fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

რას გვიყვებიან იტალიიდან ქართველი ემიგრანტები და რას ურჩევენ საქართველოში მყოფ თანამემამულეებს

როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები იტალიაში, სადაც დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული ვითარებაა კორონავირუსის მხრივ?

nostal.ge იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა, რომლებიც ჩვენს მკითხველს უყვებიან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობენ, როგორ უმკლავდებიან შექმნილ სიტუაციას, რას ფიქრობენ, რა მოლოდინი აქვთ და აპირებენ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას… 

მაია ლომიძე – 8 წელია ემიგრაციაშია, ცხოვრობს ქ. ბარიში:

უსულო ქალაქს დაემსგავსა ბარი, ისევე, როგორც იტალიის სხვა ქალაქები. ქართველების ყველაზე საყვარელი ქუჩა ვია სპარანო დღის განმავლობაში ცარიელია, მაღაზიები – დაკეტილი. საშინელი შეგრძნებაა.

მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული და სტრესულია, მაგრამ  ჩვენ ისედაც შეჩვეული ვართ და დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს სახლში დარჩენა. ბევრს გვიმუშავია და ვმუშაობთ სახლიდან გამოუსვლელად. ამ სტრესულ მდგომარეობაში ჩვენი მოხუცები ბევრად უფრო შეშინებულები არიან, რადგან გამუდმებით ცხადდება, რომ ამ ვერაგმა ვირუსმა, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები დაჯაბნა.

მე და ჩემი ბებო ყოველგვარი აღელვების გარეშე ვემორჩილებით იტალიის მთელ ტერიტორიაზე მიღებულ ახალ კანონმდებლობას, ვრჩებით სახლში, გავთიშეთ ტელევიზორი, სადაც გამუდმებით ამ ვირუსზეა საუბარი. ჩემი ბებო მუსიკოსია, მინიკონცერტებს გვიტარებს  და არცთუ ისე უინტერესოდ ვატარებთ დღეებს.

სხვა ქვეყნებს თავიდანვე რომ გაეთვალისწინებიათ  ჩინეთში შექმნილი  მდგომარეობა და სერიოზულად მიდგომოდნენ ამ საკითხს,  ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ქართველები, ისევე როგორც იტალიელები, ვსარგებლობთ ყველანაირი დახმარებით. იტალია ისედაც ძალიან ჰუმანური ქვეყანაა  ამ მხრივ, არასოდეს არ განასხვავებს საბუთიანს და უსაბუთოს, ქართველს და იტალიელს… დახმარება ვისაც სჭირდება, ყოველთვის მზად არიან და ეხმარებიან.

ასე გამოიყურება დღეს ვია სპარანო, ქართველების საყვარელი ქუჩა ბარიში; მაია ლომიძის ფოტო

ზოგი ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე. მე ასეთ ვითარებაში არსად წასვლაზე არ მიფიქრია, რადგან ეს იქნება ღალატი იმ ოჯახის, სადაც 4 წელია ვმუშაობ და ამ კრიტიკულ სიტუაციაში ისედაც შეშინებულ ორ მოხუცს ახალ პრობლემას ვერ  შევუქმნი. ვერც ჩემს მეგობრებს დავტოვებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. და, რაც მთავარია, ვფიქრობ, საქართველოში ჩემდაუნებურად რამე არ ჩამოვიტანო.

ყველას და განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს  ვუსურვებ სულის მხნეობას, ჯანმრთელობას და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას. არ შეშინდეთ! კორონა და  კორონას ცოცხალი ბიძაშვილებიც კი ვერაფერს დაგვაკლებენ!

მელი თურმანიძე, პროფესიით ბიოლოგი; უკვე 14 წელია ემიგრაციაშია, ცხოვრობს ქალაქ მილანში, ოჯახთან ერთად:

სიტუაცია საკმაოდ მწვავეა, ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ვცხოვრობთ.

ლომბარდიის რეგიონი, ისევე როგორც მთელი ნახევარკუნძული, კარანტიში იმყოფება. დევიზი „დარჩი სახლში“ უკვე არის არა უბრალოდ მოწოდება, არამედ ვალდებულება! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა გამოკეტილია სახლებში და მოკლებულია საარსებო პირობებს. აქტიურ რეჟიმში მუშაობს აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები.

დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული კანონის თანახმად, იკრძალება უმიზეზოდ გარეთ გასვლა. მიზეზი სერიოზული და დასაბუთებული უნდა იყოს.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ისჯება ყველა, მნიშვნელობა არ აქვს, იტალიელია იგი თუ სხვა ეროვნების; საბუთი აქვს თუ უსაბუთოა. გაზეთებში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, კანონდაუმორჩილებლობა ისჯება სხვადასხვა მუხლის შესაბამისად, რასაც დანაშაულის სიმძიმე განსაზღვრავს.

უმიზეზოდ გარეთ ხეტიალზე შეიძლება შეგვეფარდოს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ან ჯარიმა 206 ევროს ოდენობით. შესაბამისად, მძიმდება სასჯელი ავადმყოფობის დამალვის, ან მისი მიზანმიმართულად გავრცელების შემთხვევაში და ასე შემდეგ…

თუ აუცილებლად უნდა გავიდეთ გარეთ, სავალდებულოა ვიქონიოთ სამუშაო კონტრაქტი და საშვი, იგივე ავტოსერტიფიკატი. ბლანკის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან.

ადგილობრივსა თუ ემიგრანტ მოსახლეობას შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს. იტალიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ზრუნავს ნებისმიერ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, ის კანონიერად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე თუ არალეგალია.

რამდენადაც ვიმყოფებით ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, იმდენად მძიმე ვითარებაა საავადმყოფოებში და ყოველი ახალი პაციენტის გამოჩენა კიდევ უფრო ამძიმებს საერთო მდგომარეობას, ამიტომ სასურველია გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და დავიცვათ თავი ვირუსისგან. დაავადების შემთხვევაში უსაბუთო ემიგრანტსაც, არა თუ აქვს უფლება, ვალდებულია, განაცხადოს საკუთარ კრიტიკულ მდგომარეობაზე, რათა დროულად იქნას მიღებული ზომები.

მსგავსი პანდემიის შემთხვევაში სრული სიმშვიდის შენარჩუნება ადამიანისთვის არც ისე იოლია. იტალიელებსაც ჩვეულებრივი რეაქციები აქვთ.

ინსტინქტური და მცდარი იყო მათი რეაქცია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ეროვნების მოქალაქეების, კარანტინის გამოცხადებისას მაღაზიებს რომ მიაწყდნენ საკვები პროდუქტების მარაგის შესაძენად. მცდარი იყო, რადგან სასურსათო მაღაზიები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და პროდუქტის შეძენა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ხალხით გადატენილ სუპერმარკეტებში ყოფნა კი მეტად სახიფათოა…

ასევე, ინსტინქტური იყო მოსახლეობის სამხრეთისკენ გადინება კარანტინის წინა დღეებში, რამაც აშკარად ხელი შეუწყო ვირუსის აქტიურ გავრცელებას, თუმცა, ამავდროულად, იტალიელი ერი მეტად ოპტიმისტი და პოზიტიურია! მათ ძალიან უყვართ სამშობლო და სჯერათ, რომ მალე დავამარცხებთ ვირუსს. ხშირად ნახავთ გაჩერებებზე თუ ვიტრინებზე, თანადგომის ნიშნად გამოკრულ ხელნაწერებს „Tutto andrà bene!“, რაც ნიშნავს „ყველაფერი კარგად იქნება“, აივნებზე გამოფენილ იტალიის დროშებს. ყველაფერი ეს ძალიან დადებითად მოქმედებს და უნებურად იმედით გავსებს!

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, არავითარი პანიკა. გულისყურით და ყურადღებით მოვისმინოთ ექიმების რჩევები და გავითვალისწინოთ, ვიქონიოთ ნდობა და რწმენა!

