fbpx
ჩვენი ფავორიტიხელოვნება

მიხეილ თუმანიშვილი – ქართული თეატრის ბედის მწერალი

 „ადამიანებო, შეჩერდით! ნუ ჩქარობთ! მიმოიხედეთ, მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და მათ, ვინც თქვენს გვერდითაა“. მიხეილ თუმანიშვილი

დიდი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი დღეს 99 წლის გახდებოდა. დაუვიწყარია მისი შემოქმედება, პროფესიონალიზმი, ადამიანობა… ქართველი მსახიობების უმეტესობა, რომლებსაც დღეს მაყურებელი ჰყავთ, სწორედ ბატონი მიშას აღზრდილია. უკლებლივ ყველა მათგანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ თავის საქმეზე ისე ძალიან შეყვარებული ადამიანი, როგორც მათი პედაგოგი იყო, იშვიათად უნახავთ.

მიხეილ თუმანიშვილისთვის თეატრი მაცოცხლებელი ძალა იყო. სახლშიც კი, მთელი არსებით თეატრით ცხოვრობდა – ფიქრით, აზრით თუ გონებით სულ თეატრში ტრიალებდა. არადა, ბავშვობაში დრამატულ თეატრში არც კი დაჰყავდათ. ოჯახი უფრო ოპერით იყო გატაცებული და პატარა მიშაც სახლში ხშირად მღეროდა არიებს სხვადასხვა ოპერიდან. მერე ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა და პატარა მიშა მისთვის დეკორაციებს აკეთებდა.

ბავშვობის გატაცება იყო ცირკიც – მეზობელი უკრავდა ცირკის ორკესტრში და იქ მას დაჰყავდა. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა. ცამეტი წლისამ კი რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. იმ დღეს მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. შემდგომში წერდა კიდეც: „ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“.

ყველაფერი კი ისე არ აეწყო, როგორც თავად სურდა. 1939 წელს, 18 წლის ასაკში, ჯარში წაიყვანეს, მერე ომიც დაიწყო და… ნგრევა, ცხედრები, დამწვარი მანქანები, უსიტყვოდ, ჩუმად სვლა, ბომბები ციდან, ალყა ტანკებით…

საბედნიეროდ, მიშა გადარჩა, ომის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ინსტიტუტამდე ქართულ სამოსელში გამოწყობილმა სამოცდაათი წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ფეხით მიიყვანა და სასწავლო ნაწილის გამგეს, აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“… მოკლედ, მიხეილ თუმანიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. გიორგი ტოვსტონოგოვი იყო მისი პედაგოგი. ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ თავადაც პედაგოგობას შეუდგა და სიცოცხლის ბოლომდე არ შელევია. რუსთაველის თეატრში კი აკაკი ხორავამ მიიყვანა.

„მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა“ – მიხეილ თუმანიშვილი ამ ფრაზას მოგვიანებით იტყვის, მანამდე კი იყო პირველი გულით დადგმული სპექტაკლი „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“, პირველი წარმატება და აღიარება… შემდეგ იყო „ესპანელი მღვდელი“, „ანტიგონე“, „ჭინჭრაქა“, „იულიუს კეისარი“… უამრავი ტაში, ტრიუმფი, აღმასვლა თუ მარცხი, ინტრიგები თეატრში და… 25 წლის შემდეგ რეჟისორი თეატრიდან წავიდა..

წავიდა და რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტსა და ტელევიზიაში მოღვაწეობდა. შემდეგ კი მისი ოცნება ახდა: ჯერ კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო, მერე – კინომსახიობთა თეატრი და ისევ წარმატებები, სპექტაკლები („ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, „დონ-ჟუანი“…), რომლებსაც მის მიერ დაარსებულ თეატრში დღემდე თამაშობენ.

„რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი სცენიდან ვთქვათ“, – ვკითხულობთ მიხეილ თუმანიშვილის ჩანაწერებში.

თავისი ოცნების თეატრში მიხეილ თუმანიშვილმა სიცოცხლის ბოლო თვრამეტი წელი გაატარა.

***

რეპეტიცია მიხეილ თუმანიშვილის სტიქია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპექტაკლს ესწრებოდა, რეპეტიციის ჩატარება ყოველთვის ერჩია საკუთარი სპექტაკლის ყურებას. სცენაზე გასვლას და ზედმეტ აჟიოტაჟს ვერ იტანდა. „ეს სამი დღე გადამატანინა და მეტი არაფერი მინდა“, – ამბობდა პრემიერის წინ.

სხვათა შორის, სპექტაკლების საყურებლად თეატრში განსაკუთრებული ადგილი ჰქონია შერჩეული – გამნათებლის აივანი. სპექტაკლის ბოლოს მსახიობებს თურმე ნიშნებს უწერდა, როგორც ჩვეულებრივ მოსწავლეებს, თუმცა რეპეტიციაზე არასოდეს მიუთითებდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. არ უყვარდა, მის რეპეტიციას ვინმე თუ ესწრებოდა. ქალიშვილსაც კი აუკრძალა რეპეტიციებზე დასწრება, რაზეც მას დღეს ძალიან სწყდება გული: „სხვები თურმე ჩუმად ახერხებდნენ ამას, მე კი მამას რეპეტიციაზე შეპარვა აზრადაც არ მომსვლია“.

„მიყვარს თეატრი! მაგრამ ჩემი მსახიობებისთვის მეტი ალერსი უნდა გავიღო. აი, რა მაკლია. მე მხოლოდ ვითხოვ, ალერსი კი – სასწაულებს ახდენს“, – წერს რეჟისორი, რომლის ადამიანობამ, პიროვნულმა თვისებებმა, ფანტაზიამ, სითბომ თუ პროფესიონალიზმა მართლაც მაგიური ზეგავლენა მოახდინა მის სტუდენტებზე. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა მათგანს დღემდე ჰგონია, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. დიდი მაესტრო თავისუფლად აზროვნებას, ფრთების გაშლას, ცხოვრებას ასწავლიდათ… მსმენელს თავისი უბრალოებით აჯადოებდა და სწორედ უბრალო საუბარში დებდა დიდ სიბრძნეს, გაფიქრებდა…

რა დარჩა სახსოვრად რუსუდან ბოლქვაძეს დიდი მაესტროსგან

მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე დღემდე სახსოვრად ინახავს მიხეილ თუმანიშვილის მიერ ნაჩუქარ პლასტმასის პატარა ბურთულას: „იცით, როგორი ბურთულაა? პატარა ბავშვს საწოლში რომ ჩაუგდებენ სათამაშოდ – შიგ რაღაცები ყრია და ჩხაკუნობს. ერთხელ ხელში ეჭირა, ათამაშებდა და უი, ეს რა არის-მეთქი? – ვკითხე. „აჰა, ეს შენო“ –  მაჩუქა… საოცარი ადამიანი იყო, მიუხედავად დიდი მოწიწებისა, პატივისცემისა, ასაკობრივი განსხვავებისა და ასე შემდეგ, მასთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორც ჩემს ტოლთან, ოღონდ არა გარეგნულად, არამედ სადღაც მის მიღმა, შიგნით.

ზუსტად ვიცოდი, რომ ბატონი მიშა კარგად მიცნობდა და მეც ყოველთვის მქონდა ის შეგრძნება, რომ ამ ულვაშიანი, ბერეტიანი, სათვალიანი კაცის მიღმა პატარა ბიჭთან, პატარა მიშასთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა კი ერთგვარი რიტუალი იყო. საერთოდ, ბატონი მიშა რიტუალების კაცი იყო – მისთვის რიტუალი ამოსავალი წერტილი იყო ხელოვნებაში და თვითონ ტიპიც ასეთი გახლდათ.

სპექტაკლებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვთამაშობდით, სხვა დღეებში კი დილიდან გვიანობამდე ვმუშაობდით. მისთვის ყოველი სპექტაკლი რიტუალი იყო და არა – სამსახური, სადაც ყოველდღე დანიშნულ დროს უნდა მიხვიდე და რაღაც მოქსოვო ან გამოჩარხო. ამით, ცხადია, შეურაცხყოფას არავის აყენებდა, უბრალოდ, მიაჩნდა, რომ სპექტაკლი შაბათ-კვირას უნდა დაიბადოს. ყოველდღიურმა რუტინულმა შრომამ შემოქმედებითი ნაყოფი უნდა გამოიღოს და რაღაც კვირტი გაშალოს. ეს კვირტი კი შეუძლებელია, ყოველდღე გაიშალოს… მოგეხსენებათ, ჩვენი თეატრი კინოსტუდიის ბაზაზე აშენდა, იურიდიულად დამოუკიდებელი ორგანიზმი იყო, ფაქტობრივად, არ არსებობდა და, ამდენად, არანაირი ბიუჯეტი, გეგმა და ცენზურა არ გვქონდა. ეს იყო, უბრალოდ, ერთგვარი ლაბორატორია, თეატრალური სახელოსნო, სადაც სპექტაკლებს ვთამაშობდით, როგორც რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას და ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ყოველი სპექტაკლის წინ ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და წარმატებებს ვუსურვებდით. თეატრში სხვა რიტუალებიც გვქონდა, მაგალითად, საახალწლო რიტუალი – 31 დეკემბერს დღისით, 12 საათზე თეატრში ვიკრიბებოდით, რათა ერთად ყოფნა დაგვბედებოდა. ბატონი მიშა დაგვისხამდა წითელ ღვინოს და ყველა ამბობდა იმ წელს რა ეწყინა, რა გაუხარდა, რა არ გაუხარდა. მერე წითელ ღვინოში ამოვლებულ თავისივე მოტანილ წითელ ვაშლებს დაგვირიგებდა. ეს ვაშლი ღამის თორმეტ საათზე უნდა ჩაგვეკბიჩა და სურვილი ჩაგვეფიქრებინა…

მიხეილ თუმანიშვილის დღიურიდან:

„თეატრი რიტუალიდან უნდა აღმოცენდეს. ჯერ რიტუალი იშვა და მხოლოდ ამის შემდეგ ააგეს მისთვის ტაძარი (თეატრი). როგორი რიტუალი გვჭირდება ჩვენ?

ფიქრები: სტუდიაში პატარა სკივრი ან ზარდახშა უნდა დაიდგას, სადაც ყველა მსახიობი და რეჟისორი თავის პირად, მისთვის ყველაზე ძვირფას რელიკვიებს შეინახავს, რომლებიც მის სახლთან, მშობლებთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ჩემი ძველი, ჯავახიშვილის ქუჩის სახლის აგურის ნატეხი, კოვზი, როლითაც ბავშვობაში მაჭმევდნენ, სათვალე დედაჩემის, რომელიც დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი. მე მოვიტან მუშამბის პატარა ნაჭერს სამშობიაროდან, სადაც ლიკას ნომერია დაწერილი (საბრალო ჩემი ნინელიკა). თითოეულმა თავისი სულის ნაწილი მოიტანოს და ამ ჩვენს სკივრში შეინახოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, 31 დეკემბერს, ყველანი შევიკრიბებით, ამოვალაგებთ ამ ჩვენს რელიკვიებს და ჩვენი მეგობრების წინაშე მთელი წლის აღსარებას ვიტყვით. აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ვნებათაგან ჩვენი სხეული, უნდა დავმშვიდდეთ და ფიქრებითა და შეგრძნებებთ თეატრის სამყაროში გადავეშვათ“.

ამ რიტუალებით თუმანიშვილი ერთიანობას ინარჩუნებდა. ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, მან მოიგონა  „ეროსის ზარი“, რომელიც ყოველი სპექტაკლის წინ რამდენჯერმე ირეკებოდა და სპექტაკლი ისე იწყებოდა. თავად ამბობდა: „ეს არ არის ეროსის ზარი, ეს ყველა ჩვენგანის ზარია“.

***

მიხეილ თუმანიშვილის ტვინი ღამეც არ ისვენებდა, შეეძლო ამდგარიყო და რაღაც ჩაენიშნა, ვთქვათ, მორიგი სცენა დეკორაციისთვის და ასე შემდეგ. ძალიან უყვარდა ტყეში სეირნობა. ჭრიდა და აგროვებდა ხის ლამაზ ტოტებს და ფესვებს. მათში სხვადასხვა ფიგურას ხედავდა, სახლში მიტანილს თლიდა და ამბობდა, რომ მათ ზედმეტს აცილებდა და ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენაში ეხმარებოდა…. არ უყვარდა ტყუილი და შვილსაც ასე ზრდიდა. ხშირად ეუბნებოდა, ადამიანი კეთილი უნდა იყოს, იცხოვროს სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვისო… შვილიშვილები რომ შეეძინა, მისთვის თითქოს ახალი სიცოცხლე დაიწყო… რომელიმე შვილიშვილის ავად გახდომა მისთვის ჩავარდნილ რეპეტიციას ნიშნავდა. საოცრად ფაქიზი სული ჰქონდა, ყველაფერს განიცდიდა… ხშირად უთქვამს, რომ ღრმა ძილით არასოდეს სძინებია, მისი ტვინის რომელიღაც ნაწილი განუწყვეტლივ მუშაობდა. მუდმივად ეძებდა ტიპაჟებს, აკვირდებოდა ადამიანთა ქცევებს, ხასიათს და მერე ეს ყველაფერი სცენაზე გადაჰქონდა…. არასოდეს სვამდა. ქეიფის მოყვარული არ ყოფილა. იშვიათად თუ დალევდა ერთ ჭიქას, მაგრამ ერთხელ გია როინიშვილთან ერთად რამდენიმე ჭიქა კონიაკის დალევაზე არ უთქვამს უარი. პირიქით, მსახიობს თვითონ შესთავაზა დალევა. ეს ფაქტი თვითმფრინავით მგზავრობის დროს მოხდა. მიხეილ თუმანიშვილს კი ფრენის ეშინოდა. პირველად თვითმფრინავში რომ ჩაჯდა, უკვე 50 წელს იყო გადაცილებული. საერთოდ კი, სულ რამდენჯემე დათანხმდა თვითმფრინავით მგზავრობაზე.

გია როინიშვილი: „თვითმფრინავში ვზივართ. მოვიდა ერთი მსახიობი და მეუბნება, ბატონი მიშა გეძახისო. მივედი და ვხედავ, კონიაკი აქვს გახსნილი. დავლიოთო, მითხრა. ვისხედით და ორნი ვსვამდით ამ კონიაკს თბილისამდე. არ დავმთვრალვართ, მაგრამ ისეთ გუნებაზე ვიყავით, რომ აღარ გვეშინოდა“ (იცინის)

ძეგლისიცოცხლეში  

მიხეილ თუმანიშვილი 1996 წლის 11 მაისს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე უძლიერესი ინფარქტი გადაიტანა. იმდენად არაორდინალური პიროვნება იყო, რომ ექიმებმა ვერ გაბედეს მისთვის ეთქვათ, პენსიაზე გადით და შვილიშვილებთან ერთად მშვიდი ცხოვრებით იცხოვრეთო… საავადმყოფოდან გამოსულმა, სულ რაღაც თვენახევარი დაჰყო სახლში – თეატრში ეჩქარებოდა, უნდოდა „ალუბლის ბაღის“ დადგმა მოესწრო. სახლში გალიაში გამომწყვდეულს ჰგავდა. ოთახში ბოლთას სცემდა და სულ დაღვრემილი დადიოდა. თეატრში რომ დაბრუნდა, როგორც მსახიობები იხსენებენ, საოცრად ხალისიანი და ბავშვივით ენერგიული იყო, არადა, ენერგიის დახარჯვა მისთვის არ შეიძლებოდა. ძლიერმა დატვრთვამ აპრილში მეორე ინფარქტი გამოიწვია. ბოლოს, მაისში, მესამე ინფარქტით დასრულდა დიდი რეჟისორის ცხოვრება, რეჟისორის, რომელმაც „კინომსახიობთა თეატრის“ (თავიდან „მეთერთმეტე აუდიტორიის თეატრი“) შექმნით სიცოცხლეშივე დაიდგა ძეგლი.

***

როდესაც ლეგენდარული „მამა რომას“, ანა მანიანის ცხედარი რომის მოედანზე გამოასვენეს, ტაშმა იგრიალა – იტალიამ ტაშით გააცილა ყველა დროის უდიდესი არტისტი. გაზეთში ამოკითხულმა ამ ამბავმა მიხეილ თუმანიშვილი სულით ხორცამდე შეძრა და აღაფრთოვანა. ამის შესახებ დაწერა კიდეც თავის წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“.

გავა დრო და თავად დიდ მაესტროსაც ტაშით გააცილებს მთელი საქართველო უკანასკნელ გზაზე… კინომსახიობთა თეატრში კი „ალუბლის ბაღი“ არ დაიდგმება – ვერავინ გაბედა მიშა თუმანიშვილის დაწყებული სპექტაკლის დამთავრება…

ფაქტია, თეატრი მისი ბედისწერა იყო, თავად კი – ქართული თეატრის ბედის მწერალი.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close