როგორ უნდა მოიქცნენ იტალიიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები?
მათ დაბრუნებას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს
საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებიან და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა, სამშობლოში ჩამოსვლას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ამისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე – [email protected] გამოგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების ან ბილეთების ჯავშნის ასლები“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყება განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე, იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა დროებითია და იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციის რისკების შემცირებამდე მოქმედებს.
იტალიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარზე შეზღუდვებიც დაწესდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები