ისტორიაქართველები უცხოეთში

რომელი ქართველი უფლისწულის თვალთმაქცობებმა უკარნახა გოგოლს „მკვდარი სულების“ შექმნის იდეა და როგორ მოახერხა მან „მკვდრეთით აღდგომა“

გიორგი გრუზინსკის შესახებ ქართულ მედიაში არაფერი დაწერილა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ის აკმაოდ ცნობილიფიგურა იყო. მას „ვოლგელ მეფესაც“ ეძახდნენ თავისი გავლენისა და ფუფუნებისადმი დაუოკებელი მიდრეკილებების გამო.

გიორგი გრუზინსკი ქართველი უფლისწულის, ბაქარის შვილიშვილი გახლდათ. მათი სამემკვიდრეო იყო ვოლგისპირა დაბა, ლისკოვო. აღსანიშნავია, რომ ეს მხარე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში კარგად იყო ცნობილი ტაძრების დიდებულებით. სწორედ აქ, 1749 წლიდან 1808 წლამდე, ინახებოდა უდიდესი ქართული სიწმინდე – წმინდა ნინოს ჯვარი.

გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის ლისკოვოს მამულები მემკვიდრეობით ერგო. თანამედროვენი მას ხშირად „ვოლგელ მეფეს“ უწოდებდნენ, მისი წარმომავლობის, თვითნებობისა და ფუფუნებისადმი მიდრეკილების გამო. ის საოცრად წინააღმდეგობრივი და ეპატაჟური ფიგურა გახლდათ. მასში ერთდროულად თავმოყრილი იყო ისეთი თვისებები, რომლებიც, ძირითადად, ერთ ადამიანში ვერ თავსდება: ზღვარგადასული თავაშვებულობა და ენით აუწერელი ქველმოქმედება, წვრილმანებზე გამოკიდება და გულითადობა, მემამულური თვითნებობა და რუსული პატრიოტიზმი. გიორგი ეკლესია-მონასტრებს უხვად სწირავდა ფულს და გუბერნიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. საკმარისია ითქვას, რომ შვიდჯერ იყო არჩეული ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლად. 1812 წელს, რუსეთსა და ნაპოლეონის საფრანგეთს შორის ომის დროს, მან ნიჟეგოროდელთაგან პირველმა წარმოთქვა სახალხო ლაშქრის შექმნის იდეა, შემდეგ თვითონვე ჩაუდგა სათავეში ლაშქარს და მთელ ბატალიონს საკუთარი ხარჯით ინახავდა. ლისკოველმა მემამულემ იცოდა რამდენიმე ენა – ფრანგული, იტალიური, გერმანული, დაინტერესებული იყო გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, ფიზიკით, ფორტიფიკაციით, არტილერიით.

მას არაერთხელ ჩაუდენია სხვადასხვა სახის მაქინაცია ყმა გლეხების დოკუმენტებთან დაკავშირებით. თავის გლეხებს ის სიკვდილითაც კი სჯიდა, მაგრამ იმავდროულად, დევნილებს თავისთან სხვადასხვა დოკუმენტით იფარებდა. არსებობს ვერსია, რომ მისმა თვალთმაქცურმა თაღლითობებმა უკარნახა გოგოლს „მკვდარი სულების“ შექმნის იდეა. საქმე ის გახლავთ, რომ გოგოლი გიორგის ასულ ანას ახლო მეგობარი იყო. ანა ცოლად ჰყავდა სინოდის ობერპროკურორს, გრაფ ტოლსტოის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ანასა და გრაფის ოჯახში აღესრულა გოგოლი.

გოგოლის გარდა, გრუზინსკის მელნიკოვ-პეჩორსკის „ძველ წლებში“ თავად ზაგორსკის პროტოტიპადაც მიიჩნევდნენ. როგორც ჩანს, ის იმდროინდელი მემამულის სახეს კარგად ასახავდა და მისი საქციელი შთაგონების წყაროდ იქცა რუსი ავტორებისთვის.

