პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, Ross Township-ში (პენსილვანია, აშშ) საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს. შემთხვევა შაბათს, 2 მაისს მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 37 წლის მკვლევარი, წარმოშობით სინგაპურელი ბინგ ლიუ თავში, კისერსა და სხეულის სხვა ადგილებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
პოლიციამ მეცნიერის სახლიდან დაახლოებით 100 იარდის (91,4 მ) მოშორებით მდგარ მანქანაში მეორე ცხედარიც აღმოაჩინა. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი, რომელიც სავარაუდო მკვლელად არის მიჩნეული, 46 წლის ჰაო გუა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბინგ ლიუ მოკლა, შემდეგ კი საკუთარ მანქანაში თავი მოიკლა. პოლიცია ფიქრობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.
მეზობლები ამბობენ, რომ არ გაუგიათ არანაირი გასროლის ხმა მკვლევარის სიკვდილის დღეს. დანაშაულის მომენტში ლიუს ცოლი სახლში არ იმყოფებოდა.
მოკლული მეცნიერის კოლეგების თქმით, იგი COVID-19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევაში მონაწილეობდა, ლიუ ბოლო დროს სახლიდან მუშაობდა და სერიოზული მიღწევები ჰქონდა, იგი უახლოეს მომავალში კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დასკვნების გასაჯაროებას აპირებდა.
პოლიცია, წინასწარი ვერსიით, მკვლელობას პროფესორ ბინგ ლიუს საქმიანობას არ უკავშირებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები