აღუნიშნავდა ლიას მეგობრების წრეში და, ტრადიციულად, გარდაცვალების დღესაც უფალს ავედრებდა მის სახელს: „ჩემს ლიას ვუხდი ხოლმე დაბადებისა და გარდაცვალების დღეებს, ვლოცულობ, მივდივარ მის საფლავზე, ვანთებ სანთელს და უფალს მის სახელს ვავედრებ. იქ [სასაფლაოზე] ვამბობ ხოლმე ყველაფერ იმას, რასაც სხვა დროს არასოდეს არავისთან ვლაპარაკობ. ლია მისმენს და მეუბნება: „მართალი ხარ, ოთარ!“… ვფიცავ უფალს, მე მესმის, როგორ მიხდის მადლობას იმ სიმართლისთვის, რა სიმართლითაც ვცხოვრობ ამქვეყნად“…
უკვე ხუთი წელია, ეს ულამაზესი წყვილი იმქვეყნად ერთადაა. ნათელი მათ სულებს!
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები