„მენახშირე ბიჭმა“ „მოხუცი ჯამბაზი“ ვეღარ ითამაშა – კარლო საკანდელიძის აუხდენელი ოცნება და ცხოვრების კრედო
ქართველთა უსაყვარლესი მსახიობების უმრავლესობა, სამწუხაროდ, დღეს ზეციურ სამყოფელშია, მათ შორის, „მენახშირე ბიჭი“ – კარლო საკანდელიძეც, რომელიც დღეს, 2020 წლის პირველ აპრილს, 92 წლის გახდებოდა. საოცარი პიროვნული ხიბლით, ინდივიდუალურობით, ნიჭიერებით, უდიდესი კულტურით გამორჩეული არტისტი 2010 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში და თან წაიყოლა აუხდენელი ოცნება – „მოხუც ჯამბაზებში“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე) ეთამაშა. კოლეგები ბოლო დღემდე ელოდებოდნენ, რომ უკეთ გახდებოდა, სცენაზე დადგებოდა, ერთად გაივლიდნენ რეპეტიციებს, მაგრამ…
***
კარლო საკანდელიძე სინამდვილეში 1928 წლის 14 მარტს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ბზვანში, თუმცა დაბადების მოწმობაში პირველი აპრილი ეწერა. მამამ შვილის დაბადების ოფიციალური დოკუმენტი პირველ აპრილს აიღო და არც არაფერი უკითხავთ, ისე ჩაუწერეს ეს თარიღი. გაგიჟდა თურმე კაცი, მაგრამ რაღას იზამდა, ჩაუქნევია ხელი… სხვათა შორის, მამამისმა შვილს საკუთარი ნებით სახელიც ვერ დაარქვა. „მე მყავდა ბიძაშვილი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა ომში. ჰოდა, როცა დავიბადე, თურმე მამაჩემს უთხრა, თუ ბავშვს არ მომანათლინებ, ჭაში დავიხრჩობ თავსო. ისეთი ბიჭი ყოფილა, მამაჩემს შეშინებია მართლა გააკეთებს ამასო და დათანხმდა: კი, ბატონო, მონათლეო… იმან დამარქვა კარლო. რატომ? ეს ნამდვილად არ ვიცი. მამაჩემს ძალიან უნდოდა მამამისის სახელი – ბესარიონი მრქმეოდა, მაგრამ არ ქნა იმ ბიჭმა…“ – იხსენებდა შემდგომში ბატონი კარლო.
პატარა კარლოს დედა სამი წლის ასაკში გარდაეცვალა და დებმა გაზარდეს. მეოთხე კლასში იყო, ესპანელი ბავშვების ცხოვრებაზე პიესა რომ დაწერეს მან და მისმა ორმა მეგობარმა. პიესა თავად დადგა სკოლაში და მთავარი როლიც თვითონ ითამაშა. სწორედ იმ პერიოდიდან გაუჩნდა მსახიობობის უდიდესი სურვილი და სხვა პროფესიაზე არც კი უფიქრია. სანამ თეატრალურ ინსტიტუტს დაამთავრებდა, ცოტა ხნით ადრე რუსთაველის თეატრი დაიწვა. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ხორავა იყო, მარჯანიშვილის თეატრს კი შალვა ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. ბატონმა შალვამ მათი ჯგუფის საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, მოითხოვა, კარლო საკანდელიძე მასთან, მარჯანიშვილის თეატრში წასულიყო სამუშაოდ. ხორავამ არაფრით დაუთმო ნიჭიერი ახალგაზრდა: კურსიდან სხვა ვინც გინდა აირჩიე, ამ კაცს კი ვერ გაგატანო, უთხრა. არადა თვითონ ბატონ კარლოს მარჯანიშვილის თეატრისკენ მიუწევდა გული, ფიქრობდა, რუსთაველის თეატრის სცენაზე ალბათ არც კი გამოვჩნდებიო, მაგრამ ხორავამ დაარწმუნა და რუსთაველის თეატრში დატოვა.
