ვაკანსია ირლანდიაში: კუნძული ყავახანის სამართავად ადამიანებს ეძებს
ირლანდიის სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარე პატარა კუნძული – გრეით ბლასკეტი 2 ვაკანსიას აცხადებს, რაც 6 თვის განმავლობაში, აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით, აქ ცხოვრებას და ადგილობრივი ყავახანის მართვას გულისხმობს.
შერჩეული კანდიდატების ცხოვრებისა და კვების ხარჯებს თავად კუნძულის მმართველი პირები აიღებენ საკუთარ თავზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება მათი ანაზღაურება. ხოლო გარდა ველური ბუნებისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ არც ელექტროენერგია დაგხვდებათ, არც WI-Fi და ხანდახან სასმელი წყლის ნაკლებობაც შეინიშნება.
სამაგიეროდ, თუ სუფთა ჰაერზე დასვენება, კარგი ყავა, ქვიშის პლაჟები და ზღვის ტალღების ხმაური, კოცონი, სანთლები და ავთენტური ბუნება გიყვართ, მაშინ ირლანდიის კუნძულზე არსებული ეს ვაკანსია თქვენთვისაა. ეს არის საუკეთესო ადგილი განსხვავებული გამოცდილების, მოგზაურობისა და შთაბეჭდილებების მისაღებად, რაც თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი ელემენტებია.
გამოცდილება კი არ არის აუცილებელი, შესაძლოა არც გქონიათ შეხება ყავის კომპანიასთან, მთავარია ახალი ცხოვრების დაწყების და სიახლეების სურვილი, დანარჩენს შერჩევისა და ჩასვლის შემდეგ გასწავლიან.
რაც შეეხება თავად კუნძულს, ის კერის საგრაფოს სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და უხეში რელიეფის გამო შედარებით რთული მისადგომია, რის გამოც ნაკლებად დასახლებული ტერიტორიაა და ჯამში 160 ადამიანი ცხოვრობს. მეოცე საუკუნეში იქ მხოლოდ ოციოდე ადამიანიღა რჩებოდა, თუმცა ბოლო დროს, რაც საქმეში სახელმწიფო ჩაერია, მათი რიცხვი იზრდება. ასევე არ აკლია ტერიტორიას არც ტურისტები და მათთვის სპეციალური სახლებიც კი არის აშენებული.
bm.ge
კომენტარები