საბერძნეთში მომხდარი სასწაული
ბერი, რომელიც კეთროვანებთან ერთად საერთო ბარძიმიდან ეზიარებოდა, არ დაავადდა და 80 წლამდე იცოცხლა (ვიდეო)
მეოცე საუკუნეში, 1903-იდან 1957 წლამდე, ბერძნული კუნძული სპინალონგა (ძველი დასახელება – კალიდონი) კეთროვანთა კოლონიად იყო ქცეული. აქ ამ საშინელი სენით დაავადებულებს ასახლებდნენ, რათა სიცოცხლის დარჩენილი დღეები გაეტარებინათ და სხვისთვის საფრთხე არ შეექმნათ. ამ ადგილს, სადაც ლეპროზორიუმი იყო აშენებული კეთროვანთათვის, „სიკვდილის კუნძულს“ უწოდებდნენ.
ისტორია მოგვითხრობს, რომ კუნძულ სპინალონგაზე მყოფი კეთროვნები ღმერთს შემოსწყრნენ, რადგან მათი დაავადება უზარმაზარი, აუტანელი განსაცდელი იყო. მღვდელმონაზონმა ქრისანტემ კრეტის ქალაქ იერაპატრიდან ერთხელ გაბედა და მოინახულა ისინი, რათა ლიტურგია ჩაეტარებინა კოლონიის ახალმოსახლე კეთროვნებთან ერთად კუნძულზე არსებულ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში, რომელიც დანგრევის პირას იყო. გადმოცემის თანახმად, პირველ ლიტურგიაზე დასასწრებად კაციშვილი არ მისულა.
კეთროვნები თავიანთი სენაკებიდან უსმენდნენ მსახურებას, მაგრამ გარეთ არ გამოდიოდნენ, ზოგჯერ კი ბერი ქრისანტეს ლოცვის ხმას მათი კვნესა და წყევლა არღვევდა.
მღვდელმსახური რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა კუნძულზე. მისი მეორე ვიზიტის დროს ერთ-ერთი დაავადებული გაბედულად მივიდა ეკლესიის კართან და მღვდელმსახურს უთხრა:
„მე დავესწრები თქვენს ლიტურგიას, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით: ბოლოს მაზიარეთ. და თუ თქვენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, როგორც ამბობთ, თქვენ იმავე თასიდან მიიღებთ ზიარებას, რომლიდანაც მე და არ შეგეშინდებათ, რომ ჩემგან კეთრი გადაგედებათ“.
ბერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ეს სიტყვები მეზობელ სენაკებში გაიგონეს და სხვა ადამიანებმაც დაიწყეს მოგროვება ეკლესიის ჩამონგრეულ კედელთან, სადაც მცირე ღიობი იყო და ჩანდა, შიგნით რა ხდებოდა. კეთროვნებმა მოიცადეს, სანამ ლიტურგია არ დასრულდა, თვალს ადევნებდნენ მღვდელმსახურს, რომელმაც რიტუალის დასრულების შემდეგ, როდესაც დაავადებული აზიარა ბარძიმიდან, შემდეგ თვითონაც იმავე ბარძიმიდან იმავე კოვზით მიიღო ქრისტეს „სისხლი და ხორცი“.
გავიდა ერთი თვე. კეთროვნები ბერს ელოდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლა ის დაბრუნდებოდა, არა როგორც მღვდელი, არამედ, როგორც პაციენტი. ბერი დაბრუნდა, ჯანმრთელი და უვნებელი, და შთაგონებით აახმიანა ეკლესიის ძველი სამრეკლოს ზარი.
იმ დღიდან მოყოლებული, სულ ცოტა, 10 წლის განმავლობაში კუნძულ სპინალონგას თავისი მოძღვარი ჰყავდა. კეთროვნებმა თავიანთი ხელით აღადგინეს ეკლესია და, მასთან ერთად, დაიბრუნეს ღვთის რწმენა. ისინი რეგულარულად ეზიარებოდნენ და ყოველთვის ჩუმად ადევნებდნენ თვალს თავიანთ მოძღვარს ლიტურგიის დასრულების დროს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ „სპინალონგის სასწაული“ კვლავ და კვლავ მეორდებოდა.
მას შემდეგ, რაც ანტიბიოტიკები და კეთრის წამალი აღმოაჩინეს, 1957 წელს ლეპროზორიუმი დაიკეტა, ხოლო კუნძული დაცარიელდა. მხოლოდ ბერი ქრისანტე დარჩა კუნძულზე 1962 წლამდე, სადაც კიდევ 5 წლის განმავლობაში ასრულებდა პანაშვიდებს იქ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად.
ამ ამაღელვებელ ამბავს ეძღვნება ინგლისელი მწერლის, ვიქტორია ჰისლოპის ისტორიული რომანი „კუნძული“ (The Island, 2005), რომლის საფუძველზეც ბერძნულმა სატელევიზიო არხმა „მეგამ“ გადაიღო 26 სერიისგან შემდგარი სერიალი “To Nisi” („კუნძული“, 2010-2011 წწ.).
POSTV-ის ფილმი კი 4 წუთში მოგიყვებათ ნამდვილ ამბავს ქრისტიანი ბერის შესახებ, რომელიც კეთროვნებით დასახლებულ კუნძულზე წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სულიერ თანადგომას უწევდა დაავადებულებს და ერთადერთი ჯანმრთელი ადამიანი იყო ასეულობით კეთროვანს შორის.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები