იტალიასაზოგადოება

იტალია: ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია

დღეს, 3 აპრილს, საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის ახალი მონაცემები წარადგინა: ამ დროისთვის მთლიანობაში იტალიაში 85 388 მოქმედი პაციენტია, რაც გუშინდელთან შედარებით 2339-ით მეტია (გუშინ ზრდა იყო +2447). მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა 119 827-ს მიაღწია (გარდაცვალების და გამოჯანმრთელების შემთხვევების ჩათვლით).

ამ მაჩვენებლით იტალიამ ისევ გაუსწრო ესპანეთს (117 710)  და ისევ მეორე ადგილზე გადაინაცვლა აშშ-ის შემდეგ.

ჰოსპიტალიზებულია 28741 პაციენტი, 201-ით მეტი, ვიდრე გუშინ, აქედან რეანიმაციაში – 4068 პაციენტი,  15-ით მეტი, ვიდრე გუშინ (აღსანიშნავია, რომ რეანიმაციაში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებ პაციენტს ათავსებენ, რაც გარანტირებულად ნიშნავს გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებას მომავალში). მათგან 1381 ლომბარდიაშია. 52 579 პაციენტი, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ ან მსუბუქად გამოხატული აქვთ, სახლის პირობებში იმყოფება.

მთლიანობაში გამოჯანმრთელდა 19 758 პაციენტი, 1480-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინდელი დღიური ზრდა იყო +1431).

COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამ დროისთვის გარდაცვლილია 14 681 ადამიანი, 766-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინ ზრდა 760 იყო).

სამწუხაროდ, 73-ს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმთა რიცხვმა.

დღეს კომისარმა ბორელიმ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ კარანტინი 13 აპრილის შემდეგაც არ დასრულდება და, მისი ვარაუდით, ადამიანებს კიდევ ბევრი კვირის განმავლობაში მოუწევთ სოციალური კონტაქტებისგან თავის შეკავება, რათა ეპიდემია საბოლოოდ დამარცხდეს. მისივე თქმით, მეორე ფაზა დამოკიდებულია ინფიცირების გრაფიკულ მრუდზე.

ქვემოთ მოყვანილ სურათზე, რომელიც გუშინ „ანსამ“ გამოაქვეყნა, ნაჩვენებია იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გრაფიკა. ზედა, ყვითელ ნაწილში მოცემულია ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობის ზრდა ეპიდემიის დაწყებიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქვედა, იასამნისფერ ნაწილში კი – მოქმედი პაციენტების რაოდენობის დღიური ზრდის გრაფიკული სურათი ამავე პერიოდში. მეორე ნაწილში კარგად ჩანს „პლატოს სიტუაცია“, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ და რომლის შემდეგაც, დაახლოებით ერთ კვირაში, ქვემოთ დაშვება უნდა დაიწყოს.

შენიშვნა:  ამ გრაფიკულ სურათზე არ არის მოცემული დღევანდელი მაჩვენებლები, თუმცა ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა.

იტალიის მთავრობა აპირებს, 2020 წლის აპრილში მოქალაქეებს ფინანსური დახმარება გაუწიოს – ამ დახმარების პაკეტის მთლიანი მოცულობა 18 მილიარდი ევრო იქნება. ამის შესახებ დღეს შრომის მინისტრმა ნუნცია კატალფომ განაცხადა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა მოქალაქეებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და დანაზოგი არ აქვთ (ასეთი 3 მილიონი ადამიანია), 1000-1000 ევროს მისცემს. მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ დასაქმებულები.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close