მსოფლიოnews

ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების სამარხს უახლოვდება

ჩერნობილის დაკეტილ ზონაში მე-10 დღეა ხანძარს ებრძვიან, თუმცა მეხანძრეები მიტოვებული ბირთვული ქარხნის ტერიტორიის გარშემო სტიქიის ლოკალიზებას ვერ ახდენენ. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ხანძარი დაახლოებით 3500 ჰექტარზეა გავრცელებული, ცეცხლმა უკვე შთანთქა სასაფლაო, ტყეები, ჭაობი და 12 ნასოფლარი. სტიქიას 400 მეხანძრე, 100 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი ებრძვის.

ორშაბათს ცეცხლი გასახლებულ ქალაქ პრიპიატს მიუახლოვდა, სადანაც 2 კილომეტრში მთელი ჩერნობილის ზონის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხია მოწყობილი.

„ჩერნობილში სიტუაცია კრიტიკულია“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ჩერნობილის დახურული ზონის მართვის საკითხებში იაროსლავ ემელიანენკო.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ხანძარი სწრაფად ვრცელდება.

„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატშია, 2 კილომეტრში კი მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე მაღალი გამოსხივების რადიაციული ნარჩენებია“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.

interfax.ru წერს, რომ ონლაინ რესურს NASA FIRMS-ზე, რომელზეც აისახება პლანეტის ყველა რეგიონიდან ხანძრების მონაცემები, ჩანს, როგორ უახლოვდება ცეცხლი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ახალ უსაფრთხო, საიზოლაციო თაღოვანი გადახურვის (New Safe Confinement) სამრეწველო მოედანს.

ცნობისათვის: 2019 წელს, 12-წლიანი მშენებლობის შემდეგ, ამ კონსტრუქციის ქვეშ მოექცა სარკოფაგი, რომლითაც 1986 წელს მომხდარი ბირთვული აფეთქების შედეგად მთლიანად დანგრეული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის რეაქტორია შეფუთული.

უკრაინის რადიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რადიაციის დონე კიევში ამჟამად სტაბილურია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში მომწამვლელი კვამლი უკრაინის დედაქალაქს მიაღწევს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close