ჩვენი ფავორიტიშეუცნობელი

სიზმრად ნანახი დედა და ფაშისტების ტყვეობიდან თავდახსნილი ქართველი ჯარისკაცის საოცარი ისტორია

მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი ნამდვილი ამბავი

საოცარი ისტორია, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მომღერალმა ელდარ გეწაძემ გვიამბო. ეს ამბავი მის სიმამრს, ილია მახაშვილს მეორე მსოფლიო ომის დროს გადახდენია თავს.

ელდარ გეწაძე

ელდარ გეწაძე: ილია მახაშვილი ოფიცერი იყო – ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა ფრონტზე. მათი შენაერთი ყირიმში იდგა. მოგეხსენებათ, ყოფილმა საბჭოთა კავშირმა გერმანელებისგან პირველი დარტყმა სწორედ ყირიმში მიიღო და ეს დარტყმა საკუთარ თავზე, უპირველეს ყოვლისა, ქართულმა ბატალიონმა აიღო. ბრძოლის დროს ილია მახაშვილი დაიჭრა. ტყვიამ გულთან ახლოს გაუარა და ფილტვში ჩარჩა – სიკვდილამდე ატარა ეს ტყვია. დაჭრილი, გერმანელებმა მისივე თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს. იგი ნავარჯიშევი, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი კაცი ყოფილა (მოჭიდავე) და როდესაც გერმანელებმა ტყვეები თან წაასხეს, გზის რაღაც ნაწილი ფეხით უვლია. ბოლოს ვეღარ გაუძლია და წაქცეულა.

მოგეხსენებათ, ამ დროს თუ ვინმე წაიქცეოდა, გერმანელები მას იმწუთასვე კლავდნენ. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ახლომახლო ბადრაგი არ მიჰყვებოდა და სანამ გერმანელები გაიგებდნენ, რომ ვიღაც წაიქცა, ამასობაში ტყვეებს შორის მისი თანაკლასელი აღმოჩენილა, წაქცეული ილია დაუნახავს და ზურგზე აუკიდია. „თუ შენც დავარდები, ორივეს მოგკლავთო“, – უთქვამთ გერმანელებს, მაგრამ კახელი კაცი ბავშვობის მეგობარს როგორ მიატოვებდა?! სისხლისგან დაცლილი ილია თითქმის მთელი დღე ზურგით უტარებია ამ კაცს. ბოლოს, როგორც იყო, მიუღწევიათ გერმანელებს საველე ჰოსპიტლამდე და სადღაც კარავში დაუგდიათ. იქაც, ბედად, ექიმი ქალი ქართველი აღმოჩენილა, თანაც მისი მეგობრის და, რომელიც ასევე ტყვედ ყოფილა ჩავარდნილი და, როგორც ექიმი, საბჭოთა ტყვეებს მკურნალობდა. მას თავისი სისხლი გადაუსხამს ილოსთვის, რომელიც ამის შემდეგ ძალიან სწრაფად მომჯობინებულა.

იმ პერიოდში გერმანელები თურმე რაღაც სანახაობებს ატარებდნენ. ერთი გოლიათი ჰყოლიათ, რომელსაც ვერცერთი მოჭიდავე ვერ ერეოდა. ილო მახაშვილი, მართალია, პატარა ტანის, მაგრამ ჯმუხი და საკმაოდ მოხერხებული კაცი ყოფილა. შეუხედავს ამ გოლიათისთვის და უთქვამს: „მე ვეჭიდავებიო“. რამდენიმე წუთში წაუქცევია ეს ზვინივით კაცი. მას შემდეგ გერმანელები, როგორც თავიანთ ყოჩს, ისე აჭიდავებდნენ ხოლმე, ამიტომ, მეტი ძალა რომ ჰქონოდა, პურის გამანაწილებელ პუნქტში გაუმწესებიათ. ილო თურმე პურის ნამცეცებს აგროვებდა, გარეთ ჯიბით გამოჰქონდა და თავის მეგობრებს უნაწილებდა. ეს ფაქტი შემდგომში დიდად დაეხმარა, რომ ციმბირში არ გადაესახლებინათ.

