გერმანიაში იტალიური მაკარონი „დაიტაცეს“, იტალიიდან უკვე ჩავიდა ახალი მარაგები
60 ათასზე მეტი პაკეტი ფუზილი, 75 ათასი პენე და 250 ათასი სპაგეტი ჩაიტანეს იტალიიდან გერმანიაში ორი დღის წინ. ამის შესახებ მედია წერს.
გერმანია შიშობს, რომ მაკარონის ნაწარმის გარეშე დარჩება, ამიტომ სუპერმარკეტების ქსელმა AlDI-მ Deutsche Bahn-ის სპეციალური მატარებლები გაგზავნა იტალიაში მარაგების ჩამოსატანად.
Covid-19-ის პანდემიის გამო გერმანელები პროდუქტის მომარაგებაში შეფერხებას ელოდებიან და ამიტომ სუპერმარკეტებში მარაგებს ყიდულობენ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაკარონს.
ამჟამად დიდი მოთხოვნაა პროდუქტზე, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. „მაღალ მოთხოვნასთან ერთად რთული ზოგადი პირობებიც დიდ პრობლემას წარმოადგენს, – ნათქვამია Aldi-ს წერილში, – კერძოდ, სატრანსპორტო სიმძლავრეების შემცირება… ჩვენი ძირითადი მომწოდებლებიდან ერთ-ერთი ნოლაშია, ნეაპოლში. ქარხნიდან საქონელი მიდის ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაც რკინიგზით აგრძელებს გზას. ტრანსპორტირებას უფრო მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ სჭირდებოდა. ჩვენ უკვე ერთ გადამზიდავზე აღარ ვართ დამოკიდებული“.
პირველი ტვირთი ნიურნბერგში უკვე ჩავიდა – 60 ათასზე მეტი პაკეტი ფუზილი, 75 ათასი პენე და 250 ათასი სპაგეტი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Aldi ავრცელებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პასტის მარაგების გადასატანად სატვირთო მანქანებიც გამოიყენეს, რომლებმაც ტვირთი ქალაქ ნიურნბერგიდან Aldi-ს 650 მაღაზიაში გაანაწილეს.
ამჟამად გზაშია იტალიური პასტით დატვირთული კიდევ 250 პადონი (pallet), ტვირთს ნეაპოლიდან ჩრდილოეთ იტალიაში ჩაიტანენ და იქიდან უკვე რკინიგზით გერმანიაში წაიღებენ.
პასტის გარდა გერმანიაში მოთხოვნა გაიზარდა ბრინჯზე, ყველზე, პურსა და ფქვილზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები