თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – მარსზეც პირველად ქართული ღვინო დაიწურება?
ქართველი მეცნიერები მუშაობენ ყურძნის ჯიშის გამოყვანაზე, რომელიც მარსზე გაიხარებს
საქართველო ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული. ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ქვეყანაში ცდილობენ გაარკვიონ, რა ჯიშის ყურძენმა შეიძლება იხაროს მარსზე.
ასეთია „IX ათასწლეულის“ (IX Millennium) იდეა, რომლის მიზანია წითელ პლანეტაზე მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეგმენტისთვის შესაფერისი ყურძნის ჯიშის გამოყვანა. მეცნიერთა ჯგუფს სურს ქართული ანაბეჭდი დაამჩნიოს კვლევების ერთ-ერთ უჩვეულო მიმართულებას, რომელიც მარსის კოლონიზაციის ოცნებას უკავშირდება.
ამ კვლევებმა შესაძლოა პასუხი გასცეს კონკრეტულ საკითხებს რადიაციის, მტვრისა და სხვა გამოწვევების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც მარსზე სოფლის მეურნეობის არსებობისთვისაა აუცილებელი. ბოლოს და ბოლოს, ვის არ ენდომება ნამდვილი მარსული ღვინით აღნიშნოს ახალი წელი (ერთი მარსული წელი დედამიწის 687 დღეს უდრის) ახალ პლანეტაზე?
„თუ ოდესმე მარსზე დავსახლდებით, საქართველომ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. დედამიწაზე ჩვენმა წინაპრებმა დაწურეს ღვინო, ახლა კი იგივე შეგვიძლია მარსზეც გავაკეთოთ“, – თქვა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ, Microsoft Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ღვინის პროექტის მონაწილეა.
„IX ათასწლეულში“ ასევე მონაწილეობს მეწარეებისა და მეცნიერების კონსორციუმი, რომელიც ინახავს და ავითარებს საქართველოში მევენახეობის 8000-წლოვან ტრადიციას.
მარსის ნიადაგის შესაბამისი ყურძნის ჯიშის მოძიება 2016 წელს დაიწყო, როდესაც მეწარმე ილონ მასკმა დაიტრაბახა, რომ მისი კომპანია SpaceX-ი თავისი პირველი მისიის განხორციელებას მარსზე 2024 წელს დაიწყებდა, რაც NASA-ს ყველაზე ოპტიმისტურ გრაფიკს 10 წლით უსწრებს.
ამ წამოწყებამ ქართულ გუნდს მოტივაცია გაუჩინა, რომ კოსმოსისათვის შესაფერისი ყურძნის ჯიშის ძებნა დაეწყოთ, მაგრამ სხვებიც ცდილობენ დაადგინონ, რამ შეიძლება იხაროს მარსის დაცულ ბაღებში.
პერუელი მეცნიერები წარმატებულად ზრდიან კარტოფილს მარსის იმიტირებულ გარემოში, ხოლო აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ უკვე მოიწია სალათის ფურცლების მოსავალი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და მალე პომიდვრისა და ცხარე წიწაკის მოყვანასაც შეჰბედავენ.
ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარსზე თეთრი ყურძენი უკეთესად იხარებს. „თეთრი ყურძნის ჯიშები უფრო გამძლეა ვირუსების მიმართ, – ამბობს ქვეყნის ვენახების ლაბორატორიის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე. – ვფიქრობ, ისინი უფრო გაუძლებენ რადიაციას, მათი კანი რადიაციულ გამოსხივებას აირეკლავს“.
მარსისათვის ერთ-ერთი კანდიდატი რქაწითელია, რომლისგანაც მდიდარი და არაჩვეულებრივი ღვინო დგება მაღალი მჟავიანობით, ანანასისა და კამის გემოს მკვეთრი აქცენტებით.
2017 წელს ჩატარებულის კვლევის შედეგად საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებზეც რვა ათასწლეულის წინ დაყენებული ღვინის კვალი იყო შემორჩენილი.
„ეს ამბავი ამტკიცებს, თუ რატომ ვიმსახურებთ მარსზე ვენახის გაშენებას“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.
„მეცნიერებს შთაგონება სჭირდებათ, შთაგონებას კი – ღვინო. თუკი მარსზე ღვინო დაიწურება, იქ ყველა გამოგყვებათ“, – ამბობს რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი შემსრულებლის შვილი.
ინგლისურიდან თარგმნა სოფო გურჯიშვილმა
წყარო: www.washingtonpost.com
კომენტარები