ისეთი დონის თაღლითი იყო, ყველა სიტუაციიდან რომ იძვრენდა თავს. ნიჟეგოროდში დღემდეა შემორჩენილი ასეთი გადმოცემა: გლეხებისადმი უმკაცრესი და უკანონო მოპყრობის გამო გრუზინსკი სასამართლოს გადასცეს, მაგრამ მან ამ საქმიდან ძალიან მოხერხებულად დაიძვრინა თავი – საჭირო ხალხი მოისყიდა და საკუთარი, ძალიან მდიდრული დაკრძალვა მოაწყო. ამის გამო ის სამი წლის განმავლობაში – 1798-დან 1801 წლამდე, გარდაცვლილად ირიცხებოდა, მანამ, სანამ პავლე პირველი სიცოცხლეს არ გამოასალმეს. „მკვდრეთით აღდგა“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტახტზე ალექსანდრე პირველი ავიდა, რომლისგანაც შეწყალება მიიღო.

თავად გრუზინსკის უამრავი უკანონო შვილი ჰყავდა, იმდენად ბევრი, რომ მათი ზუსტი რაოდენობა თვითონაც არ იცოდა. ცნობილი ფაქტია, რომ გრუზინსკის სახლთან ყოველდღე იდგა სპეციალური კალათა, სადაც ყველა ქალს შეეძლო, ჩაეწვინა თავადისგან შობილი ჩვილი. იცოდა, რომ კალათში შეიძლება, სხვისი შვილიც ჩაეწვინათ, მაგრამ მიუხედავად მისი ხასიათის ბევრი ცუდი თვისებისა, ის არც არკვევდა ბავშვის წარმომავლობას და კალათში აღმოჩენილ ყველა ბავშვს, რომელთა რიცხვიც ასს აღემატებოდა ინახავდა და განათლებასაც აძლევდა.

მას ყოველთვის მოსწონდა თავნებური გამოხდომები და თავისი სიმდიდრის დემონსტრირება. რაკი თავს მაკარის ცნობილი ბაზრობის პატრონად მიიჩნევდა, ბაზრობის სეზონის გახსნისას გიორგი გრუზინსკი მეფურად შეგრიალდებოდა იქაურ ტერიტორიაზე მოოქრული კარეტით, რომელშიც თორმეტი ცხენი იყო შებმული. მის მობრძანებამდე არ იწყებოდა საეკლესიო მსახურება წმიდა მაკარის მონასტერში. „ვოლგელ მეფეს“ მოთმინებით ელოდნენ არქიმანდრიტიც და გუბერნატორიც.

ბუნებრივია, რომ ცნობილ მემამულეს თავისი კარ-მიდამოც მეფურად ჰქონდა მოწყობილი. თვით სახლი კლასიციზმის მანერით იყო ნაშენები, ხოლო გარს მშვენიერი პარკი აკრავდა ორანჟერეებითა და წყალსატევებით. იქვე, შორიახლოს მისივე შემოწირულობებით აგებული ამაღლების ტაძარი იყო. მიჩნეულია, რომ მთავარი ტაძრის არქიტექტორი თავადი გრუზინსკი გახლდათ, რომელიც ამ სფეროში საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო და კარგი გემოვნებაც ჰქონდა. სწორედ გრუზინსკის ადგილ-მამული და მისი შემოგარენი გახდა ლისკოვოში ქალაქის განაშენიანების მომავალი პროექტის საფუძველი.

გრუზინსკის აშენებულ სახლს გაცილებით დიდი ხნის სიცოცხლე ერგო, ვიდრე მის პატრონს, რომელმაც, თავისთავად, საკმაოდ ხანგრძლივად, ოთხმოცდაათი წელი იცოცხლა – „მკვდრეთით აღდგომიდან“ კიდევ ორმოცდათერთმეტი წელი. გადმოცემის მიხედვით, ის გარდაცვლილა ოდიოზურ ვითარებაში: თავადი ისვენებდა, როდესაც კარებში ვინმე „მუჟიკი” შემოეხეტა და ბატონის დანახვაზე ქუდი არ მოიხადა. თავადი აღშფოთებისგან რისხვით აენთო, გულის შეტევა დაემართა და იქვე განუტევა სული.

ლისკოვოს სასახლე მემკვიდრეობით გადაეცა „ვოლგელი მეფის“ ასულ ანას და მის მეუღლეს, გრაფ ტოლსტოის.

Fact2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close