„ანიტას ფენომენი დღემდე ვერ ამოვხსენი“ – ანიტას მშობლები სატელევიზიო გადაცემაში (ვიდეო)
2 წლის ანიტა ფაცაციას მშობლებმა გოგონას გარდაცვალების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცეს „სხვა ნანუკას შოუში“.
გოგონას დედის თქმით, ანიტასთან სიკვდილს კავშირი არ აქვს, მას მხოლოდ სიყვარული და სიკეთე უკავშირდება და მისი სახელით ბევრი სიკეთის გასაკეთებლად მზად არის.
„უბრალოდ ვარ ბედნიერი, იმისთვის, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად. მე ვარ ამაყი, რომ ვარ ანიტას დედა. ანიტას ფენომენი დღემდე ვერ ამოვხსენი, ანიტას თვალებმა მთელი სამყარო დაიტია, რა კავშირშია ამ ბავშვის თვალებში სიკვდილი, გლოვა ვიზირებ შენ მწუხარებას…. არაფერ კავშირში! არ იტიროთ ხალხო. ანიტასთან კავშირშია მხოლოდ სიყვარული და სიკეთე. ანიტამ გააერთიანა მთელი საქართველო. ანიტამ დამავალა მისი სახელით ვაკეთო ბევრი სიკეთე და მე ამისთვის მზად ვარ“, – თქვა ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ გადაცემაში.
2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა დილატაციურ კარდიომიოპათიას.
დილატაციური კარდიომიოპათია მიოკარდის (გულის კუნთოვანი კედელი) ფუნქციის დარღვევაა, რომელიც გულის უკმარისობას იწვევს. ეს დარღვევა, ძირითადად, გულის მარცხენა პარკუჭში ყალიბდება, შედეგად, პარკუჭი თხელდება და საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატყორცნას ვეღარ ახერხებს.
ანიტა ფაცაციას გულის გადანერგვა სჭირდებოდა, ევროპის კლინიკებში ამ ოპერაციის ჩატარების უშედეგო მცდელობის შემდეგ (რადგან ევროპაში არსებული კანონის თანახმად, ამ ოპერაციას მხოლოდ ევროპის მოქალაქეებს უკეთებენ დონორების სიმცირის გამო) გოგონა ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე მიზეზით თქვა უარი ოპერაციაზე თურქეთმაც.
რაც შეეხება რუსეთს და ბელარუსს, ამ ქვეყნებში ასეთ ოპერაციებს მხოლოდ 10 წლიდან უკეთებენ პაციენტებს.
ინდოეთის კლინიკაში მას ცნობილი ინდოელი კარდიოქირურგი ბალაკრიშნა მკურნალობდა, თუმცა გოგონას ორგანიზმმა საბოლოოდ ვერ გაუძლო დაავადების გართულებებს და 30 იანვარს გარდაიცვალა.
2 წლის ციცქნა გოგონა, ანგელოზად მოვლენილი დედამიწაზე, სიკეთესა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში ქართული საზოგადოების გაერთიანების სიმბოლოდ იქცა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები