fbpx
მედიცინაინტერვიუ

C ჰეპატიტის პროგრამიდან COVID 19-ის ეპიდემიამდე – ქართველი ექიმები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

ინტერვიუ ვალერი კვარაცხელიასთან

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა, პანდემიის დროს აღმოაჩინა, რომ  ქართველმა ექიმებმა  Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთი რამ შეძლეს, რამაც მსოფლიო გააოცა. როგორც ჩანს, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რა უძღოდა წინ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას და როგორ დაამარცხეს სწორედ ამ ექიმებმა ის უმძიმესი დაავადება, რომელმაც არაერთი ადამიანი იმსხვერპლა… იმდენად ბევრის, რომ სტატისტიკის შედარებაც კი არარელევანტულია ახალ კოვიდ 19-ის ლეტალურ შედეგებთან. მაშინაც ამ დიდ გამოწვევას თენგიზ ცერცვაძე და მისი გუნდი ჩაუდგა სათავეში.

„დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე ბატონ თენიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობს ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა როგორც დიდ მიღწევაზე ამერიკული მედიცინის.  არ გამიკვირდა და იცით რატომ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ დებატების რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ ჰარვონთან დაკავშირებით.

არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი C-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ.

პირველად მსოფლიოში ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის ჰარვონით მკურნალობა (შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია). ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ(ეხლა ამის დრო არ არის). დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე“, – ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ.

C ჰეპატიტის პროექტის წარმატებაზე ის შედეგი მეტყველებს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა „გილიადმა“ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა. საქართველოში 68 000-ზე მეტი ადამიანი სამუდამოდ განიკურნა ამ სენისგან.

რა წვლილი მიუძღვით ქართველ ექიმებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, როგორ დაიწყო მოლაპარაკებები და რატომ აირჩიეს პატარა საქართველო იმ უდიდესი პროგრამის განსახორციელებლად, რომელსაც არაერთი ქვეყანა ელოდებოდა რიგში, ამის შესახებ  „აიპრესი“ საქართველოს ელჩს ბელარუსში, პროფესიით ექიმს, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელს, ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა..

ვალერი კვარაცხელია: იცით, ვფიქრობ, რომ ადამიანებმა ვერ გაითავისეს C ჰეპატიტის  პროგრამის სიდიადე იმის გამო, რომ  არ იყო ისეთი აჟიოტაჟი ატეხილი მსოფლიოში, როგორიც დღეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ  თუ ციფრებში შევალთ, C ჰეპატიტი  არანაკლები პრობლემა იყო ქვეყნისთვის, ვიდრე  დღეს კორონავირუსია.

C ჰეპატიტით დაავადებული იყო ძალიან ბევრი და ადამიანები ვერ მკურნალობდნენ. თავიდან ვერ მკურნალობდნენ იმიტომ, რომ არ არსებობდა C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება. მას შემდეგ, რაც გამოჩნდა „ინტერფერონი“, უმეტესობა  ვერ მკურნალობდა იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირდა.

C ჰეპატიტის პროგრამა ჩვენით არ დაწყებულა. პროგრამას ჰქონდა წინა პერიოდი, რომლის გამოც ჩვენ საშუალება მივიღეთ, რათა გვემკურნალა ამ უნიკალური პრეპარატებით.

რატომ მაინცდამაინც საქართველო? 5 მიზეზი, რის გამოც „გავიმარჯვეთ“…

ვალერი კვარაცხელია: მეკითხებოდნენ საზღვარგარეთ, რატომ მაინცდამაინც საქართველო?! რატომ არა სხვა?! ხომ შეიძლება მიეცათ სხვისთვის, სხვა ბევრ ქვეყანასაც ჰქონდა ეს პრობლემა, მონღოლეთს, უკრაინას და დღესაც აქვთ.

ხუთი რამის გამო მოგვცეს C ჰეპატიტის პროგრამა:

ვალერი კვარაცხელია და სოფოსბუვირის შემქმნელი პროფესორი შინაზი

პირველი: ჯერ კიდევ  2011-2012 წლებში, საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის  მკურნალობა შიდსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, დაახლოებით 475-მა პაციენტმა მიიღო C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა. ეს არის 2011-2012 წლები. ამ პროგრამასაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები.

ძირითადი და პირველი მიზეზი, რის გამოც ეს პროგრამა მოგვცეს, იყო ის, რომ 2013 წელს, მაშინ  ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ემკურნალათ C ჰეპატიტით დაავადებულებისთვის უფასოდ ინტერფერონით.

