ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების კლინიკური სიმპტომები ამ დაავადების აფეთქების საწყის ეტაპთან შედარებით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალ Social Science Research Network-ზე (SSRN) 2 მარტს გამოქვეყნდა.
მეცნიერები კვლევის ფარგლებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობას 89 პაციენტში აკვირდებოდნენ უჰანის უნივერსიტეტის ჟენმინის საავადმყოფოში.
COVID-19-ით დაავადებული პაციენტები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთ ჯგუფში იყვნენ ისინი, ვინც 16-იდან 22 იანვრამდე პერიოდში დასნებოვნდა ახალი ვირუსით (31 ადამიანი), მეორეში – ისინი, ვინც 23 იანვრიდან 29 იანვრამდე პერიოდში დაინფიცირდა (58 ადამიანი).
პირველი ჯგუფის პაციენტების უმეტესობას მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ნახველის გამოყოფა და ლიმფოციტების შემცირებული დონე უფიქსირდებოდა.
მეორე ჯგუფის პაციენტებს კი ეს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებოდათ, ან გაცილებით სუსტად ჰქონდათ გამოხატული.
ორივე ჯგუფის პაციენტების საერთო სიმპტომები იყო: ხველა, გულისრევა, დიარეა და სიმძიმე გულმკერდის არეში.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიმპტომების ცვლილება შეიძლება ნიშნავდეს კორონავირუსის თანდათანობით ცვლილებას, რომელიც უფრო და უფრო ემსგავსება ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს. მათი თქმით, ამაზე ირიბად მეტყველებს საინკუბაციო პერიოდის ზრდაც.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახალი კორონავირუსისთვის უცხო გარემო (ადამიანის ორგანიზმი) უკვე ნაცნობი ხდება და ის ნაკლებად აგრესიულად იქცევა? – ასეთ სცენარს ვარაუდობს ზოგიერთი ვირუსოლოგი. თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობაც საგრძნობლად უნდა შემცირდეს და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა პროცენტულად გაიზარდოს, სიკვდილიანობის პროცენტითაც კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპს უნდა დაუახლოვდეს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 3,4%-ია, მაშინ როცა ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში საშუალოდ ინფიცირებულთა 1% იღუპება). იქნებ სწორედ ამასთან არის კავშირში ჩინეთში ბოლო დღეების განმავლობაში ლეტალური შემთხვევების პერმანენტული კლება (გუშინ – 28 ადამიანი, გუშინწინ – 30) და გამოჯანმრთელებულთა პროცენტული ზრდა (დაახლოებით 69% გამოჯანმრთელდა).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ზაფხულის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას არ ელოდებიან, თუმცა ვინ იცის?!
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები