საქართველო

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზეა

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა უკვე 16-ს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 15 პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში გამოჯანმრთელდა, ერთი კი – საჩხერეში.

„ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია, ანუ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა ის მიიჩნევა, როგორც გამოჯანმრთელებული. ეს არის მე-16 პაციენტი. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს ცენტრში და ერთი საჩხერეში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება, რადგან 3 პაციენტის დაინფიცირების პირველწყარო დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, შიდა გავრცელების ფაქტები დაფიქსირდა.

„ამ სამიდან ერთში, დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.

„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ.
ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.

ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით, თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში ქვეყანაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორიც გახდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, ხომ რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძაფრი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის მეორე ნახევრში საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა, შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 90 შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close