fbpx
საზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

„მასთან მყოფს გჯეროდა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს“ – მედეა ჯაფარიძე

„მარადიული სილამაზე“, „სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება“, „ქართული კინოს მშვენება“, „ჯადოსნური ფერია“, „ციდან მოვლენილი ანგელოზი“, „უფსკრულის პირას ამოსული ყვავილი“… – მედეა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი ეპითეტების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ის მართლაც საოცრად მშვენიერი იყო, ამავე დროს, ძალიან თბილი და კეთილშობილი, თვით ყველაზე მკაცრი გემოვნების შემფასებელიც კი ნაკლს რომ ვერ მოუძებნიდა. მომაჯადოებელი გარეგნობის მიღმა საოცარი შინაგანი სამყარო ყვაოდა – სიკეთით, სათნოებით, კაცთმოყვარეობით სავსე.

ამგვარ თვისებებს გასაოცარი შეუპოვრობა, ხასიათის სიმტკიცე, თანადგომისა და თავდადების უნარი ორგანულად ერწყმოდა და, როგორც ამბობენ, მის წინაშე დაუბრკოლებლად იღებოდა ყველა კარი, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი თუ ჩინოვნიკი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდა მის თითქმის აუსრულებელ თხოვნასაც კი. რეჟისორი ლილი იოსელიანის ამბობდა, რომ იგი სიკეთის განსახიერება იყო, მასთან მყოფს გჯეროდა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს.

დღეს მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 97 წელი შესრულდა – იგი 1923 წლის 20 თებერვალს დაიბადა თბილისში.

***

მომავალ მსახიობს ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება ხვდა წილად: მამა დაუპატიმრეს, რის გამოც დედას სულიერი აშლილობა დაეწყო. პატარა მედიკოს ბიძა ზრდიდა და არაერთი ტკივილის ატანა მოუხდა მის სათუთ გულს. მსახიობობაზე ოცნებობდა, ძალიან უნდოდა სწავლა, მაგრამ, როგორც ახლობლები იხსენებდნენ, მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშა კოსტავას – მერაბ კოსტავას ბიძას. ფიქრობდნენ, ბედისაგან დაჩაგრულს, „პატრონს“ ჩააბარებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა – გრიშა ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და ისიც მედიკოს საზრუნავი გახდა…

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედეა ჯაფარიძის პირადი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოებისთვის უცნობი ეპიზოდები მაგნიტოფონზე ჩაუწერია ზაზა სიამაშვილს. რძალმა, მედეა თაბუკაშვილმა ეს ჩანაწერი და წერილები მეუღლესთან, ლაშასთან ერთად დიდი სიყვარულითა და მოწიწებით შეკრიბა და წიგნად („მედეა ჯაფარიძე“) გამოსცა. აი, როგორ იხსენებდა მედეა ჯაფარიძე იმ წლებს:

„…ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელი რამ მოხდა. ბევრი გოგონა მაშინ გათხოვებაზე ოცნებობდა, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო. მე სწავლის გაგრძელება მინდოდა, სრულიად ნორჩს, გათხოვება, თანაც დიდი სიყვარულის გარეშე, თავში აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ასე მოხდა. გავთხოვდი შესანიშნავ ქართველ მსახიობზე, გრიშა კოსტავაზე, მერაბ კოსტავას ბიძაზე, პიროვნებაზე, რომელსაც შემდგომი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს პატივს ვცემდი. სხვათა შორის, მერაბს ბევრი საერთო თვისება გააჩნდა ბიძამისთან. ისიც მასავით პატრიოტად და უტეხი პრინციპების პიროვნებად ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ, შევედი მარჯანიშვილის თეატრში უშტატო მსახიობად, ისე რომ არანაირი თეატრალური განათლება არ მიმიღია. თეატრი სავსე იყო უნიჭიერესი მსახიობებით. პირველ წარმოდგენაში ორი სიტყვა მქონდა სათქმელი – „მარგარიტა გოტიე“. ძალიან ვღელავდი, მგონი, ძილშიც კი ვიმეორებდი ამ ორ სიტყვას. შემდეგ მომცეს ეპიზოდური როლი – გულსუნდა, სპექტაკლში „მოკვეთილნი“. ეს სახე ყველაზე მეტად მიყვარდა. ჯერ იმიტომ, რომ ვაჟას ვეზიარე და მერე, გერონტი ქიქოძის შექებამ შემასხა ფრთები. ამ დროს მოხდა უბედურება – გრიშა კოსტავა დააპატიმრეს. მას ძველი ფედერალისტობა გაუხსენეს. საშინლად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ძვირი ვერავისზე ათქმევინეს. ჩეკისტი დაკითხვის დროს ფეხზე ხიშტს აჭერდა და როცა პასუხს ვერ იღებდა, სულ უფრო ეყრდნობოდა ხიშტით. აკი ვამბობდი, მერაბი ძალიან ჰგავდა ბიძას. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერ აღიარებინეს, მაინც სიკვდილი მიუსაჯეს მას და რამდენიმე მის მეგობარს…“

