დღის თემასაზოგადოება

როგორ აღნიშნავდნენ ბზობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ბზობა, იგივე ბაიაობა, ათორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულს შორისაა და მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება. როგორც ცნობილია, იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლისას ხალხი ფეხქვეშ პალმის რტოებს უფენდა და მადიდებელი შეძახილებით ეგებებოდა: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. იმ ქრისტიანულ ქვეყნებსა თუ მხარეებში, სადაც პალმა არ იზრდება, სადღესასწაულოდ გამოიყენება მცენარე, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს ხარობს. ასეთია, მაგალითად: ბზა, ბაია, ტირიფი  და სხვა.

ქრისტეს შესვლა იერუსალიმში“; ჯოტო, მე-14 ს.

ბზობა-ბაიაობა მოძრავი დღესასწაულია და, როგორც ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვითაა დადგენილი, აღდგომის წინა კვირას მთელ საქართველოში აღინიშნება. წელს ბზობის დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 12 აპრილს აღნიშნავს.

საინტერესოა, როგორ ხვდებოდნენ ბზობის დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ბზობის საღამოს სვანეთის ყველა სოფელში გოგონები უკაცრიელ სახლში იკრიბებოდნენ და ეგრთ წოდებულ ლიგლოვი-კრირიელოს (კირიე ელეისონს – Κύριε ἐλέησον, ბერძ. უფალო, შემიწყალე) მღეროდნენ: „ქრისტე! მიუტევე ცოდვები ჩემს გარდაცვლილს (დაასახელებდნენ) და დღეგრძელი და ყველა საქმეში წარმატებული ამყოფე ჩემი ნათესავი (დაასახელებდნენ) და ოჯახის წევრი (დაასახელებდნენ)“. თითოეული გოგონა ჩამოყვებოდა და თავის მიცვალებულებს და ცოცხლებს მოიხსენიებდა, დანარჩენები კი მასთან ერთად იმეორებდნენ. გარეშეს, ვისაც ლიგლოვში თავისიანების მოხსენიება ენდომებოდა, როგორც ცოცხლების, ისე მიცვალებულების, მომღერლებისთვის კაკალი ან მარილის ნატეხი უნდა მიეცა, თითქოსდა იმის გამო, რომ მაცხოვარს მათი ლოცვები შეესმინა. გოგონები ვნების კვირაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ამ წესს სიმღერის გარეშე ასრულებდნენ. ხალხის რწმენით, ამ დღეებში სიმღერა არ იყო კარგი.

ბზობის საღამოდან მთელი მომდევნო კვირის ანუ ვნების კვირის განმავლობაში, ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობას ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა, რომლის ტოტებსაც კარის ქვეშ, ყველა ფანჯარასა და ნახვრეტში დებდა, რათა სახლში ბოროტი ძალა არ შესულიყო. ლიროკინალის წესი ამგვარი იყო: ოჯახის უფროსი ხელში პატარა ნაჯახს იღებდა, დანარჩენები – მუგუზალს და გარეთ გარბოდნენ, თან იძახდნენ: „ფუი! უწმინდურო ძალებო, დაგეწვათ ფრთები! შეგიცნობთ და გამოგარჩევთ ისევე, როგორც შავ ცხვრებს – თეთრებისაგან. თქვენ შესახებ ხსოვნა თორმეტი მთის იქით. წმინდა გიორგის ბეჭდით ხართ დაბეჭდილები; ლითონის იარაღით ხართ დაჭდევებულები; აიღეთ კბილებით ქვის ფილა, ჩვენთან კი ჯვრისა ძალაა! ქვიშისა და ქვის ფილის გარდა სხვა არავითარი საჭმელი არ გქონდეთ!“

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ნაჯახის ყუას ურტყამდა ქვას და ამბობდა: „დაე, აქციეთ ქვად თქვენი მომავალი!“ დანარჩენებიც იმავეს იმეორებდნენ და აკეთებდნენ. ბოროტი ძალების განდევნის ამ წესს ყველა ოჯახი ვნების ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ასრულებდა.

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს (ლეჩხუმი).

რაჭაში ცეცხლში ჩაგდებული ბზა თუ ცეცხლის ალში ორჯერ ან სამჯერ წაღმა დატრიალდებოდა, ეს კარგი წელიწადის მომასწავებელი იყო, თუ უკუღმა – ცუდის.

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

ბზობას ამზადებდნენ მხალეულს, რომელშიც შიგ აუცილებლად ბაიის ყვავილს ურევდნენ. სწამდათ, რომ მხალეულის ჭამის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ენერგიით სავსენი იქნებოდნენ. ბზობისთვის ასევე უნდა ეჭამათ თევზი. ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბზა სახლში მიჰქონდათ. მას მიცვალებულსაც უდებდნენ საფლავზე და ერთმანეთსაც ჩუქნიდნენ. ზოგან მამაკაცები იკრიბებოდნენ და ბზებით ხელში ეკლესიას სიმღერით გარს უვლიდნენ. ისინი ბზას ეკლესიაში მისულ ხალხს ჩუქნიდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას ხალხი ეკლესიაში მიდიოდა. ბზა ზეთისცხების შემდეგ მიჰქონდათ სახლში. აქაც მიაჩნდათ, რომ თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, პურის უხვი მოსავალი ექნებოდათ, თუ არადა, პირიქით. ბზობას მიცვალებულის სახელზე წანდილს და ზურგიელს ხარშავდნენ. სწამდათ, რომ თუ ზურგიელს არ შეჭამდნენ, მათი მიცვალებულები საიქიოში წყალს ვერ დალევდნენ. მათ წყალთან არ მიუშვებდნენ. ეკლესიიდან ბზა რომ მოჰქონდათ, ერთმანეთს დაარტყამდნენ, თან გაულექსავდნენ:

„აჰა, ყვაო ბზა,

ეგერიოს გზა,

მიტრიალდი, მოტრიალდი,

გაოხდი და გატრიალდი“.

ხალხი ცდილობდა, მთელი დღის განმავლობაში ყვავი არ დაენახა: ყვავი წიწილას აღარ შეჭამსო. ხალხში ასეთი გამოთქმა არსებობს: „ბზობის ყვავივით გაქრაო“, რაც ვინმეს ერთბაშად გაუჩინარებას ნიშნავდა. მთელი ზამთრის განმავლობაში ყვავი სარჩოს საძებნელად სოფელს დასტრიალებს. ხალხის დაკვირვებით, გაზაფხულზე, რომლის დადგომასაც ბზობას უკავშირებდნენ, ყვავები სოფლის მახლობელ ტყეებში მიფრინავენ, სადაც საკვებს უხვად პოულობენ, ბზობის შემდეგ კი სოფელში იშვიათად ჩანან.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას ბზობა-კაზარობას ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

მთელ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

ფშავში ბზობა მათურეს მთავარანგელოზის ხატში იცოდნენ. მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში თევზი მიჰქონდა და იქ მყოფებს უმასპინძლდებოდა. ხატში არც საჭმლის მიტანა იცოდნენ და არც სასმლის. ხევისბერი მლოცველის მიერ მიტანილ სანთელს ჩამოქნიდა, დაანთებდა, ილოცებდა ხატის ყმებისთვის, რის შემდეგაც მლოცველი შინ ბრუნდებოდა.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

წიგნიდან „ქართული ხალხური და საეკლესიო დღესასწაულები“  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close