ციხეებში უამრავი ადამიანი იყო ინფიცირებული 2013 წელს, ვერ მკურნალობდნენ. ეს პროგრამა შეიქმნა და  დაიწყო მკურნალობა.

ჩვენ როცა ვთხოვდით ამერიკელებს, მოგვეცით საშუალება გავაკეთოთ C ჰეპატიტის პროექტი, ისინი ითვალისწინებდნენ იმას, რომ საქართველომ ეს შეძლო და გააკეთა 2013 წელს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე: კვლევები გვქონდა გაკეთებული და ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრი დაავადებული იყო საქართველოში.

მესამე: საქართველო იყო პატარა ქვეყანა, შეიძლებოდა იმ შედეგის მიღწევა, რაც მსოფლიოსთვის იქნებოდა გამაოგნებელი! დიდ ქვეყანაში ამის მიღწევა უფრო რთულია.

მეოთხე: ეს იყო ჩვენი სამედიცინო პერსონალის და პირადად ბატონი თენგიზ ცერცვაძის ფაქტორი. ჩვენი ინფექციონისტების მიღებული საოცარი შედეგები შიდსის მკურნალობის და, ასევე, პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობის დროს. ამის შესახებ იცის მსოფლიომ, იცოდნენ ამერიკაშიც და ეს, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც მოგვცეს C ჰეპატიტის პროგრამა.

მეხუთე: საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ თქვა: თქვენ მოგვეცით წამალი, დანარჩენი ხარჯები, რაც არის, ამას ვიღებთ ჩვენs თავზეო. ეს იყო ლოჯისტიკა, დიაგნოსტიკა, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და უამრავი სხვა რამ, რაც სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.

აი ამ ხუთი არგუმენტით დავდიოდით ჩვენ მოსალაპარაკებლად. ბატონი დავით სერგეენკო ჩავიდა ამერიკაში, ესაუბრა შესაბამის პირებს და შემდეგ უკვე მე ჩავერთე, ვიყავი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი, ამიტომ მიწევდა ხშირად ურთიერთობა და მივიღეთ ეს პროექტი.

ელიმინაციის პროექტი საქართველოსთვის – საიდან გაჩნდა იდეა

ვალერი კვარაცხელია: 2014 წელს, 9 აპრილს, გაიმართა კონგრესი ლონდონში, სადაც ბრძანდებოდნენ საქართველოდან ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე, დანარჩენი ზუსტად არ მახსოვს.

ბატონი თენგიზ ცერცვაძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ თქვენ მოგვცემთ იმ მედიკამენტს, რომელიც უკვე ცნობლია რომ არსებობს, (სოფოსბუვირზე იყო მაშინ საუბარი, რომელიც „გილიადმა“ გამოუშვა და FDA-მ აღიარა, როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი), დანარჩენს ჩვენს თავზე ავიღებთო.

და აი, აქ გაიჟღერა პირველად სიტყვამ – ელიმინაცია. ელიმინაცია არის აღმოფხვრა. ეს იყო პირველად გაჟღერებული იმიტომ, რომ ვირუსული დაავადებების აღმოფხვრის პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში დღემდე.

აღმოიფხვრა ჩუტყვავილა, მალარია, სხვა ბევრი დაავადება, მაგრამ ვირუსული დაავადების აღმოფხვრის პრეცედენტი არ არსებობდა. ეს, რა თქმა უნდა, იყო რევოლუციური ნათქვამი, რითაც დაინტერესდა ამ კონგრესზე მყოფი „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი და ამერიკის CDC-ს ხელმძღვანელობა. იქვე გაიმართა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, ბატონ თენგიზ ცერცვაძესა და ამირან გამყრელიძესთან ერთად.

2015 წელს უკვე ბატონი დავით სერგენკოს ვიზიტი იყო ამერიკაში, იქიდან  ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ თემაზე საუბარი შეიძლებოდა,  თუმცა ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი პროგრამის მისაღებად. ამ დროს გახლდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და მინდა გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება – კერძო სექტორიდან, სადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს, წავსულიყავი სახელმწიფო სექტორში, იმით იყო განპირობებული, რომ ბატონმა დავით სერგეენკომ მითხრა, ასეთი პროექტის გაკეთება გვინდა და ამას სჭირდება ხელმძღვანელიო.

საწყობი წამლებისთვის – რის დაჯერებას სთხოვდა ქართული მხარე „გილიადის“ პრეზიდენტს

როგორც ჩვენი რესპოდენტი ყვება, მოთხოვნები იყო ძალიან დიდი, ვინაიდან საქმე ეხებოდა ძალიან ძვირადღირებულ წამალს, დაცვისა და შენახვის მოთხოვნები იყო უპრეცედენტო.

ვალერი კვარაცხელია: მინდა გითხრათ, რომ საწყობიც კი არ გვქონდა მზად იმისთვის, რომ ეს პრეპარატი მიგვეღო. როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, უამრავი საწყობი ვნახეთ, არცერთი არ აკმაყოფილებდა პირობებს. ჩამოვიდა ჯგუფი „გილიადიდან“ და უნდა ენახათ, ვიყავით თუ არა მზად, ჩვენ  კი საწყობიც არ გვქონდა. პატარა ავანტიურაზე წავედი და ვანახე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის საწყობი, რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით,  „გილიადს“ვუთხარი რომ ამას გამოვათავისუფლებდით, 400 კვადრატულ მეტრს, თუ თანახმა იქნებოდნენ.

თუმცა, იმავე დროს, ნარკოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე ვაკეთებდით საწყობს, სადაც მხოლოდ რემონტი იყო დაწყებული. ვუთხარი ამ ხალხს: მე ახლა ერთ ადგილას წაგიყვანთ და გაჩვენებთ რაღაცას, ოღონდ უნდა დაგვიჯეროთ, თუ ამას დაგვიჯერებთ, ჩვენ კარგ რაღაცას შევძლებთ, თქვენ ოღონდ დაგვიჯერეთო.

წავიყვანეთ, შესასვლელი კი მოეწონათ, მაგრამ საწყობი რომ ნახეს, გულზე შემოეყარათ. „სტიაშკა“ და კედლები იყო მარტო გაკეთებული. ეს ხდება მარტის ბოლოს- აპრილის დასაწყისში, 20-21-ში უნდა ჩამოვიდეს „გილიადის“ პრეზიდენტი და ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას.

ვუთხარი, 15 აპრილს  ეს საწყობი  მზად იქნება  წამლების მისაღებად-მეთქი. რა თქმა უნდა, შემომხედეს, როგორც გიჟს. კაი კაცი ხარ, მაგრამ ამას ვერ დავიჯერებთო. 2 დღე კიდევ იყვნენ თბილისში, ერთად ვიყავით, იყო ქართული შეხვედრები, ბოლოს გვითხრეს, რომ ჩამოვიდოდნენ 20 აპრილისთვის.

ჩვენი მეგობარია, შეგიძლიათ დაურეკოთ, გრემ რობერტსონი, „გილიადში“ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი და ძალიან კარგი ადამიანი, ბევრი სიკეთე აკეთა ჩვენთვის, დღემდე ვმეგობრობთ. ხშირი ურთიერობა გვაქვს.

იმდენად დაიძაბა თვითონ ამ საწყობის ამბავზე, 20-ში რომ უნდა ჩამოსულიყო, 15-ში ჩამოვიდა, რომ ენახა, რა ხდებოდა. დახვდათ გამზადებული საწყობი!  ჩვენ მართლაც დღედაღამე ვიმუშავეთ, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, დილის 05:00 საათზე მივდიოდით საწყობში და ღამის 02:00 ზე გამოვდიოდით იქედან. ეს ყველაფერი გაკეთდა!

თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად თქვა: ჩემთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს, ამ ხალხს უნდა ვუმკურნალოთ!

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც ვალერი კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, კლინიკური ჯგუფს კი, რა თქმა უნდა, თენგიზ ცერცვაძე.

ვალერი კვარაცხელია და „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი ბარსელონაში ხელს აწერენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს

2015 წლის 23 აპრილს  საქართველოში ჩამოვიდა „გილიადის“ პრეზიდენტი და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას  საქართველოს მთავრობასა და „გილიადს“ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის მემორანდუმზე.

ვალერი კვარაცხელია: ეს იყო პირველი ერთწლიანი პროგრამა, სადაც გვპირდებოდნენ, 5 ათას პაციენტზე მოგცემთ მედიკამენტს და თუ ისე გააკეთებთ ყველაფერს, როგორც საჭიროა, მერე ვისაუბროთ C ჰეპატიტის ელიმინაციაზეო. როცა ამბობენ, რომ 2015 წლის აპრილში დაიწყო ელიმინაციის პროგრამა, არასწორია. ეს იყო ხელშეკრულება 1-წლიანი გამოსაცდელი ვადით.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი თენგიზ ცერცვაძის წვლილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოლემიკა გვქონდა შიგნით კომიტეტში. ამ 5 ათას პაციენტში იყვნენ უიმედო პაციენტები, რომლებსაც უმძიმესი გართულებები ჰქონდათ ცეროზით, გულის, ღვიძლის უკმარისობით.  ფაქტობრივად, ასეთ პაციენტებს არავინ მკურნალობდა. ზოგი ამბობდა, ნუ გავუგზავნით „გილიადს“ ამათ მონაცემებს, შეიძლება გაბრაზდნენ, რომ ამ წამალს ვხარჯავთ ტყუილად და შემდეგში პრობლემა შეგვექმნასო. მაშინ თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად თქვა: ჩემთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს, ამ ხალხს უნდა ვუმკურნალოთო!

თენგიზ ცერცვაძის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეყვანა ეს პაციენტები პროგრამაში და ვუმკურნალეთ მათ. მივიღეთ საოცარი შედეგი, ყველა ვერ განვკურნეთ, მაგრამ რაღაც ნაწილი განიკურნა, ერთი განკურნებული იცით რამდენს ნიშნავს?!

რატომ გიყვებით ასე დეტალურად? იმიტომ, რომ ასეთი პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ამაში ბატონი თენგიზ ცერცვაძის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან თქვა ეს სიტყვა!

ბრძოლა ჰარვონისთვის – უპრეცედენტო, 15-მილიარდიანი პროექტი საქართველოსთვის!

ამის შემდეგ 1 წელიც გავიდა… ამ დროს ცნობილი ხდება, რომ  „გილიადმა“ გამოუშვა ახალი თაობის პრეპარატი ჰარვონი, რომლითაც გამოჯანმრთელების მაჩვენებელი იყო 95-98%.

„გილიადის“ ოფისი ამერიკაში; პირველი ქართველი, რომელსაც ჰარვონი უჭირავს ხელში

ვალერი კვარაცხელია: რა თქმა უნდა, დავიწყეთ საუბარი ჰარვონთან დაკავშირებით. ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ბატონი ამირან გამყრელიძე, მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვიყავი ამ საკითხში ჩართული. მივიღეთ თანხმობასავით, თუმცა ბოლომდე არა.

„გილიადმა“ თქვა, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ სწორად, ძალიან კარგად, ამას წინ უძღვოდა 2 კონგრესი, ერთი ვენაში და მეორე ამერიკაში, სადაც ჩვენ გამოვედით, ვისაუბრეთ, თუ რა გავაკეთეთ. თქვეს, რომ აღარ დაიცდიდნენ და  ბარსელონაში მოეწერა ხელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების კონტრაქტს.

საქართველოდან ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და კლინიცისტები იყვნენ ჩემთან ერთად, მაია ბუწაშვილი და სხვები. „გილიადის“ მხრიდან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. მოეწერა ხელი უნიკალურ კონტრაქტს 15 მილიარდ დოლარზე!

ამის შესახებ არავინ არ იცის. ეს არის ელიმინაციის კონტრაქტი, სადაც ამერიკული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, ბოლო პაციენტამდე მოგვამარაგოს ამ უნიკალური მედიკამენტებით.

ჩავდივართ სან-ფრანცისკოში ისევ მე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე, იქაც გავაკეთეთ ჩვენ მიერ განვლილი გზის პრეზენტაცია და მივიღეთ თანხმობა, რომ ჰარვონს ერთ-ერთ პირველებს გამოგვიგზავნიან.

„თენგიზ ცერცვაძის გაიდლაინი“ – 98% გამოჯანმრთელებულების სასარგებლოდ!

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო სექტორი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას 15 მილიარდი დოლარით დააფინანსებს, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2016 წლის 6 ივლისს განაცხადა.

ჰარვონით მკურნალობის შედეგი იყო უნიკალური, ჰარვონის შემთხვევაში იყო ის, რაზეც მე დავწერე პოსტი და აღვნიშნე ბატონი თენგიზ ცერცვაძის უდიდესი დამსახურება.

მესამე გენოტიპს ჰარვონით არავინ მკურნალობდა იმ პერიოდში. ჰარვონი ახალი პრეპარატი იყო, ამიტომ მაინც ფიქრობდნენ, რომ პირველი-მეორე გენოტიპი – კი ბატონო, მესამე გენოტიპის შემთხვევაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საოცარი დებატები იყო ჩემს კომიტეტზე, ზოგჯერ იქამდე მივდიოდი, რომ ვაშველებდი ექიმებს ერთმანეთისგან. ბატონი თენგიზ ცერცვაძე იყო მომხრე, რომ  ჩაგვეწერა გაიდლაინში მესამე გენოტიპის ჰარვონით მკურნალობა.

გავაკეთეთ ჩვენი, ქართული გაიდლაინი ჰარვონით C ჰეპატიტის მკურნალობის და მივიღეთ საოცარი შედეგი – 98% გამოჯანმრთელებულების სასარგებლოდ!

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შეიტანა საფრანგეთმა, ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა. ასეთი ბევრი ისტორიაა. დაიწერა უდიდესი პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაციის. შემდეგ უკვე დიდი პროექტი და პროგრამა, რომელიც სახელმძღვანელოდ ბევრ ქვეყანას უდევს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის შედეგად დღეს 68 ათასამდე კაცია გამოჯანმრთელებული, ეს იყო რევოლუციური შედეგი!

თენგიზ ცერცვაძე ახლა რომ გამოჩნდა, ასე არ არის. თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი აქვს შიდსის მკურნალობაში, საქართველო ამ მიმართულებაშიც არის ერთ-ერთი უსერიოზულესი ქვეყანა. თენგიზ ცერცვაძის და მისი ჯგუფის დამსახურება არის ის, რომ საქართველო შიდსის პოლიგონი ქვეყანა არ გახდა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა შიდსიანს მკურნალობენ, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ 2030 წელს ქვეყანაში შიდსის ეპიდემია დასრულებული იქნება, ძალიან ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამისკენ მივდივართ.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ორსული დედისგან ბავშვზე არ ხდება გადასვლა. ეს ყველაფერი ამ უდიდესი ადამიანის ღვაწლია. მერე იყო C ჰეპატიტი და ახლა უკვე ხედავთ, რასაც აკეთებს.

„გილიადი“, ფაუჩი და ქართველი ექიმები…

აიპრესი: თქვენ ძალიან სერიოზული ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ  „გილიადთან“. ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს…

ვალერი კვარაცხელია: ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე, ჩვენ ვართ მათი მეგობრები, ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რაც გავაკეთეთ, როგორც ვიმუშავეთ.

ჩვენი მეზობლები, რომლებსაც ჩვენი არაფერი მოსწონთ, კონფერენციაზე მეკითხებიან, რატომ მოგცეს ეს პროგრამა თქვენ? ალბათ პოლიტიკა იყოო. არანაირი პოლიტიკა, ბიზნესპროექტია, „გილიადი“ მიხვდა, ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით კარგად, მსოფლიოში გაყიდვები გაიზრდებოდა.

ეს მართლაც ასე მოხდა, გაიზარდა გაყიდვები, ისინიც კმაყოფილები არიან, გვაქვს ადამიანური ურთიერთობები, ვმეგობრობთ. გუშინწინაც ვესაუბრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს…

ფაუჩის მოადგილე: მოგიწოდებთ, პატარა საქართველოსგან დიდმა ქვეყნებმა აიღოთ მაგალითი

აიპრესი: აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ენტონი ფაუჩისთან გქონიათ შეხების წერტილი?

ვალერი კვარაცხელია: როგორ არა! ჩვენ რომ ჩავდიოდით, CDC-ში იმართებოდა კონგრესები. ვიცნობთ კარგად ბატონ ფაუჩის მეც, ბატონი თენგიზ ცერცვაძეც, ამირან გამყრელიძეც.

მინდა ამ ინტერვიუს დავამატო ორი რამ: ჩვენ ასე მომზადებული რომ შევხვდით ამ პროცესს და სიტუაციას, ამაში  C ჰეაპატიტის პროექტის დამსახურებაც არის. ის იყო უდიდესი გამოცდილება! 2019 წელს საქართველო გახდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის სტატუსის მქონე.

ზუსტად ფაუჩის მოადგილის სიტყვებს გეტყვით, ამერიკაში, სან-ფრანცისკოში კონგრესის დროს თქვა: „მე მოგიწოდებთ, პატარა საქართველოსგან დიდმა ქვეყნებმა აიღოთ მაგალითი, როგორ უნდა გადაჭრათ გლობალური პრობლემები“. ეს ჩემი სიტყვები არ არის…

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

ipress.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close