20 წლის მედეამ შეუძლებელი შეძლო, თეატრზე ოცნება დაივიწყა და  ფედერალისტობისთვის დატუსაღებული ცნობილი მსახიობი სასიკვდილო განაჩენისგან იხსნა. ცნობილი მეცნიერის, მუსხელიშვილის დამ – მარგარიტამ წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან თხოვნით, რომ ულრიხს, რომელიც მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს განაგებდა, ურიგოდ მიეღო. სხვანაირად ექვსი თვე დასჭირდებოდა რიგში დგომა, დრო კი არ ითმენდა.

მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ეს სისხლისმსმელი კაცი იხილა: „ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა“, – იხსენებდა მოგვიანებით… ფაქტია, თავად მედიკო ეძებდა ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს…

მედიკოს ვიზიტის შემდეგ ულრიხმა გრიშა კოსტავას სიკვდილით დასჯა 10 წლით პატიმრობით შეუცვალა.

„რეზო, რეზო, რეზიკო, რეზიკოოო…“

„ამ ჯოჯოხეთში გავიდა რამდენიმე წელი და როცა ყველაფერი მიწყნარდა, შეწყვეტილი ბავშვობის ანუ სწავლის გაგრძელება მომინდა. წავედით მოსკოვში, ჩვენებთან. თითქოს გამრთელდა ბავშვობის გაწყვეტილი ჯაჭვი. სამხატვრო თეატრს მივაშურე, რათა იქნებ თავისუფალ მსმენელად მივეღე. მიმიღეს, ახდა ოცნება. მე სამხატვრო თეატრის კედლები შემომცქერიან. ვცხოვრობ ჩვენებთან, დედაც ხშირად ჩამოდის და სწორედ ამ დროს გავიცანი რეზო. ეს იყო 1947 წლის დასაწყისი. რეზო იქ სწავლობდა დიპლომატიურზე. მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო. თანაც, მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას. რეზო, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რადგან მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა. თან ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას…“

სწორედ იმ დროს, როცა მედიკომ ერთ საინტერესო როლზე დაიწყო მუშაობა, თბილისიდან შეატყობინეს: „დედა ავად გახდა, სასწრაფოდ ჩამოდი!“ – ყველაფერი თავზე დაენგრა. სახლში ტირილი არ შეეძლო, რადგან ბიცოლა ჰყავდა ავად და მისი შეწუხება არ უნდოდა. არბატზე მეგობარი ქალი – ფაინა ცხოვრობდა და მასთან წავიდა, რათა ბოლომდე გამოეტირა დამსხვრეული ოცნებები. თბილისში წასვლამდე რეზოს დაურეკა – რატომღაც მისთვის ყველაფრის მოყოლა მოუნდა. ვაჟი იმ წამსვე მედიკოსთან გაჩნდა: „მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი:  ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი – ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა. მივხვდი, რომ მას ხელს უკვე ვეღარ ვკრავდი. უნდა მეშველა ჩემი თავისთვისაც და მისთვისაც. ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მძიმე გულით დავემშვიდობე სამხატვრო თეატრ-სტუდიას და მთელი სიყვარული ჩემი ჩასვლით უზომოდ გახარებულ დედას დავუთმე. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით ორივე, – თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ჰყვარებიათ… ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ვცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს. ნათესავები მირჩევდნენ: დედაშენი საავადმყოფოში დააწვინე და გააგრძელე შენი დაწყებული საქმეო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორ სძულდა დედას საავადმყოფო. ეს ხომ მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, როცა მის კალთას მგლეჯდნენ და ფსიქიატრიულში მიჰყავდათ. ამიტომ ვერ გავიმეტე და მასთან დავრჩი. რეზოს წერილები თუ მითბობდა სულს“.

იმხანად ვახტანგ ტაბლიაშვილი „ქეთო და კოტეს“ იღებდა. მედეა დაინახა თუ არა, ბევრი არ უფიქრია, მაშინვე თქვა: „ეს იქნება ქეთო!“ – და როლზე დააკავა. ქეთოს შემხედვარე, ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ამ ფილმის გადაღების დროს ქალბატონი მედეა: დედა – ავადმყოფი, შეყვარებული კი – მისგან შორს…

აი,  რას სწერს 1948 წლის 7 ოქტომბერს რეზო მედეას:

„…რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახვედრა შენთან, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე. „რაზლუკა პიტაეტ ლუბოვ“ – სიყვარულზე ამაზე დიდი სისულელე არაფერი თქმულა…“

მედეა: „შენმა დეპეშამ დილის შვიდ საათზე გამაღვიძა და მთელი დღე ულამაზო ვიყავი… შენც ხომ ეს გინდიოდა?!.. შენ რომ წახვედი, დილით არ მენატრებოდი და შემეშინდა, ვაითუ აღარ მომენატროს-მეთქი, მაგრამ საღამოს უკვე მენატრებოდი… რეზო, რეზო, რეზიკო, რეზიკოოოო…“

შემდგომშიც, ყოველი განშორების ჟამს, რეზოს წესად ჰქონია მედეასთან ყოველდღიური მიმოწერა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბარათები ქალისა და მამაკაცის უმშვენიერესი ურთიერთობის ნიმუშია – სიყვარულის ერთგვარი ჰიმნი.

სხვათა შორის, როდესაც რეზო თაბუკაშვილმა შექსპირის სონეტების დიდი ნაწილი თარგმნა, პირველ წიგნს ყდაზე ასეთი წარწერა გაუკეთა: „ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის“.

განუმეორებელი წყვილი

უმშვენიერეს წყვილს სტუმრები დღის ოთხი საათისთვის ჰყოლიათ დაპატიჟებული, მაგრამ სასიძოს აუჩემებია და დილაადრიან მოუწერიათ ხელი: ხომ იცით ქალების ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო, უთქვამს. რადგან დრო ჰქონდათ, მედეამ და მისმა მეჯვარემ თურმე საპარიკმახეროში გადაწყვიტეს შესვლა. იქიდან რომ გამოსულან, კიდევ ოთხი საათი ყოფილა დარჩენილი სტუმრების მისვლამდე. ამ დროს საშინელი წვიმა წამოსულა. გოგონებს სადარბაზოში შეუსწრიათ, რეზო კი მთლად გალუმპულა. თურმე წვიმაში იდგა და იძახდა: „რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო“. შემდეგ დროის გასაყვანად ყველანი კინოში შესულან. საკმაოდ მძიმე სურათისთვის უყურებით და  კინოდან ტირილისგან დასიებული თვალებით გამოსულან. იმავე საღამოს თბილისში ჭორი გავრცელდა: საწყალი რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე მშობლებს სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულები მწარედ ქვითინებდნენო.

1950 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს ვაჟი შეეძინათ – ლაშა, შემდგომში ქართველი საზოგადოებისთვის არანაკლებ ცნობილი და საყვარელი პიროვნება.

ულამაზესი წყვილი სადაც კი გამოჩნდებოდა, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდა. საოცრი სითბო და სიკეთე ტრიალებდა მათ გარშემო. მათი ურთიერთობა პოეტური შარავანდედით იყო მოსილი, თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი იყო: კონფლიქტიც, კამათიც, ეჭვიც… რეზო უკიდურესად ეჭვიანი მიჯნური და მეუღლე ყოფილა. არანაკლებ ეჭვიანი ბრძანებულა ქალბატონი მედეაც. ერთხელ რეზოს გულისჯიბეში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მეუღლისადმი გაგზავნილი ხელმოუწერელი ბარათი აღმოუჩენია და ფრიად განაწყენებულა… მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი ნებისმიერ სიტუაციაში კრისტალურად ამაღლებული რჩებოდა და საკუთარ თავს ქვეყნისათვის უანგარო სამსახურს უძღვნიდა.

 ***

გარდა სამსახიობო მოღვაწეობისა, ცალკე თემაა მედეა ჯაფარიძის სადეპუტატო საქმიანობა. მისი ძალისხმევით 136 პატიმარი შეუწყალებიათ, მათ შორის, ჯაბა იოსელიანი, რომელიც განუშორებად თან დაატარებდა მედეას „ჯულიეტას“ და კინაღამ ჩხრეკისას ჩამოართვეს – ხატი ეგონათ!

