ქართველები უცხოეთშიემიგრანტის დღიურები

მთავარია, უფლის წინაშე წარდგე, როგორც ადამიანი – ემიგრანტის დღიურიდან

ორკვირიანი წვიმების შემდეგ მილანში ჰაერმა ამოისუნთქა. გარშემო დაიწმინდა, გასუფთავდა ყველაფერი, ქალაქს ხასხასა ფერი დაედო.

ყოველ დილით ადრე გამოვდივარ სახლიდან და ჩქარი ნაბიჯებით მივქრივარ სამსახურისკენ. გზაზე ფერად-ფერადი ფოთლები მეგებებიან, ასფალტზე  დაფენილი. ერთ ადგილას ძალიან ბევრია, სიარულს ვანელებ, ზედ ნელი ნაბიჯით გადავივლი. ფოთლები ნელი მოძრაობით ბედნიერ დღეს მისურვებენ. შემდეგ ავიხედავ ზეცისკენ და ვხედავ ნახევრად შიშველ ასევე ფერადოვან ხეს. გულს ვიმშვიდებ – ისევ შეიმოსება. მალე ზამთარიც დადგება თავისი სიმკაცრით და სიცივით. ყველა სახლებში და ტანსაცმელში „ჩავიკეტებით“. და ვერც ვერავის დავინახავთ, მხოლოდ ლანდებს!

ამან ერთი ამბავი გამახსენა – ერთ დღეს რეჯო კალაბრიაში, ნაზის სახლში მეგი მეკითხება:

– ლალი, მათხოვებ ციფრაშვილს (იტალიური ენის სახელმძღვანელო)?

– რად გინდა?

– არ მათხოვებ? – კითხვას მიბრუნებს მეგი.

– კი, აიღე, კარადაში დევს, ჩემი ჩემოდნის თავზე.

გულში კი გავიფიქრე, ალბათ რამე საკითხი უნდა გაარკვიოს: სუსანას რაღაც უნდა დაუმტკიცოს, ან წინადადება გაარჩიოს, მერე, როგორც ყოველთვის, ჩემთან მოვლენ და გაიმართება სამთა ბაასი…

სუსანა მშვენიერი ქალია, რომელსაც ხმამაღალი საუბარიც კი არ შეუძლია. აღშფოთებასაც ისეთი სიმშვიდით გამოხატავს, რომ კაცი გაიფიქრებს: ამისთვის ღმერთს ნერვის ერთი წერტილიც კი არ მიუციაო. სამაგიეროდ, თუ რამე უნდა გაარკვიოს, ღამეებს გაათენებს კომპიუტერთან, გადაქექავს ყველაფერს ქართულ-რუსულ ენებზე, საყვარელ რუსულ ტელესერიალსაც კი უღალატებს, შემდეგ კი კომპიუტერთან მოგისვამს და ყველა ინფორმაციას წაგიკითხავს საკითხის გარშემო. შემდეგ ბედნიერი თვალებით შემოგხედავს და გეტყვის: „ვოტ!..“

მეგი ფილოლოგია, საქართველოს ტელევიზიაში, შემდეგ კი მოსკოვში მუშაობდა. მათ შორის ხშირად იმართებოდა დისკუსიები, რომლის „არბიტრიც“ არაერთხელ ვყოფილვარ.

მეორე დღეს, საღამოს სახლში მისულს, სუსანა ისევ კომპიუტერთან მხვდება, სამზარეულოში, მრგვალ მაგიდასთან და გაფაციცებით უყურებს საყვარელ სერიალს, მეგი კი ტელეფონში ჩასცქერის რომში გადაღებულ ფოტოებს.

მესამე დღეს ვხედავ, მეგი ემზადება ლ’აკვილაში (ქალაქი ცენტრალურ იტალიაში) გადასასვლელად. იქ დაურეკა „დამსაქმებელს“, რომელიც სამსახურს დაჰპირდა. ალაგებს ჩემოდანს და თან ღიღინებს. ვეღარ მოვითმინე და ვეკითხები:

– რაში გჭირდებოდა ციფრაშვილი?  მეგიმ ყურებში გაატარა ჩემი კითხვა, არ მიპასუხა. მეორეჯერ რომ დავუსვი შეკითხვა, მიხვდა, ვეღარ დამიძვრებოდა და მეუბნება:

– ლალ, რასაც გეტყვი, იცოდე, არ გაიცინო შენებურად. თეონამ (სახელი შეცვლილია), ბაღდათის რაიონიდან რომ არის, მკითხა, მეგი, ლ’აკვილა საით არისო, მე ვუთხარი აღმოსავლეთით-მეთქი. მან გაკვირვებულმა შემომხედა და – იტალიას მხოლოდ ჩრდილოეთი და სამხრეთი აქვსო, მითხრა. ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ყველა ქვეყანას აქვს-მეთქი, ვუპასუხე. ეჭვის თვალით შემომხედა და მითხრა, იცი, მეგი, ჩემი ფუტკრები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ან პირიქით დაფრინავენ. არც ბაღდათს აქვს აღმოსავლეთი და დასავლეთიო. ამიტომ გთხოვე წიგნი, მინდოდა ამეხსნა მისთვის, მშვიდად მისმენდა, მადლობა გადამიხადა „გაკვეთილის“ ახსნაში, მაგრამ მივხვდი, რომ მაინც ეჭვი ეპარებოდა ჩემს სიმართლეში.

ამ ამბავმა ჩამაფიქრა. თეონა კარგად აღზრდილი ქალი იყო, კარგი აღნაგობის, ცქრიალა. საქართველოში დატოვა პატარა შვილები და ოჯახის გამოსაკვებად იტალიაში წამოვიდა. მას შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა. ერთ დღეს მირეკავს და მეკითხება, ლალი, ვინმეს ხომ არ იცნობ, დოკუმენტები ქართულიდან იტალიურად რომ მითარგმნოს და დამიმოწმოსო. რა თქმა უნდა, დავეხმარე. როგორც მერე მომიყვა, ლ’აკვილაში მუშაობს, მართვის მოწმობა აიღო და მანქანაც იყიდა.  შვილის ჩამოყვანა უნდოდა იტალიაში და საბუთებს აწესრიგებდა. გულწრფელად გამეხარდა.

მთავარია, უფლის  წინაშე  წარდგე, როგორც ადამიანი, მორალისა და სინდისის განმარტებები ქაღალდზე არ დაწერილა, მსაჯული მხოლოდ ღმერთია. მერე რა, რომ  იტალიას „არ აქვს“ აღმოსავლეთი და დასავლეთი?!..

მერე რა, რომ „მისი“ ფუტკრებიც მხოლოდ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ან პირიქით) დაფრინავენ… მერე რა?!..

ლალი ჯორჯიანა (დავითულიანი)

მილანი, 2020 წ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close