იტალიასაზოგადოება

კორონავირუსისგან ბერგამოში ოჯახის ექიმი გარდაიცვალა

ბერლუსკონი ლომბარდიის რეგიონს 10 მილიონ ევროს სწირავს

იტალიის ექსპრემიერი, პოლიტიკოსი და მედიამაგნატი, მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი ლომბარდიის რეგიონს 10 მილიონ ევროს სწირავს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანხა განკუთვნილია მილანში, ფიერა დი მილანოს პავილიონში ახალი საავადმყოფოს აღჭურვილობის შესაძენად და სხვა საგანგებო სიტუაციებისთვის.

როგორც ცნობილია, ლომბარდიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა კორონავირუსის მხრივ. რეგიონის უზრუნველყოფის საკითხებში მრჩეველმა ჯულიო გალერამ 17 მარტს განაცხადა, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები 3-4 დღეში უნდა ჩამოვიდეს ახალ „საველე ჰოსპიტალში“, რომელსაც საგანგებოდ კორონავირუსით დაავადებულთათვის აშენებენ ფიერა დი მილანოს (მილანის ბაზრობა) ტერიტორიაზე.

„ჩვენ, – განცხადა გალერამ, – ცოტა დრო გვაქვს. გუშინ რეგიონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები თითქმის აღარ დარჩა. როდესაც 10-ზე მოვიდა ცნობა, რომ წითელი ჯვარი მზადაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 40 აპარატი შემოგვწიროს, სიხარულისგან კინაღამ ავტირდი. ჩვენ ზღვარზე ვიმყოფებით“.

ამ დროისთვის ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 16200-ს აღწევს. გარდაიცვალა 1640 პაციენტი (220 – გასულ ერთ დღე-ღამეში), ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულია 879 ავადმყოფი (+56 გასულ ერთ დღე-ღამეში).

რთული ვითარებაა ბერგამოს პროვინციაში (ლომბარდია). გუშინ Papa Giovanni XXIII-ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ოჯახის ექიმი, 65 წლის მარიო ჯოვიტა. იგი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს და მისი მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. ეს ოჯახის ექიმის გრდაცვალების პირველი შემთხვევაა იტალიაში. როგორც გამოცემა „ანსა“ იუწყება, ბერგამოში 100 ოჯახის ექიმია ინფიცირებული კორონავირუსით და ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

“Il Messaggero“-სთან ინტერვიუში მილანის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ფაბრიციო პრელასკო ამბობს, რომ იტალიელები ჯერ არ უნდა ელოდონ სიტუაციის გაუმჯობესებას გატარებული ღონისძიებების გამო.

მისი თქმით, „პირველი დადებითი სიგნალი რომ გამოჩნდეს, კიდევ დაახლოებით ერთი კვირა იქნება საჭირო, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვის კლება დაახლოებით 2 კვირის შემდეგ დაიწყება. … რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის განვითარების ტენდენციებიდან და იტალიის მონაცემებიდან გამომდინარე, იტალიაში პრობლემა, სავარაუდოდ, მაისიდან ივნისამდე პერიოდში მოგვარდება“, – ამბობს პროფესორი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close