იტალია: ახალი ინფიცირებულების რიცხვი ისევ მცირდება, თუმცა გარდაცვალების შემთხვევებმა კვლავ იმატა
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ახალი მონაცემები: იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსისგან გარდაცვალების 743 შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 601), მთლიანობაში დაღუპულია 6820 ადამიანი – ორჯერ და უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთში, თუმცა კარგი ფაქტია, რომ უკვე მე-4 დღეა ახალი ინფიცირებულების რიცხვი ნელა, მაგრამ სტაბილურად იკლებს და გასულ 24 საათში ინფიცირების 3612 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 3780, კვირას – 3957). მონაცემები კომისარმა ანჯელო ბორელიმ გააცნო საზოგადოებას სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე.
სულ გამოჯანმრთელდა 8326 პაციენტი – 894-ით მეტი, ვიდრე გუშინ (წინა დღეს ეს ზრდა 408-ს შეადგენდა).
ინფიცირების შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ კი, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 69 176-ს მიაღწია.
ვიდეო: რომის ქუჩების დეზინფექცია
[arve url=”https://vs.ansa.it/sito/video_mp4_export/i20200324213159890.mp4″ /]
რეანიმაციაში მოთავსებულია 3396 ადამიანი (192-ით მეტი, ვიდრე გუშინ), მათგან 1194 – ლომბარდიაში. გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა ლომბარდიაში, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, 4178-ია (402-ით მეტი, ვიდრე გუშინ).
სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსი კომისარი ანჯელო ბორელი ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბებს; ბორელიმ, აგრეთვე, ივარაუდა, რომ ქვეყანაში რეალურად კორონავირუსით ინფიცირებული 10-ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალურად დარეგისტრირებული მაჩვენებელი.
„შეფარდება ერთი დადასტურებული ინფიცირებული 10 გამოუვლენელ შემთხვევაზე სავსებით რეალურია“, – განაცხადა ანჯელო ბორელიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში იტალიამ ჩინეთს გაუსწროს ინფიცირების შემთხვევათა მაჩვენებლით (ცნობისათვის, ამ დროისთვის ჩინეთში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების 81 591 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 3281 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 73 280. გასულ დღე-ღამეში ჰუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა).
24 მარტს იტალიის მთავრობამ ახალი დეკრეტი მიიღო, რომლის თანახმადაც შეზღუდვების დარღვევებისთვის ჯარიმები 400-იდან 3000 ევრომდე იზრდება (ადრე დაწესებული 206 ევროს ნაცვლად). იტალიის პოლიცია ბევრგან სიტუაციის კონტროლისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს – დრონებს და არმიის დახმარებასაც მიმართავს, რადგან მიუხედავად გაფრთხილებისა და სანქციებისა ყოველდღიურად მიღებული წესების დარღვევის ასობით ფაქტი ფიქსირდება. იტალიის შს სამინისტროს მონაცემებით, უკვე დაფიქსირებულია 60 ათასზე მეტი დარღვევა. რეგიონის ხელისუფლებებს უფლება მიეცათ, სხვა ზომებიც გამოიყენონ – კერძოდ, ნებისმიერი აქტივობის 30-დღიანი შეზღუდვა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მთავრობა შეზღუდვების მკაცრ ზომებს 31 ივლისამდე აგრძელებს, თუმცა კონტემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ეს ვადა, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, არის საგანგებო მდგომარეობის და არა მკაცრი შეზღუდვების ვადა.
[arve url=”https://vs.ansa.it/sito/video_mp4_export/i20200324200651072.mp4″ /]
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები