ინტერვიუიტალია

იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად ყველა პროფილის ექიმი გაერთიანდა

ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ ექიმთან, რომელიც კოვიდ-ზონაში მუშაობს

„ამ რთული პერიოდის ყველაზე დიდი პოზიტივი არის განცდა იმისა, რომ ღიმილის მიზეზი ხარ მათთვის, ვისი ყოველდღიურობაც საავადმყოფოს პალატას არ სცდება…“ – ამბობს nostal.ge-სთან ინტერვიუში 36 წლის იტალიელი ექიმი ფრანჩესკო უბოლდი, რომელიც მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ე. წ. კოვიდ-ზონაში მუშაობს.

ფრანჩესკო უბოლდი (Francesco Uboldi) ორთოპედია და პროფესიულ საქმიანობას ASST Gaetano Pini-CTO-ში ეწევა, რომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც გაეტანო პინის სახელობის მილანის ორთოპედიული ინსტიტუტი  (Istituto Ortopedico Gaetano Pini di Milano). მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ამ კლინიკაში მთელი მილანიდან მოიყარეს თავი პაციენტებმა ძვალსახსროვანი ტრავმებით.

მილანის ორთოპედიული ცენტრი მონოსპეციალიზებული კლინიკაა, რომელსაც არ მიმართავენ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პათოლოგიების გამო, თუმცა ამჟამად იქ მოთავსებულნი არიან პაციენტები, რომლებსაც სხვადასხვა სახის ორთოპედიულ პრობლემასთან ერთად COVID-19-ის ინფექციაც აქვთ დადასტურებული.  ასეთი პაციენტებისთვის კლინიკაში შექმნილია სპეციალური კოვიდ-ზონა, სადაც სხვა კოლეგებთან ერთად ფრანჩესკო უბოლდიც მუშაობს. კოვიდ-პაციენტების მკურნალობის სპეციფიკაზე ორთოპედიულ კლინიკაში იტალიელ ექიმს ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა.

როგორ  მოხვდით კოვიდ-ზონაში და როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო განრიგი ამ განყოფილებაში გადასვლის შემდეგ?

კოვიდ-19-ის პანდემიამ ჩვენი საავადმყოფოს სტრუქტურულად შეცვლის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისათვის სპეციალური ზონები გამოიყო, რათა მათ სხვა პაციენტებთან შეეხება არ ჰქონოდათ. დაიხურა ზოგიერთი განყოფილება და აიკრძალა მნახველთა ვიზიტი. დავირუსებული პაციენტების მკურნალობისთვის მობილიზებულია ექიმთა სპეციალური ჯგუფი.

მილანის ორთოპედიული ცენტრის კოვიდ-ზონა

მას შემდეგ, რაც გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კორონავირუსულ ინფექციას ახალგაზრდა ორგანიზმი უფრო ადვილად უმკლავდება, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ასეთ განყოფილებებში ახალგაზრდა ექიმების მობილიზება.

მეც, ისევე როგორც ჩემი კოლეგები და მეგობრები, უყოყმანოდ დავთანხმდი ეს მომსახურება გამეწია პაციენტებისთვის და კოვიდ-ზონაში მემუშავა.

ამჟამად ჩემი საქმიანობის უმეტეს დროს ვეღარ ვუთმობ ჩემს ტრადიციულ სპეციალობას – ბავშვთა ორთოპედიას და ტრავმატოლოგიას, სპორტული ტრავმებისა და მოხუცი ადამიანების მუხლის სახსრის პათოლოგიების მკურნალობას, ამისთვის ნაკლები დრო მრჩება კოვიდ-ზონაში ყოფნის გადაუდებელი საჭიროების გამო.

ამ დროისათვის COVID-ინფექციის მქონე რამდენი პაციენტია თქვენს საავადმყოფოში?

ჩვენს კლინიკაში ამჟამად ორთოპედიული პრობლემის მქონე და, ამასთან ერთად, კოვიდ19-ით დაავადებული 20 პაციენტია მოთავსებული.

როგორია მათი  საშუალო ასაკი?

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაიბლოკა საწარმოო საქმიანობა, შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილება და აიკრძალა სოციალური ღონისძიებები, მთელ იტალიაში ბოლო თვეებში ძირითადი ორთოპედიული პათოლოგიები მეტწილად ხანდაზმულებში ფიქსირდება, კერძოდ კი, უმეტესად მენჯ-ბარძაყის მოტეხილობები. ამჟამად ჩვენი პაციენტების ასაკი 80-100 წელია, ზოგის – უფრო მეტი. კორონავირუსით დაინფიცირებული ჩვენი პაციენტებიც ამ ასაკობრივ ჯგუფში  შედიან.

ორთოპედები, კერძოდ, რა დახმარებას უწევთ კოვიდ-19-ით დაავადებულებს?

თეორიული დასკვნისთვის, როგორ შეიძლება ორთოპედმა უმკურნალოს კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტს, ჩემი ვირუსოლოგი კოლეგის, ფაბრიციო პრელასკოს სიტყვებს მოვიშველიებ: „მხოლოდ იმის  გაფიქრებაც კი, რომ ორთოპედი მკურნალობს პნევმონიას, მოტივაცია უნდა იყოს ყველასთვის, რომ დარჩნენ სახლში“… მაგრამ ასე არ არის: ჩემს პრაქტიკაში ახლა ყველაზე მძიმე პერიოდია, ნაწილობრივ უცნობი პათოლოგიის პირისპირ აღმოვჩნდი და მომიწია „დამტვერილი“ წიგნების გადმოლაგება, რათა მეტი ინფორმაცია მქონდეს ვირუსთან დაკავშირებით (რაც ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცდება). ჩვენი პაციენტები, რომლებიც ძვლოვანი მოტეხილობის ტრავმებისგან განიკურნენ, ახლა უკვე ვირუსის წინააღმდეგ აგრძელებენ ბრძოლას, რათა მალე შეძლონ სახლში დაბრუნება.

საბედნიეროდ, განყოფილებაში გვეხმარებიან ინტერნისტები (პულმონოლოგები). ჩვენ მათ მფარველ ანგელოზებს ვუწოდებთ. სამედიცინო დახმარების გარდა, ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადი სჭირდებათ, რომლებსაც ახლობლები რამდენიმე კვირის განმავლობაში არ უნახავთ, [ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან] ვიდეოზარითაც ვეხმარებით, რომელიც შეიძლება მათთვის სახლში დაბრუნების იმედის სხივი იყოს, ან ოჯახთან სამუდამოდ გამომშვიდობების საშუალება – ესეც ექიმის მოვალეობის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ, ქირურგები, ხშირად ვივიწყებდით. ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება.

ამ რთული პერიოდის ყველაზე დიდი პოზიტივი არის განცდა იმისა, რომ ღიმილის ან კომფორტის შეგრძნების მიზეზი ხარ მათთვის, ვისი ყოველდღიურობაც საავადმყოფოს პალატას არ სცდება.

ფრანჩესკო უბოლდი

ბოლო პერიოდში როგორია ვითარება, უმჯობესდება?

ყველაზე რთული ეტაპი პანდემიის დასაწყისში შეიქმნა, დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ბოლო არ უჩანდა. ეს საშინელება იყო. მათი მოზღვავებული ნაკადის მართვა უფრო და უფრო რთულდებოდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ექიმებს საშუალება მოგვცა, ჩვენი საქმე უფრო ეფექტიანად შევასრულოთ. დღეისათვის, [ლომბარდიის] რეგიონის ტენდენციის შესაბამისად, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია დარეგულირდა.

რომელი მედიკამეტებით მკურნალობთ კოვიდ-პაციენტებს?

ფარმაკოლოგიურ მენეჯმენტს ინტერნისტები წყვეტენ. ყველაზე გავრცელებულია ბაზაში არსებული ჰიდროქსიქლოროქსინი, პრეპარატი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ვირუსის რეპლიკაციის შესამცირებლად ეფექტიანად მოქმედებს; აგრეთვე, დაბალმოლეკულური ჰეპარინი და აზითრომიცინი – ანტიბიოტიკი, რომელიც ასევე გამოიყენება კოვიდ-ინფექციით გამოწვეული ანთებითი მოქმედების შესამცირებლად.

თქვენს განყოფილებაში კორონავირუსის გამო ვინმე დაიღუპა?

სამწუხაროდ, ჩვენს პაციენტებს შორის, კოვიდ-19-ით გამოწვეული რესპირატორული გართულებების გამო, გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. მათი რიცხვი [ლომბარდიის] რეგიონის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია შესული. პაციენტთა უმეტესობა კი გამოჯანმრთელების გზაზეა.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის იტალიაში 150 ექიმია დაღუპული კოვიდ-19-ით, ძალიან სამწუხარო სტატისტიკაა. რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენს კლინიკაში პაციენტების და ექიმთა უსაფრთხოების, ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან მათი დაცვის მხრივ?

უსაფრთხოება ჩვენთვის უკიდურესად აუცილებელია, რადგანაც ჩვენი საქმე გვაიძულებს, ინფექციასთან გვქონდეს შეხება; შეიძლება ვირუსის იარაღიც გავხდეთ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სხვა პათოლოგიების მქონე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან, საფრთხე შევუქმნათ.

ფრანჩესკო უბოლდი დამცავ ეკიპირებაში

ეპიდემიის დასაწყისში ჩვენს ინსტიტუტს, ისევე როგორც სამედიცინო დაწესებულებათა უმეტესობას იტალიაში, მედპერსონალისთვის პირადი დამცავი აღჭურვილობის დეფიციტი შეექმნა. დღეისათვის სტაბილური სიტუაციაა, კლინიკაში ყველანაირი საჭირო აღჭურვილობაა, გვაქვს სწორი კონტროლი.

პატივს მივაგებ ყველა დაღუპულ კოლეგას, ექიმებს, რომლებმაც დიდი რისკის მიუხედავად პაციენტების გადასარჩენად თავი არ დაზოგეს.

დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ. გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და მეტი მომღიმარი გამოჯანმრთელებული პაციენტის გაცილებას სახლში.  

ესაუბრა ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close