საქართველოსაზოგადოება

„მადლიერების ტაში“: თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობამ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

„გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს“, – ამ შინაარსის ღონისძიება სახელწოდებით „მადლიერების ტაში“ Facebook-ზე შეიქმნა.

საქართველოში 18 მარტს, ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს.

ადამიანები აივნებზე გამოვიდნენ, ნაწილი ქუჩებში შეიკრიბა და ტაშით გაამხნევეს ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ქართველი ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, „მადლობის ტაშის“ აქციას მეხანძრე-მაშველებიც შეუერთდნენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ტუღუში „მადლიერების ტაშს“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით. დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა – მე ქვეყანას ვემსახურებიო და მივხვდი, რომ ესაა ყველაზე დიდი საქმე რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ჩვენ ხალხს ჩვენ საქართველოს ვემსახურებით უ ს ა ს ყ ი დ ლ ო თ. ….დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს“, – წერს ექიმი  მარინა ტუღუში.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც „ტაშის აქცია“, რბილად რომ ვთქვათ, არ მოეწონათ და ცინიზმით და ირონიით გამოეხმაურნენ. აი, რას წერს ნოდარ ლადარია თავის ფეისბუქგვერდზე:

„რა ხდება? ხალხი ტაშს უკრავს იმას, რომ მთელი საქართველოს ექიმობა უვლის კარანტინში გამოკეტილს ოცდაათ საშუალო სიმძიმის ინფიცირებულს?

სხვას არაფერს ვიტყვი, მაგრამ ემოციური სტაბილურობა ისეთი დაბალია, რომ სწორედ ექიმები უნდა იყვნენ ფრთხილად: ოდნავი გადაცდენა და იგივე ბრბო, როგორც იტყვიან, ნაკერავზე გაგხევთ“.

შეგახსენებთ, რომ ექიმებისადმი მადლიერების გამოსახატად ფლეშმობი „აპლოდისმენტები ექიმებს“ ესპანეთსა და საბერძნეთშიც გაიმართა. 

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close