ეკა კვესტაძე, ფსიქოლოგი; 5 წელია ემიგრაციაშია და ფლორენციაში ცხოვრობს.

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო ემიგრანტებო!

უკვე მე-5 წელი დაიწყო, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები, გამოვიცვალე არაერთი სამსახური, შევეჭიდე და გადავლახე არაერთი პრობლემა, დავძლიე ათასგვარი სირთულე, მაგრამ რაც დღეს ხდება, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მართალია არც მშიშარა ვარ და არც პანიკაში ჩავვარდნილვარ, მაგრამ ზოგადი სიტუაცია მაინც უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე. მით უმეტეს, როცა შენს ირგვლივ ათობით შეშინებულ ადამიანს ხედავ…

თუმცა, სიყვარულის ნაკლებობა განაპირობებს შიშის გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, შიში უფრო მეტ საქმეს გაკეთებინებს, ვიდრე სიყვარული…

როგორც ფსიქოლოგი, უფრო მეტ სულიერ სიმშვიდეს ვურჩევდი ყველას, უფრო საღად შევხედოთ მოვლენებს… ჩემთვის ფრიად იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ქართველი ემიგრანტები არ გვყავს…

გვიყვარდეს ერთმანეთი, ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა, მხარში ამოდგომა და მადლიერება, ამის შემდეგ კი, გარწმუნებთ, ვერანაირი ვირუსი ვერ დაგვამარცხებს….

დონარა გაბეხაძე, მკერავ-დიზაინერი; 9 წელია ემიგრანტია, ცხოვრობს ქალაქ პალეზეში (ბარის პროვინცია, აპულიის რეგიონი, სამხრეთ იტალია)

მოგესალმებით.

სიტუაცია მძიმეა მთელი იტალიის მასშტაბით და ასევე ჩემს ქალაქშიც. დაცარიელებული ქუჩები… დაკეტილი მაღაზიები… მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები. ირგვლივ სრული სიწყნარეა… ჩემს ქალაქში არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა, მაგრამ ხალხი ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის და მთავრობის რეკომენდაციებს, გარეთ არ გავდივართ და არ ვკონტაქტობთ ადამიანებთან, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობთ.

ჩემს ქალაქში ბევრი ჩემი თანამემამულე ცხოვრობს და ყველანი დაცულები ვართ ჩვენი მოხუცების ოჯახებში. გვიცავენ ისე, როგორც იცავენ თავიანთ მშობლებს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში როგორი დაცულები აღმოვჩნდებით, არ ვიცი, სიტუაციიდან გამომდინარე ამის ნაკლები იმედი მაქვს. საავადმყოფოები დატვირთულია პაციენტებით და ჩვენ არ ვართ გარანტირებული, ვინმემ წინ დაგვაყენოს და ხარისხიანი მკურნალობა მივიღოთ. ამას თან ერთვის ჩვენი უსაბუთობაც.

აუცილებლად მეტად უნდა გააქტიურდეს საელჩოები როგორც საქართველოში, ისე აქ – ბარიში. უნდა იყვნენ სულ კონტაქტზე და ყველა ემიგრანტის ზარებს უპასუხონ. დააყენონ საკითხი იმ ემიგრანტების დაბრუნებისა საქართველოში, ვისაც სურვილი აქვს. სამწუხაროდ, ქართულ დიასპორას ეს ფუფუნებაა არ გვაქვს იტალიაში და ვართ უფლის იმედზე.

მაყვალა რაზმაძე, დიასახლისი, 4 წელია ემიგრაციაშია, ცხოვრობს ფლორენციაში.

ოთხი წელია, რაც ემიგრაციაში ვარ. ვიმყოფები ქალაქ ფლორენციაში, რომლის ულამაზესი ქუჩები და მოედნები დღეისათვის ისეა დაცლილი, აგეტირებათ. ამ ეტაპზე აქაც, როგორც მთელ იტალიაში, გამოცხადებულია კარანტინი. გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ისიც სპეციალური საშვის მეშვეობით. ზოგადად, პანიკა ნამდვილად არ არის – დეკრეტით დადგენილ წესებს ვემორჩილებით.

ვისი სამსახურიც შესაძლებლობაც იძლევა, დისტანციურად სახლიდან მუშაობენ. ჩვენ, ვინც  ოჯახებში ვართ დასაქმებულები, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე   უმუშევრად დარჩენილი ქართველები, რადგან ბევრი მათგანი კარიტასის დახმარების იმედად იყვნენ, იქ სადილობდნენ და ამ ეტაპზე ისიც დაიხურა გაურკვეველი დროით… მაგრამ აქ მშიერი არავინ რჩება, ქართველები ერთმანეთს ხელს აშველებენ და იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი დროებითია. იტალია აუცილებლად გადალახავს ამ განსაცდელს. მთავარია არ ავყვეთ პანიკას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მივყვეთ დადგენილ ნორმებს.

ნინია ბერიძე, ინჟინერი, 13 წელია ემიგრაციაშია.

ამჟამად ავსტრია-სლოვენიის საზღვართან ვარ. ბებიასთან და მის ქალიშვილთან ვცხოვრობ. რთული ვითარებაა ძალიან, გარეთ გახედვაც აღარ შეიძლება. პოლიცია პატრულირებს მთელი ღამე, გარეთ არ გამოხვიდეთო. ერთადერთი სასურსათო მაღაზიები მუშაობს დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე.

აქ ქართველები ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ – მთებში და შორეულ სოფლებში, მაგრამ აქაც განგაშია. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. არა მგონია ჩვენ რამედ ჩაგვაგდონ ასეთი საგანგაშო მდგომარეობის დროს ქვეყანაში, სადაც ამბობენ, რომ თუ ასარჩევია, ჯობია დავეხმაროთ 40 წლის ინფიცირებულს, ვიდრე სამოცისასო; ვფიქრობ, უნდა შეგვეშინდეს. არაა იოლი ასე შორს, ოთხი ათასი კილომეტრის მოშორებით და ასე დაუცველად გრძნობდე თავს, როგორც ახლა.

იტალიელები ძალიან არასწორად შეხვდნენ ამ ვითარებას – ხალხის დაუდევრობაა, ამ დღეში რომ ვართ. არ გაუფრთხილდნენ ოჯახებს და ირგვლივ მყოფებს, არ დაიკეტა ბარები და რესტორნები ბოლო წუთამდე; ასევე, ყავახანები. არსად არ იყო ერთჯერადი ჭურჭელი; ღია იყო აუზები და სავარჯიშო ცენტრები და აი, შედეგიც მივიღეთ.

მე მტკივა იტალია და მაწუხებს ამ ხალხის ბედი, რამეთუ 13 წელია აქ ვარ, მაგრამ ვბრაზობ მათზე – მგონი, ჩინეთმა კი არა, იტალიამ შეუქმნა დედამიწას ეს ვითარება. ძალიან ვეჭვობ, რომ სამ აპრილამდე მდგომარეობა შეიცვალოს. ძალიან გაექცათ ვირუსი, შეიძლება მეც დაინფიცირებული ვარ და არ ვიცი ამწუთას, ამიტომ მნიშვნელოვანია თვითიზოლაცია, უნდა ჩაიკეტონ ადამიანები სახლებში, რადგან ბევრმა არ იცის, არის თუ არა ვირუსის მატარებელი. ის შეიძლება ახალგაზრდაა და იოლად გადალახოს ეს ვერაგი დაავადება, მაგრამ დააინფიციროს ათი ადამიანი მაინც.

მინდა, საქართველო და ქართველი ხალხი არ აღმოჩნდეს ასეთი დილემის წინაშე – არ შეხედოთ ამ საშინელ ჭირს ზერელედ. დედამიწამ უნდა დაძლიოს ეს სენი. მიყვარხართ, ჩემებო, ჩვენ დავბრუნდებით!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close