ცვლილება რანდევუს ჩანიშვნის წესში
პოსტში შევეცდები დეტალურად აგიხსნათ ის ნეგატიური ცვლილება, რომელიც ამ განცხადებაშია. შესაბამისად, გთხოვთ პოსტი გულდასმით წაიკითხოთ.
როგორც იცით, ატიკის ნახევარკუნძული, საბუთების გაკეთების თვალსაზრისით, დაყოფილია 4 ნაწილად: პალინი, პირეა, ათენის Α და ათენის Β. შესაბამისად, საბუთების ჩაბარება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში გაქვთ საცხოვრებელი.
ეს განცხადება ეხება მხოლოდ ათენის Β უწყებას. ამ განცხადების მიხედვით, იმისათვის, რომ დანიშნოთ რანდევუ (ჩაბარების თარიღი) ათენის Β-ში, აუცილებელია წინასწარ წარადგინოთ საბუთი, რომელიც თქვენი საბერძნეთში 7 წლის წინ ყოფნას დაადასტურებს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე, ამ უწყების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, რომ 7 წლის შესრულების გარეშეც მოგვეთხოვა რანდევუ, და შესაბამისად, მოგვეგო მნიშვნელოვანი დრო (დაახლ. 1 წელი), ახლა უკვე ჯერ უნდა შეასრულოთ 7 წელი და მერე მოვითხოვოთ, დაგვინიშნონ ჩაბარების თარიღი. ასე გამოდის, რომ მინიმუმ 1 წელი იკარგება, რადგან ათენის Β-ში, რანდევუს დანიშვნას სწორედ ამდენი დრო სჭირდება.
ალბათ გეცოდინებათ, რომ ჩამოთვლილი 4 უწყებიდან, განსაკუთრებით პალინს ყველაზე მეტი ხარვეზი აქვს. პირეასაც ძალიან დიდი პრობლემა აქვს, როგორც რანდევუს დანიშვნის ისე საქმის გონივრულ დროში დამუშავების თვალსაზრისით. ათენის Α-ს ძირითადი პრობლემა ისაა, რომ რანდევუ ინიშნება ძალიან დიდი ხნის შემდეგ (დაახლ. წელიწად-ნახევრის შემდეგ). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ათენის Β სხვებზე უკეთესად მუშაობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ უწყების შემთხვევაშიც სიტუაცია უარესდება.
ამ განცხადების მიხედვით, ცვლილება ძალაშია 3 მარტიდან. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, რომ ვინც ეკუთვნით ამ უწყებას და უკვე ადასტურებთ თითქმის 6 წელიწადს, მიმართოთ ან ამ უწყებას ან ადვოკატს, რომ 3 მარტამდე ჩანიშნოთ რანდევუ.
3 მარტის შემდეგ, ისინი ვინც მაგ., ადასტურებთ 6 წელს, მოგიხდებათ, რომ დაიცადოთ კიდევ ერთი წელი და მერე დანიშნოთ რანდევუ. თავად რანდევუ კი დაინიშნება დაახლ. 1 წლის შემდეგ. ანუ გამოდის, რომ ამ ცვლილების შემდეგ, როცა ჩააბარებთ საბუთებს, უკვე შესრულებული გექნებათ საბერძნეთში ცხოვრების არა 7, არამედ 8 წელი.
ზოგადად, ეს კანონი, რომლის მიხედვითაც გაქვთ უფლება, სრულიად არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს, გააკეთოთ ბინადრობის უფლება (ადია დიამონი) მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ადასტურებთ ქვეყანაში ცხოვრების 7 წელს, არის ლეგალიზაციის უნიკალური შანსი, რომლის ანალოგიც სხვა ევროპულ ქვეყნებში რთულად თუ მოიძებნება.
ჩემი გულითადი რჩევა ყოველთვის იყო, რომ გამოიყენოთ ეს შანსი და იცხოვროთ ქვეყანაში კანონიერად.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
კომენტარები