მთელ მთავრობას ფეხზე აყენებდა და საქმეს მაინც აკეთებდა. შემორჩენილია რომან რუდენკოს, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, ნათქვამი, რომელიც იმ დროს ლამის ღმერთი იყო თავის სფეროში. იმხანად მერაბ კოსტავა უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ათასი მიზეზი მოიგონეს, რომ არ გაეშვათ. და აი, რუდენკო იხსენებდა: „ამ დროს გაიღო კარი და შემოფრინდა თეთრებში გამოწყობილი ანგელოზი, თავზე ვარდისფერი ქუდით… შემოფრინდა, რაღაც წაიჟღურტულა, ხელებით ქაღალდებზე მანიშნა, მეც ავიღე და მის მოცემულ საბუთებს მითითებულ ადგილზე ხელი მოვაწერე. მადლობა მითხრა თუ წაიმღერა და გაფრინდა… მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, ვინ იყო ის ანგელოზი, რაზე მოვუწერე ხელი, მართლა არ ვიცოდი. მერე გავიგე, თურმე მედიკო ყოფილა“.

იმ დროს, როდესაც „სუკი“ არავის უშვებდა ამერიკაში, მედიკომ შეძლო ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა დიდი ხნის უნახავი დედა-შვილი. მოხუცი ქალი ვის აღარ სთხოვდა, სიკვდილის წინ შვილი მაჩვენეთო, მაგრამ ვერავინ დაეხმარა, მედეას გარდა ვერავინ აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა. მისი ერთი გამოჩენა და რამდენიმე სიტყვა საკმარისი იყო, ყველაზე გულქვა ადამიანიც კი მის ნებას დაჰყოლოდა. მაგრამ მედეას თავის სასარგებლოდ ამ ძალით არასოდეს უსარგებლია. რით ახდენდა ასეთ ზეგავლენას სხვებზე? პირველ რიგში, თავისი გარეგნობითა და უზომო სიკეთით, რასაც მთელი არსებით ასხივებდა.. „თეატრში რომ შემოვიდოდა, მზესავით შემოანათებდა ხოლმე, ისეთ საოცარ სიკეთეს ასხივებდა, ადამიანი გათბებოდა მის გვერდით“, – იხსენებენ მეგობრები.

***

მუდმივი საზრუნავით დაკავებული მედეა ყოველდღიურობაში საოცრად დაბნეული ყოფილა. საკმარისი იყო სამზარეულოში შესულიყო და… იწყებოდა აფეთქებების სერია – ყველა ელექტროხელსაწყოს ერთდროულად რთავდა! მიუხედავად ამისა, რეზო ამტკიცებდა, მედეა შესანიშნავი დიასახლისიაო.

უკვე ვწერდით, რომ ისინი ხანმოკლე განშორებასაც კი ტრაგედიად აღიქვამდნენ. ავადმყოფ რეზოს მედეა წუთითაც არ შორდებოდა. საავადმყოფოში თავზე ადგა, როდესაც ერთ დღესაც გაცივდა და ისიც იქვე, მეზობელ პალატაში მოათავსეს. მარადი შეყვარებულები იქაც კი წერილებს სწერდნენ ერთმანეთს.

მედეა: „რეზიკო, რაღაც გვაშორებს ერთმანეთს და ცალ-ცალკე ყოფნას გვაჩვევს…“

რეზო: „მედიკო, შენ რომ ერთი წუთით წარმოიდგინო, რომ ვინმეს ან რამეს შეეძლოს ჩვენი დაშორება…“

სიცოცხლეში ერთადერთხელ ვერ შეუსრულა მეუღლემ დანაპირები მედეას – კისერს მოვუგრეხ ამ საშიშ სენსო… მედეამ რეზოს გარეშე დიდხანს ვერ გაძლო – მასთან უკანასკნელ პაემანზე იჩქარა. მათი განშორება ხანმოკლე აღმოჩნდა… 26 წლის წინ (გარდაიცვალა 1994 წლის 31 მარტს) ქართველმა ხალხმა უსაყვარლესი მსახიობი ზეციურ ვარსკვლავეთში ტაშით გააცილა…

თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: „ქეთო და კოტე“ – უკვდავი ქართული ვარსკვლავური კომედია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close