მოგეხსენებათ, ტყვედჩავარდნილებს მაშინ ციმბირში ასახლებდნენ (ჩამოსვლის შემდეგ), მაგრამ ილიას მთელი ბანაკი მოწმედ დადგომია, მაგის გადარჩენილები ვართო და ამით თავადაც გადარჩენილა… მოკლედ, უკვე ჯანზე მოსულს, გაქცევა გადაუწყვეტია და გაქცეულა კიდეც, მაგრამ ზონას გასცდენია თუ არა, გერმანელებს ისევ დაუჭერიათ, უკან მიუბრუნებიათ და სასიკვდილო კამერაში შეუგდიათ, სადაც მხოლოდ ფეხზე მდგარი თუ გაჩერდებოდა კაცი, ისეთი ვიწრო ყოფილა. მეორე დილას დასახვრეტად უნდა წაეყვანათ.

„არ ვიცი, ფეხზე მდგომს როგორ ჩამეძინაო, – ჰყვებოდა თურმე შემდგომში ილია. – სიზმარში დედა ვნახე, ნუ გეშინიაო, მითხრა, ძუძუ ამოიღო და მომაწოვა, ძალა მოგემატებაო“.

სიზმარმა ილია გამოაღვიძა და უცებ კედლის მეორე მხრიდან რაღაც ხმა მოესმა. თურმე პოლონელ პარტიზანებს მისი ამბავი შეუტყვიათ და ილოს გადარჩენა განუზრახავთ. მათ მართლაც მოუხერხებიათ მისი გადარჩენა – იმ ღამეს კედელი გამოუჭრიათ და უკანა მხრიდან გაუპარებიათ ქართველი ტყვე. რამდენიმე თვე პოლონელ მღვდელთან უზარმაზარ ორმოში (ორმოს ზემოდან პალმა ყოფილა დადგმული) მალავდნენ თურმე, შემდეგ კი პარტიზანებთან წასულა და მათთან ერთად იბრძოდა.

ახლა კი იმ პერიოდს დავუბრუნდეთ, როდესაც ილიამ სიზმარი ნახა, თუ როგორ მოაწოვა დედამ ძუძუ და სოფელ ანაგაში გადავინაცვლოთ, სადაც იგი ყველას დაღუპული ეგონა…

ერთ დღეს ილოს დედა თურმე ხმამაღლა აყვირდა: „ჩემი შვილი ცოცხალია, ახლა მე მას ძუძუ მოვაწოვეო“. სწორედ ამ დროს ჭიშკართან ფოსტალიონი გამოჩენილა, რომელმაც დეპეშა მიუტანა – დედის გარდაცვალებას აუწყებდნენ. მეზობლებმა უთხრეს, ამაზე აგიხდა სიზმარიო, მაგრამ ილოს დედა მაინც თავისას იმეორებდა და, მგონი, არც უგლოვია, ისე ყოფილა გახარებული და თავის ნათქვამში დაჯერებული.

როდესაც ილია ფრონტიდან დაბრუნდა, ცხადია, თავისი სიზმრის შესახებაც მოყვა და დაამატა, დედაჩემმა მომცა ძალა, რომ გადავრჩენილიყავიო. ირგვლივმყოფებმა მაშინვე გაიხსენეს დედამისის ნათქვამიც და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთსა და იმავე დღეს მოხდა. შეცდომა გამორიცხული იყო – ილიას თავისთავად კარგად ახსოვდა ის დღე, რადგან მეორე დილით სიკვდილით უნდა დაესაჯათ, დედამისს კი დედის გარდაცვალების დღეს რა დაავიწყებდა?!