ეს იყო 1949 წელს. მას შემდეგ კარლო საკანდელიძე მთელი 61 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა და თავისი ორიგინალურობითა და ბუნებრივობით ხიბლავდა მაყურებელს. მისი პირველი როლი თეატრში ფოსტალიონი იყო სპექტაკლში „გამარჯვებულთა ღიმილი“, კინოდებიუტი კი 1955 წელს შედგა „მაგდანას ლურჯაში“ (რეჟისორები – რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე).
27 წლის კარლო საკანდელიძე სწორედ ამ ფილმში დიდი ოსტატობით განსახიერებული მენახშირე ბიჭის როლით შემოვიდა ქართულ კინემატოგრაფში და იმ დღიდანვე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ცნობილ კინომსახიობებს შორის. სხვათა შორის, მენახშირის სიმღერა სპეციალურად კარლო საკანდელიძისთვის დაწერა კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბატონმა კარლომ, მიზეზთა გამო (საავადმყოფოში იწვა), ეს სიმღერა ვერ შეასრულა. მენახშირე ბიჭის სიმღერა, მისივე რჩევით, გივი ტორონჯაძემ ჩაწერა.
პირველ ფილმს საბოლოოდ 50-მდე კინოროლი მოჰყვა: „არ იდარდო“, „ღვინის ქურდები“, „პიერი – მილიციის თანამშრომელი“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „დათა თუთაშხია“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ადამიანთა სევდა“, „გათენების წინ“… სხვათა შორის, „დათა თუთაშხიაში“ ნიკანდრო ქილიას როლის შესრულებისთვის მსახიობი სახელმწიფო პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ სიიდან ბოლო წუთებში ამოიღეს – გრაფი სედეგის როლის შემსრულებელი მსახიობი იყო საქართველოში ჩამოსული და თქვეს: პრემია იმას რომ არ მივცეთ, სირცხვილიაო და… გული სწყდებოდა, მაგრამ არასოდეს დაბოღმილა – სიკეთე და სიყვარული იყო მისი ცხოვრების კრედო.
კარლო საკანდელიძის მიერ თეატრსა თუ კინოში შესრულებული თითოეული, თვით უმნიშვნელო როლიც კი უდიდესი პროფესიონალიზმის ნიშანს ატარებს და გამორჩეულად თავისთავადია. წლების წინათ, ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა: „არ ვიცი, განგებამ რა მისია დამაკისრა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემს საქმეს უნდა შევწირო. ჩვენ ბრწყინვალე წინაპრები გვყავდნენ: ხორავა, ვასაძე, ზაქარიაძე, თაყაიშვილი, ანჯაფარიძე, შავგულიძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო?!.. მე არ შემეშინდა ამ ტიტანებთან შებმა… მათ თავიანთი სათქმელი ჰქონდათ ხელოვნებაში, მე ჩემი სიტყვა უნდა ვთქვა“, – და თქვა კიდეც: მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა და უდიდესი შრომით შექმნილი როლები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.
მნიშვნელოვანი იყო კარლო საკანდელიძის მოღვაწეობა ესტრადაზე. სხვათა შორის, მეხუთე კლასამდე თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა დავით ჯავრიშვილთან, რომელიც იმ პერიოდში სასწავლებლის დირექტორი იყო. ქართულ ცეკვებთან ერთად კლასიკურ ბალეტსაც ასწავლიდნენ. …გერტთანაც სწავლობდა, უდიდეს ბალერინასთან, რომელიც ომის შემდეგ ქმართან – ცნობილ დირიჟორ გაუკთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. მათ შვილი არ ჰყავდათ და კარლოს ეხვეწებოდნენ, გიშვილებთ, წამოდი ჩვენთან, კარგ ბალეტმაისტერს გაგხდითო, მაგრამ, ცხადია, თხოვნაზე უარი მიიღეს; ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნა კი შემდგომში ესტრადაზე კარგად გამოიყენა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაყურებელმა საყვარელი მსახიობი სერიალებშიც იხილა.
1961 წელს კარლო საკანდელიძეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1974 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა; იყო ღირსების ორდენის კავალერი, 2008 წლის 23 აპრილს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
კარლო საკანდელიძე ქართველმა ხალხმა ქაშუეთის ეკლესიიდან გააცილა სამუდამო ნავსაყუდელში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები