საზოგადოებასაბერძნეთი

ათენი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქორწილები გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ბერძენი პატარძლების უმრავლესობამ საქორწილო ცერემონიის დროებით გადადება არჩია, ბევრია, ვინც ამ რთულ ვითარებაშიც ქალაქის მერიის ფართო კიბეებზე მიაბიჯებს ახალი ცხოვრების დასაწყებად – საკუთარ რჩეულთან ოფიციალური ქორწინებით. CNN.GR წერს იმ წყვილებზე, რომლებმაც საგანგებო სიტუაციის მიუხედავად დაქორწინება მაინც გადაწყვიტეს.

გასულ ოთხშაბათს ათენის მერიაში 5 წყვილის სამოქალაქო ქორწინების ცერემონიალი გაიმართა, პანდემიის გამო ყველა წესის დაცვით, მშობლებისა და მეგობრების გარეშე. ცერემონიას ნეფე-პატარძლების გარდა მხოლოდ მოწმეები ესწრებოდნენ. ჩვეულებრივ, ათენის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ქორწინების ცერემონიებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ატარებს.

ათინა და რობერტი ერთ-ერთია ამ ხუთი წყვილიდან. მხოლოდ ორი მოწმის თანხლებით, რობერტი თავის მომავალ მეუღლეს ათენის მერიის კართან  ელოდებოდა, ხელში თაიგული ეჭირა და „აუცილებელი“ ერთჯერადი ხელთათმანები ეცვა, რატომღაც – შავი ფერის.

ირინამ და აქილევსმაც გადაწყვიტეს დაქორწინება, სტუმრებიც „ჰყავდათ“, მაგრამ მთავარი წესის – „ჩვენ ვრჩებით სახლში“ – სრული დაცვით. მეჯვარეების მეშვეობით  მშობლები და მეგობრები ცერემონიას ვიდეოთი ადევნებდნენ თვალს და წყვილს საჩუქრებიც ონლაინ რეჟიმში „გადასცეს“.

ცნობილი მიზეზის გამო, ქორწილს ტრადიციული სუფრა არ მოჰყოლია, ახალდაქორწინებულები თავიანთ სახლში დაბრუნდნენ, რადგან ზრუნავენ როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემო მყოფებზე.

„ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ მივიღეთ აუცილებელი ზომები და მხოლოდ მოწმეებთან ერთად მოვედით საქორწილო ცერემონიის ჩასატარებლად. ერთ თვეში ჩვენი ბავშვი დაიბადება, ახლა კი უკვე ოფიციალურად ვართ ოჯახი “, – უთხრეს ირინამ და აქილევსმა CNN Greece-ის კორესპონდენტს.

მათი თქმით, ერთად უფრო გაიხალისებენ ცხოვრებას ამ რთულ სიტუაციაში და გაიუმჯობესებენ პირობებს.

„ცხოვრება გრძელდება. და ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ორსულობის დროს, აუცილებელია საქორწილო ცერემონიალის ჩატარება“, – განმარტავს მერის მოადგილე საკის კოლატოსი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close