აი, ასეთი უცნაური ამბავი გადახდა თავს ილია მახაშვილს, რომელიც ოთხმოცდასამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

* * *

ომი ურთულესი სიტუაციაა ადამიანის ცხოვრებაში და ალბათ შემთხვევითიც არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს ისეთი მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში შესაძლოა არც გამოვლინდეს. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ეს ისტორია, რომელიც ზემოთ გიამბეთ – უახლოეს ადამიანთა შორის უხილავი, გნებავთ, ტელეპათიური კავშირები ნამდვილად არსებობს; დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა ხდება ამ დროს, დღემდე ვერავინ შეძლო, თუმცა არსებობს ძალზე ყურადსაღები მოსაზრებები – მაგალითად, მეცნიერები თვლიან, რომ დედა-შვილს შორის კავშირი მთელი ცხოვრების მანძილზე არ ქრება. აქ ფიზიკურ მანძილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, მათი აზრით, ეს კავშირები ასტრალურ სფეროში გრძელდება.

მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთი კავშირის არსებობა ადამიანში ჩადებული ერთ-ერთი ის თვისებათაგანი უნდა იყოს, რომელიც არასაჭიროების გამო ამჟამად იშვიათად ვლინდება, ერთ დროს კი, ადამიანის ევოლუციის გარიჟრაჟზე, ეს თვისება მას სიცოცხლესაც კი უნარჩუნებდა. „გამორიცხული არ არის – ამბობენ მეცნიერები, – ეს თვით ადამიანის გენებში იყოს ჩაწერილი და როდესაც ადამიანის გენომი საბოლოოდ გაიშიფრება, მაშინ ამ თვისების შესახებ გაცილებით მეტი გვეცოდინება“.

ადამიანი დაბადებამდე ცხრა თვის განმავლობაში ერთგვარი არხით, ჭიპითაა დაკავშირებული დედის სხეულთან. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ფიზიკური კავშირის გარდა, იგივე არხის საშუალებით დედასა და ბავშვს შორის სხვა, ენერგეტიკული კავშირიც არსებობს, რომელიც ფიზიკური კავშირის გაწყვეტის შემდეგაც უცვლელი რჩება. ასე რომ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, კავშირი მუდმივად არსებობს და საკმარისია, დედა ან შვილი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ ამ კავშირის საშუალებით ინფორმაცია მაშინვე გადაეცემა მეორე მხარს. მსგავსი მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები მრავლადაა ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციის მიღების გზებს, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია: ზოგი სიზმარს ხედავს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგს რაღაც გამოუცნობი წინათგრძნობა უჩნდება, ზოგი პირდაპირ ხედავს მოვლენას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ალბათ ყველაფერი ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ცხადია: ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში ადამიანი დარწმუნებულია, რომ სიზმარში ნანახი თუ ნაგრძნობი – რეალობაა. ეს რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომლის მსგავსიც სხვა დროს არასოდეს ვლინდება…

მეცნიერთა აზრით, ასეთი კავშირი ჯერაც უცნობი ბუნების ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებით უნდა ვრცელდებოდეს. უკანასკნელ წლებში გაჩნდა ახალი – ლეპტონური ველების თეორია, რომლის თანახმადაც,ერთხელ წარმოქმნილი ეს ველი აღარასოდეს ქრება, ესე იგი, კავშირი მას შემდეგაც უნდა გრძელდებოდეს, როდესაც, მაგალითად, მშობელი გარდაცვლილია.

მსგავსი მაგალითების მოყვანაც მრავლად შეიძლება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარდაცვლილი მშობელი შვილის კრიტიკული მდგომარეობის დროს მოჩვენების სახითაც კი გამოჩენილა. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ზოროასტრთა უძველესი ცოდნა წინაპართა მხრიდან მუდმივი კავშირის შესახებ  სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ამ მიმართულებით ინტერესი უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა… იქნებ სწორედ ამაზეა დაფუძნებული ის უძველესი ჩავეულებები, რომლებიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება? დაზუსტებით ვერც ამჯერად ვიტყვით ვერაფერს, თუმცა ერთი რამ ცხადია – უხილავი და, პრაქტიკულად, მუდმივი კავშირი მართლაც უნდა არსებობდეს და ამის შესახებ შესაძლოა ჩვენმა წინაპრებმა გაცილებით მეტი იცოდნენ…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close