ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

ესპანელი მხატვარი – მეზობლად მცხოვრებ ქართველ მომღერალს: „შენი სიმღერა რომ მესმის, უფრო კარგად ვხატავ“

ესპანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი მაია სიჭინავა ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს. 

ცოტა რამ ჩემ შესახებ…

წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, დავიბადე რუსთავში, ვსწავლობდი თბილისში და ვცხოვრობ ესპანეთში…

ოცი წლის წინ… ოცი წლის მერე…

ოცი წლის წინ საქართველოში პეპელასავით დავფრინავდი, ლაღი და ბედნიერი. მერე დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება და საქართველოში თუ დავფრინავდი, ესპანეთში მიწაზე მყარად მომიწია სიარული მარტოს, თავის გადასარჩენად. ოცი წლის მერე ისევ საქართველოში ვიქნები და გულისტკივილით ვამბობ, რომ ჩემს ქვეყანას დავშორდი ფიზიკურად, თუმცა სულიერად სულ იქ ვარ.

მენატრება ის საქართველო…

საქართველო სულ მენატრება… იცი? – ტელეფონს რომ შეაერთებ დასატენად, რომ იმუშაოს – ასე ვარ საქართველოსთან: სამშობლოა, რომ მაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, ისე არაფერს აზრი არ ექნებოდა.

არ უნდა დაკარგოთ…

საკუთარი თავის იმედი, სადაც არ უნდა იყოთ.

გულით დავატარებ…

მამის ხსოვნას და სიყვარულს.

ცხოვრება გვაიძულებს…

ცხოვრება მაიძულებს, არ გავჩერდე და სულ რაღაცას ვაკეთებ.

ლექსი, რომელიც შეესაბამება დღევანდელ ყოფას…

ეს ლექსია ზურა გოგრიჭიანის „ფეისბუქი“.

სიმღერა ფეისბუქზე

ფეისბუქი, ფეისბუქი!.. სპექტაკლები, ავანსცენა./ იქ ვარდები, აქ მტრედები, უსასრულო აღმაფრენა!../ მოიწიეთ, ძვირფასებო, „სიბრძნის“ აურზაურია, მარცხნივ დიმპიტაურია, მარჯვნივ დამპიტაურია!.. / ისევ ძველი ღაღადისი: „არ მეღირსა გახარება, უნამუსო, მოღალატე!.. ქალო, სულ სხვას ნაყვარება“./ ფოტოები, ფოტოები – „მე ყველაზე ლამაზი ვარ! ის სურათიც ხომ დავპოსტე, ყირაზე რომ გადავდივარ!/ ეს, ეიფელს ჩავუქროლე – გრძელი რკინის გოდოლია./ესეც შენ ხარ? არა, ქალო, ეს კახური გოდორია“./ ფეისბუქი, ბუქნი-ბუქნი, დიდი ორომტრიალია. სულ, სულ კოხტაპრუწაობა, წრიალია, ზრიალია… „ჩემი შვილიშვილებია, ენაცვალოთ ამათ ბებო! კარქათ დამილაიქეთ და უარი არ გამიბედოთ!“/ ბრუნავს ფეის-კარუსელი, „წინსვლა“ ყველას უხარია, თუმცა ზოგი, როგორც ადრე, ისევ ისე მწუხარია…/ გაჰქრა ძველი საქართველო, ახლა დიდი აულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვისი დანაშაულია!/ დროა, უნდა გავიღვიძოთ, ჩვენი გავიტანოთ ლელო! ისევ ერთად, დავიძახოთ – „ეს, ჩვენა ვართ – საქართველო!..“/ აღსდექ ძველო გმირთა ბუდევ! წასულ სულთა სასახელოდ! მუხლმოყრილი გევედრები – გაიღვიძე საქართველო!..“

ჩვენი დროის გმირები

ჩვენ, ქართველები ჩვენს წარსულს თუ გადახედავთ, დღემდე ისეთ საუკუნეებს გავუძელით, ყველანი გმირები ვართ, საზღვარგარეთ თუ საქართველოში.

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე…

სიმღერის წერის და მისი შესრულების ნიჭი მაჩუქა უფალმა და დღემდე ამ მადლით ვცხოვრობ, თუმცა ბევრი რამის კეთება მეხერხება – თუ რამე გაფუჭებული და შესაკეთებლია, ხელმარჯვე ოსტატივითა ვარ, ყველაფერს ვაკეთებ.

ვცხოვრობ ესპანეთის ძველი სატახტო ქალაქ ბურგოსის ერთ-ერთ კოლორიტულ ქუჩაზე, ცენტრში, სადაც სულ მხიარულებაა. ოთხსართულიანი სახლია და მე მეორე სართულზე ვცხოვრობ, მეოთხეზე – ერთი ესპანელი მხატვარია. მოგეხსენებათ, მე სიმღერის გარეშე არ შემიძლია და ღია ფანჯრებიდან ჩემი სიმღერის ხმა გარეთაც ისმის. ერთხელაც მეზობელი მეუბნება, როცა ვხატავ და შენი სიმღერა მესმის, უფრო კარგად ვხატავო. განსაკუთრებით ერთი მომწონს, სევდიანია, შენს მეგობრებთან ერთადაც მღერიო. ეს რომ მითხრა, წავიმღერე: „საქართველო ლამაზო“ – და ჰო, ეს არისო. მერე ავუხსენი, რომ ეს ჩემი სამშობლოს მონატრების სიმღერაა და ამიტომაც ვმღერი ასე ნაღვლიანად-მეთქი.

უცხოელი მომღერალი, რომელთანაც დუეტის შესრულებას ვისურვებდი…

არის ერთი ესპანელი მომღერალი Pablo Alboran-ი, მასთან ვიმღერებდი დუეტში.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ…

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ – წადით, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ის უცხოეთია და არა სამშობლო და არ დარჩეთ იქ სამუდამოდ.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

შვილები ქართულად და საქართველოსთვის გაზარდონ.

მსოფლიოს ვეტყოდი

მაშინებს გლობალური დათბობა, ზამთარია და თოვლი არ მოდის!.. გავუფრთხილდეთ დედამიწას და ყველაფერს ცოცხალს.

თქვენი კურიოზული თავგადასავლები უცხოეთში

ესპანელები საშობაო ლატარიას ყიდულობენ და ესპანურად ჰქვია LOTERÍA DEL NIÑO, რაც ნიშნავს ბავშვი იესო ქრისტეს ლატარიას. ერთ ასაკიან ქალბატონთან ვმუშაობდი და მთხოვა მეყიდა მისთვის ორი ბილეთი. მოგეხსენებათ, ჩვენთან არ არის ასეთი სახელის ლატარია. მივედი საყიდლად და მეკითხება გამყიდველი, ბავშვის ლატარია გინდათო და მე ვეუბნები, არა ბავშვის არა, მოხუცის-მეთქი. შემომხედა გაკვირვებულმა და მეუბნება: დღეს რა, მოტყუების დღე ხომ არ არისო. ეს იმიტომ მითხრა, რომ 28 დეკემბერს აქ, როგორც ჩვენთან პირველ აპრილს, მოტყუების დღეა და ხომ არ მეხუმრებიო… როცა გავათვითცნობიერე, რაც შემემთხვა, ჩემს თავზე გამეცინა. ესპანელ ნაცნობ-მეგობრებს ვუყვები ხოლმე და ხალისობენ, ანეკდოტად ჰყვებიან.

ტყემლის ხე ვნახე ჩემს სახლთან ახლოს და როცა ვკრეფდი მკვახეს, ძალიან უკვირდათ, რატომ კრეფო, აცადე, დამწიფდესო. ერთხელ ჩემმა მეგობარმა უთხრა თავის ესპანელ მეზობელს, დიაბეტის წამალია და იმიტომ ვკრეფთ მკვახესო. იმ კაცს თურმე დიაბეტი ჰქონია. ერთ დღესაც თვითონ დაუკრეფია და გვთხოვა, იქნებ მეც გამიკეთოთო. როცა გაკეთებული ტყემალი დააგემოვნა, მითხარით, როგორ უნდა მივირთვაო? ვუთხარით, მაგას შემწვარ გოჭთან, ქათამთან და კარტოფილთან ერთად აქვს ძალა, ისე არაო. მეორე წელს ორი ვედრით მოუტანა ჩემს მეგობარს მკვახე ტყემალი და უთხრა, შაქრის დონე საგრძნობლად შემიმცირდაო, ერთი ვედრო შენო და ერთი მეო. კარგად ვიხალისეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close