საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომებს ამკაცრებს

იხურება საბერძნეთის საზღვარი ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შეჩერდა ავიამიმოსვლა ესპანეთთან

დღეს ათენში, მეღარო მაქსიმუში  (Μέγαρο Μαξίμου, პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია) საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით შეწყდა სამანქანო, საზღვაო და საჰაერო  კავშირები ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. შეზღუდვა არ ეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს, როგორიცაა ტვირთბრუნვა/საქონლის ტრანსპორტირება და საბერძნეთის მოქალაქეების ან საბერძნეთის მაცხოვრებლების დაბრუნება ქვეყანაში. ინფორმაციას cnn.gr ავრცელებს.

ამავდროულად, ინტენსიური მომზადების შემდეგ, იხსნება სახელმწიფო საავადმყოფოს ფლიგელები, რომლებიც გამიზნულია ექსკლუზიურად კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის.

ასევე სამუშაოდ დაემატა 70 ადამიანი ნომერ 1135-ზე, რომელიც ინფორმაციის მიღების შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა:

  • ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან საგზაო, საზღვაო და საჰაერო კავშირების შეზღუდვა, საქონლის ტრანსპორტირებისა და საბერძნეთის მოქალაქეობის მქონე პირების და საბერძნეთის მაცხოვრებლების ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევების გარდა.
  • მგზავრთა გადაადგილების შეჩერება იტალიიდან და იტალიაში მოგზაურობის მიზნით. საქონლის ტრანსპორტირება გრძელდება.
  • საბერძნეთის პორტებში საკრუიზო ლაინერების და გემების შემოსვლის აკრძალვა.
  • ესპანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა.
  • უცხოეთის საელჩოების დახმარებით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევა, რომ უახლოეს დღეებში საბერძნეთისათვის მოიძიონ სამედიცინო ნიღბები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც რეზერვები აქვთ და შეუძლიან საბერძნეთს მიაწოდონ.
  • იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს ჩაიდენენ და გამოცხადებულ შეზღუდვებს დაარღვევენ, დაწესებულია ჯარიმა 5000  ევროს ოდენობით.
  • შეჩერდა „ნეა დიმოკრატიას“ საპარლამენტო, აგრეთვე, საოფისე მუშაობა.
  • ასევე განიხილეს სუპერმარკეტებსა და  ბაზრებში ხალხმრავლობის თავიდან აცილების გზები.

მთავრობა ვალდებულებას იღებს, გაატაროს  ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მოქალაქეებმა, თავის მხრივ, ასევე უნდა აჩვენონ მაქსიმალური ინდივიდუალური და სოციალური პასუხისმგებლობა.

პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი პირადად დაუკავშირდა მეუფე იერონიმეს და სთხოვა, რომ მღვდელმსახურება, საეკლესიო ლიტურგია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დაუშვას მინიმალური ადამიანის თანდასწრებით. ეს საკითხი წმიდა სინოდის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

* * *

ამ დროისთვის საბერძნეთში ოფიციალურად დარეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 331 შემთხვევა, დღეს 103 ახალი პაციენტი გამოვლინდა.

დღეს ცნობილი გახდა მე-4 პაციენტის გარდაცვალების შესახებ – 53 წლის მამაკაცი ახეპას კლინიკაში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი კასტორიეს ერთ-ერთი საავადმყოფოს სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში მუშაობდა.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტს გულის პრობლემები ჰქონდა, კორონავირუსულმა დაავადებამ მისი მდგომარეობა გაართულა და საბოლოოდ ლეტალურ შედეგამდე მიიყვანა.

ორი ლეტალური შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 

კორონავირუსის გამო გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საბერძნეთში 12 მარტს დაფიქსირდა. 

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close