ლიტერატურა/წიგნები

სტივენ კინგმა პანდემია თავის ერთ-ერთ რომანში აღწერა

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, რომელმაც „საშინელებათა მეფის“ ტიტული მოიპოვა, თქვა, რომ სამყარო მის ერთ-ერთ რომანად იქცა

ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი ამბობს, რომ მისი გულშემატკივრები ახლა თავს მისი ნაწარმოების – „დაპირისპირების“ გმირებად გრძნობენ. წიგნი 1978 წელს გამოვიდა და სუპერგრიპის პანდემიის შესახებ მოგვითხრობს.

„და ამაზე ჩემი ერთადერთი პასუხია: „ნამდვილად ძალიან ვწუხვარ“, – ასე უპასუხა მწერალმა თაყვანისმცემლების გამოხმაურებებს. „საშინელების მეფის“ თქმით, ის ყველაფერს აკეთებს, რომ კორონავირუსი მის ნაწარმოებში აღწერილ დაავადებას არ შეადარონ.

კინგმა ასევე აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის დროს დიდ ყურადღებას უთმობს ახალი წიგნის დაწერას.

„დაპირისპირება“ (ინგ. The Stand) – პოსტაპოკალიფსურ ჟანრში დაწერილი რომანია, ფანტასტიკისა და ჰორორის ელემენტებით, რომელიც პირველად 1978 წელს გამოაქვეყნა გამომცემლობა Doubleday-მ. წიგნი მოგვითხრობს სუპერგრიპის პანდემიის შესახებ, რომელმაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს თითქმის მთელი მოსახლეობა შეიწირა. მცირერიცხოვანი გადარჩენილები ჯგუფებში გაერთიანდნენ, ახალი სოციალური სისტემა ჩამოაყალიბეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1990 წელს რომანი ხელახლა გამოიცა რედაქტირებული და შევსებული ფორმით. კინგმა აღადგინა მასში შემავალი ტექსტის რამდენიმე ფრაგმენტი, რომლებიც თავდაპირველად შეამცირა, გადახედა თავების მიმდევრობას და შეცვალა რომანის მოქმედების დრო. „დაპირისპირება“ ავტორის ყველაზე ვრცელ ნაშრომად ითვლება. გამოცემისთანავე წიგნის 4,5 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა და მწერალს 1.5 მლნ დოლარი მოუტანა.

ნაწარმოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ლიტერატურის კრიტიკოსებს შორის და მას მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად მიიჩნევენ. წიგნმა  არაერთ ლიტერატურულ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორისაა: „ბალროგი“, „ლოკუსი“ და „ფენტეზის მსოფლიო პრემია“.

რომანის საფუძველზე იმავე სახელწოდების მინისერიალი გადაიღეს (ქართული ვარიანტით – „წინააღმდეგობის გაწევა“), რომელიც 1994 წელს გავიდა არხ ABC-ზე. 2008 წლიდან 2012 წლამდე კომპანია Marvel-მა კომიქსების სერია გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც მაიკ პერკინსარუნია.

2019 წელს კი ტელეარხმა CBS-მა სტივენ კინგის რომანის სატელევიზიო ადაპტაცია დააანონსა. მათი განცხადებით, ათი ეპიზოდისგან  შემდგარ სერიალს გადაიღებენ და CBS All Access ონლაინ კინოთეატრში უჩვენებენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ „დაპირისპირებას“ ამ პლატფორმაზე ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ. სამუშაოში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ: სცენარი ბომბია. შედეგად რაღაც დასამახსოვრებელი და საინტერესო უნდა მივიღოთ. მჯერა, რომ სერიალი მაყურებელს „დაპირისპირების” სამყაროში გადაიყვანს, რომელიც, როგორც ისინი იმედოვნებენ, არასდროს გახდება რეალობა“, – განაცხადა სტივენ კინგმა 2019 წელს.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close