fbpx
კინო/ფილმები

„აკაკის აკვანი“ – ფილმის „თავგადასავალი“

რეჟისორ კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმი „აკაკის აკვანი“ ეკრანზე 1947 წელს გამოვიდა. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალის“ მოტივების მიხედვით გადაღებულ ამ კინოშედევრში განუმეორებელი ქართველი მსახიობების მთელი კოჰორტა მონაწილეობს: მედეა ჯაფარიძე – ანა, აკაკის და; თამარ ციციშვილი – ეკატერინე, აკაკის დედა; ალექსანდრე აფხაიძე – როსტომი, აკაკის მამა; ნატო ვაჩნაძე – მანო, აკაკის ძიძა; სპარტაკ ბაღაშვილი – ესტატე მეწისქვილე, ვაჟა-ფშაველა, გამზრდელი; ედიშერ მაღალაშვილი – ბაგრატი, ახალგაზრდა თავადი; ლეილა აბაშიძე – ნაზიბროლა; სანდრო ჟორჟოლიანი – ანაპოდისტე, მასწავლებელი, კოტე დაუშვილი – მოურავი და სხვა.

ფილმს ზოგი „პოეტის აკვანს“ ეძახის, ზოგიც „აკაკის აკვანს“. რომელია სწორი სახელწოდება, ვერც ბატონმა ედიშერ მაღალაშვილმა გვითხრა, თუმცა გადაღების დეტალებზე სიამოვნებით გვესაუბრა. ჩვენი ინტერვიუ მსახიობის გარდაცვალებამდე (2005 წლის 26 იანვარი) ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა.

აი, რა მოგვიყვა მაშინ ბატონმა ედიშერმა, რომელიც ფილმში ახალგაზრდა თავადის – ბაგრატის როლს ასრულებს.

რაღას ვიზამდი?! ეპიზოდი თაბაშირიანი ფეხით ვითამაშე
ედიშერ მაღალაშვილი ბაგრატის როლში

„კინომსახიობთა სკოლაში სწავლის დროს ხშირად ვთამაშობდით ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან, ვაკეთებდით ეტიუდებს… ჩვენს საჩვენებელ საღამოებს კინოსტუდიის თითქმის ყველა რეჟისორი ესწრებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩვენების დროს კონსტანტინე პიპინაშვილმა დამიძახა და მითხრა: „აკაკის აკვანის“ გადაღებებს ვიწყებ და ბაგრატის როლი შენ უნდა ითამაშოო. ამ დროს მოსკოვში ახალგაზრდობის ფესტივალი ტარდებოდა, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი. ეს რომ პიპინაშვილს ვუთხარი, გადაირია, სად უნდა წახვიდეო. აბა, სამხატვრო საბჭომ როლზე რომ არ დამამტკიცოს, მერე რა ვქნა-მეთქი? – ვიეშმაკე. მე როგორც მინდა, ყველაფერი ისე იქნება, თბილისიდან ფეხს ვერსად გაადგამო, გამომიცხადა პიპინაშვილმა და მართლაც დამტოვა თბილისში.

როლზე დამამტკიცეს და გადაღებებიც მალე დაიწყო. სხვათა შორის, სწორედ ამ დროს თბილისში ჩამოვიდა თეოდორ რუზველტის ვაჟი – ელიოტი, თავის მსახიობ მეუღლესთან ერთად. მთასავით კაცი იყო. მოგვიყარეს თავი და პრესისთვის ფოტო გადაგვიღეს. დავიშალეთ და… უცებ გადმოვარდა უზარმაზარი გასანათებელი აპარატურა და ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ჩვენ ვიდექით. ხომ შეიძლებოდა, სწორედ იმ დროს გადმოვადნილიყო, როცა ელიოტი იდგა იქ?! მოკლედ, სკანდალს გადავრჩით…

მარცხნივ: ელიოტ რუზველტი მეუღლესთან, მსახიობ ფეი ემერსონთან ერთად ფილმის გადამღებ ჯგუფთან

ფილმის სცენარის ავტორი მწერალი ლევან ასათიანი იყო, ოპერატორი – ფელიქს ვისოცკი, კომპოზიტორი – ალექსანდრე მაჭავარიანი. მსახიობებზე აღარაფერს ვამბობ. კონსტანტინე პიპინაშვილმა, მართლაც რომ, სილამაზის თანავარსკვლავედი შეკრიბა ამ ფილმში: ნატა ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი, მედეა ჯაფარიძე, ლეილა აბაშიძე… ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე ამ სილამაზეს ვუყურებდით. გარდა ამისა, ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის დიდი ბედნიერება იყო ისეთი დიდი მსახიობების გვერდით ყოფნა, როგორებიც იყვნენ: სპატაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, კოტე მიქაბერიძე…

გადაღებები, ძირითადად, საჩხერეში და მის შემოგარენში გვქონდა. მე და ამირანის როლის შემსრულებელი ნოდარ კანდელაკი ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, რომლის დიასახლისიც, მარტო ჩვენ კი არა, მთელ ჯგუფს გვიმზადებდა საუზმეს, სადილს და ვახშამს. გადაღების მოედანზე ხომ ერთად ვიყავით, სადილს და ვახშამსაც ერთად მივირთმევდით და მუდმივად ვგრძნობდით ამ საოცარი ადამიანების ყურადღებას – ნატა ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი, როგორც მშობლები, ისე გვექცეოდნენ… ეს იყო 1946 წელი. იმ ერთი წლის განმავლობაში გადაღება ვერ დავამთავრეთ და 1947 წელს ისევ მოგვიწია საჩხერეში ჩასვლა – მაშინ უკვე სხვაგან ვცხოვრობდით…

თამარ ციციშვილი (აკაკის დედა) და ომარ ჩიტაია (პატარა აკაკი)
ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი, მედეა ჯაფარიძე

ერთხელ მე და ჩემი მეგობრები სოფლის გადაღმა, ერთ-ერთ სოფელში მიგვიპატიჟეს. მეორე დღეს რთული გადაღება გვქონდა – მასობრივი სცენა უნდა გადაგვეღო და უამრავი ხალხი ჰყავდათ მოწვეული. ფილმის დირექტორს და რეჟისორს ამის შესახებ რომ ვუთხარით, გვითხრეს, არ წახვიდეთ, იქ დათვრებით და გადაღება რომ ჩაიშალოსო… ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?!

მაინც წავედით! წავედით და უკან დაბრუნებისას ფეხი არ გადამიბრუნდა! ძლივს ჩამომიყვანეს ბიჭებმა საჩხერეში. დამაწვინეს საწოლზე და ნაღრძობი ფეხი ცხელ წყალში ჩამადებინეს. რამდენიმე წუთში ფეხი ისე გამიფუვდა, კინაღამ გული შემიწუხდა. თურმე ნაღრძობზე ცხელი წყლის მიკარება არაფრით არ შეიძლება. რა ვქნათ ახლა? რა ვუთხრათ რეჟისორს? ჰოდა, ასეთი რაღაც მოვიგონეთ: მე და ნოდარ კანდელაკი მეორე სართულზე ვცხოვრობდით. ზუსტად ჩვენ პირდაპირ ცხოვრობდა პიპინაშვილი. ერთმანეთს ფანჯრიდან ველაპარაკებოდით ხოლმე. ჩვენს სახლში ხვეული კიბე ამოდიოდა. იმ დილასაც ჩვეულებრივ მივესალმეთ ერთმანეთს – მივდივართ გადაღებაზეო, შევთანხმდით. ჩემთვის ვფიქრობ, სად მივდივარ, ფეხი მაქვს გასიებული, მაგრამ ვითომ მივდივარ და… „ვაიმე! მიშველეთ!“ – უცებ ვიყვირე. სასწრაფოდ მომცვივდნენ აქეთ-იქიდან, რა დაგემართაო. კიბეზე ფეხი გადამიბრუნდა-მეთქი, არადა, რუმბივით მქონდა გასიებული, თხუთმეტ წუთში რა „გაბერავდა“ ასე?!

სასწრაფოდ გამაქანეს ჭიათურაში, დამადეს თაბაშირი, მაგრამ გადაღება? – სოფლებიდან ავტობუსებით ჩამოიყვნეს ხალხი და ჩემ გამო ამდენ ხალხს უკან ხომ არ გაატრიალებდნენ! რას ვიზამდი?! ეპიზოდი თაბაშირიანი ფეხით ვითამაშე. თუ გახსოვთ, ნეფე-პატარძლის ცეკვაში უნდა ჩავერიო, – სწორედ ამ კადრს ვიღებდით. მოძრაობებს ტანით ვაკეთებდი, ფეხებს, ცხადია, არ იღებდნენ…

ერთ სასაცილო ამბავსაც მოგიყვებით, რომელიც მე და ნოდარ კანდელაკს გადაგვხდა თავს: როგორც უკვე გითხარით, გადაღებები პირველ წელს ვერ დავამთავრეთ და საჩხერეში ჩასვლა მეორედაც მოგვიწია. ვახტანგ ნინუა, რომელიც ფილმში მწყემს ბიჭს თამაშობდა, ექსპედიციაში გვიან ჩამოვიდა და მაინცდამაინც იმ ოთახში მოინდომა ცხოვრება, რომელშიც მე და ნოდარი ვცხოვრობდით. ოთახი საკმაოდ დიდი, მაგრამ ავეჯით სავსე იყო და მესამე კაცი ვეღარაფრით დაეტეოდა. ნინუამ თავი გაიგიჟა, გინდა თუ არა, თქვენთან მინდა ცხოვრებაო. სახლის პატრონს ვთხოვეთ და ერთი პატარა ოთახიც მოგვცა, ოღონდ რამდენიმე ოთახი უნდა გაგვევლო, რომ იმ ოთახში შევსულიყავით. ერთ დღეს ვახტანგმა გაგვაჯავრა – უჩვენოდ წავიდა სადღაც საქეიფოდ და სახლში საშინლად ნასვამი დაბრუნდა. ღვინის დალევა რა სიამოვნება იყო, მაგრამ ახლგაზრდები ვიყავით და გავბრზდით, რომ მიგვატოვა და უჩვენოდ ისიამოვნა. ვსხედვართ და ვფიქრობთ, რა მოვუწყოთ… უცებ ნოდარი მეუბნება, მოდი, გავქურდოთო. როგორ-მეთქი? – ვკითხე. რომ დაიძინებს, მის ოთახში გადავძვრები და ტანსაცმელს მოვპარავ, ეგ ისეთი მთვრალია, ვერაფერს გაიგებსო.

იდეა მომეწონა, მაგრამ მე ვერ გადმოვალ, ფეხი მტკივა-მეთქი, ვუთხარი. არა უშავს, მარტო გადავალო. როგორც ჩვენი, ისე ვახტანგ ნინუას ოთახის ფანჯრები ქუჩის მხარეს გადიოდა. გადაძვრა კანდელაკი ნინუას ოთახში და ის ტანსაცმელი მოჰპარა, რომელსაც ყოველდღიურად იცვამდა, გადაღებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი კი ოთახში მიმოფანტა, ვითომ ქურდებმა მხოლოდ მისი საკუთარი ნივთები წაიღეს.

დავკიდეთ მისი ტანსაცმელი ჩვენს კარადაში, დავიძინეთ გემრიელად და დილით გვაღვიძებს ყვირილი: „აბვარავალი, აბვარავალი მენია!“

„რაშია ვახტანგ საქმე, რა დაგემართა?“ – ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან (ვიწრო ქუჩები იყო და პირდაპირ პიპინაშვილი და ვისოცკი ცხოვრობდნენ) გამოსძახეს პიპინაშვილმა და ვისოცკიმ (ფელიქს ვისოცკი – ფილმის ოპერატორი – თ. ო.). გამქურდეს, ყველაფერი წაიღეს, სანამ ქურდებს არ იპოვით, გადაღებაზე არ მოვდივარო, ყვიროდა…

დარეკეს ჭიათურაში, გამოიძახეს მილიცია. მილიციიდან დარეკეს ფოსტაში (მაშინ სად იყო ტელეფონები – მობილურები საერთოდ არ არსებობდა) და შეგვატყობინეს, ერთ საათში ჯგუფი დანაშაულის ადგილზე მოვა და თან ძაღლები მოჰყავთო. ძაღლებიო?! – მე და ნოდარმა ეს რომ გავიგეთ (ძაღლები რომ შემოგვახტებოდნენ, როგორია), შევხედეთ ერთმანეთს, უცებ მივცვივდით და ვიყვირეთ: ჩვენ ვართ ქურდები, ჩვენ მოვიპარეთ ტანსაცმელი, ვიხუმრეთო… იმის მაგივრად, რომ ოინი გაგვეკეთებინა, ჩვენ თვითონ აღმოვჩნდით სასაცილო მდგომარეობაში, მაგრამ რაღას ვჩიოდით, რადგან ძაღლებს გადავურჩით…

გარდა საჩხერე-ჭიათურისა, გადაღებები თბილისშიც გვქონდა. მაგალითად, ჩანჩქერზე რომ ავდივარ, ეს ეპიზოდი ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული. მიკვირს, როგორ ავედი, თანაც ჩოხა-ახალუხითა და ნაბდით, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და არ მეშინოდა. ოოო, ეს რა იყო, კაცო?!..

რაც მთავარია, გადაღებები ძალიან მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში მიდიოდა. კინოში ბევრი უთანხმოება ხდება, მაგრამ კონსტანტინე პიპინაშვილი საოცარი ადამიანი იყო. არასოდეს არაფერზე აიმაღლებდა ხმას, აქეთ აწყნარებდა ყველას, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნებაო… ასეთ მშვიდ ვითარებაში მოხდა ჩემი პირველი შეხება ქართულ კინემატოგრაფთან და ეს არასოდეს დამავიწყდება, რადგან მსგავსი რამ იშვიათად ხდება“.

„ნაზიბროლას“ როლისთვის ლეილა აბაშიძეს დირექტორი სკოლიდან გარიცხვით დაემუქრა

ფილმში ნაზიბროლას როლს ლეილა აბაშიძე ასრულებს. ის მაშინ თექვსმეტი წლისა იყო და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა დიდი პოეტისადმი მიძღვნილ ფილმში მონაწილეობა. „აკაკის აკვანი“ მისი უსაყვარლესი ფილმი იყო, ნაზიბროლა კი – უსაყვარლესი როლი, თუმცა ამ როლის გამო ბევრი პრობლემა შეხვდა.

„მაშინ მეშვიდე ქალთა სკოლის დამამთავრებელ კლასში ვსწავლობდი და ოქროს მედლის კანდიტატიც ვიყავი. ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლუდმილა სტურუა ძალიან ამაყობდა, რომ სკოლაში ცნობილი მოსწავლე ჰყავდა. ხშირად გამოვყავდი კონცერტებზე, თანაც დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ როცა ნაზიბროლას როლის შესრულებაზე მიდგა საქმე, სკოლიდან გარიცხვით დამემუქრა, ალბათ მიხვდებით, რატომაც – მაშინ ხომ სკოლის მოსწავლისათვის „გამზრდელის“ იმ ეპიზოდში მონაწილეობა სამშობლოს ღალატს უდრიდა!

ბატონი კონსტანტინე აქტიურად ჩაერია საქმეში და ბოლოს ნება დამრთეს, როლი ისე მეთამაშა, რომ ქართველი მოსწავლე გოგონას პრესტიჟი არ შელახულიყო – ბაგრატის ჩოხის კალთა ჩემი კაბის კალთას არ უნდა შეხებოდა…

მახსოვს, ნატო ვაჩნაძისა და თამარ ციციშვილის სანახავად როგორ ჩამოდიოდნენ მაღალმთიანი სოფლებიდან. საოცრად თავმდაბალი ქალბატონები იყვნენ. ქალბატონი ნატო სოფლის ქალებში ჩაჯდებოდა და ათასნაირ ამბებს მოუთხრობდა ხოლმე კინოს სამყაროდან. უყვარდა ხალხთან ურთიერთობა და ალბათ ამიტომაც იყო ასეთი პოპულარული“, – იხსენებდა ქალბატონი ლეილა.

„ნახეთ, პატარა აკაკი თავისი ფეხით მოვიდა!“

პატარა აკაკის როლის შემსრულებელი ომარ ჩიტაია (ჟურნალისტი, მომღერალი) კი ასე იხსენებს ათეული წლების წინანდელ ამბებს.

„ამ ფილმში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მაშინ პლეხანოვის გამზირზე ვცხოვრობდით. მამა მუშთაიდის ბაღისკენ მიმასეირნებდა. როცა კინოსტუდიას ჩავუარეთ, უცნობმა მამაკაცმა შეგვაჩერა და მამას სთხოვა, ერთი წუთით ბავშვი გვათხოვეთო. მომკიდა ხელი, კინოსტუდიის ეზოში შემიყვანა და ვიღაც ქალბატონებს მოუხმო: ნუცა, თამარ, ნახეთ, პატარა აკაკი თავისი ფეხით მოვიდაო. გაოცებულმა ვუთხარი: ბიძია, მე ომარი ვარ, აკაკი არ მქვია-მეთქი. გაეცინათ. თურმე ჩემამდე სამასამდე ბავშვი გაუსინჯავთ პატარა აკაკის როლისთვის. გადამიღეს ფოტოები და მოსკოვში დასამტკიცებლად გაგზავნეს, – წარმოიდგინეთ, მოსკოვში უნდა დაემტკიცებინათ აკაკის როლის შემსრულებელი.

ნატო ვაჩნაძეს პირველად კინოსტუდიაში შევხდი, სპარტაკ ბაღაშვილი კი მატარებლის კუპეში გავიცანი. იგი ფილმში სამ როლს თამაშობდა: გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა-ფშაველას. გახსოვთ ალბათ, როგორ შემოდის იგი აკაკის იუბილეზე და ლექსს კითხულობს: „მეც ამატირა ბევრჯერა შენს თვალზე ცრემლის დენამა…“ ეს მართლაც გენიალური როლია ქართულ კინემატოგრაფში. ფილმის ყველაზე დიდი გამარჯვება კი, ვფიქრობ, მაინც მიხეილ ყვარელაშვილის (ოპერის ცნობილი მომღერალი) მოხუცი აკაკი იყო. საჩხერეში ყოფნისას მას გრიმი გაუკეთეს და აჩვენეს აკაკი წერეთლის მოურავის მეუღლეს, ოთხმოცდაათი წლის ქალს, გვარად აბდუშელიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდა, მის დანახვაზე ქალი მაინც გულწასული გადმოვარდა სკამიდან“.

სპარტაკ ბაღაშვილის 3 როლი

უკვე აღვნიშნეთ, რომ გენიალური ქართველი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი „აკაკის აკვანში“ სამ როლს თამაშობს – გამზრდელს, ესტატე მეწისქვილეს და ვაჟა-ფშაველას.

სპარტაკ ბაღაშვილი გამზრდელის როლში

ფილმის რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ მსახიობს გარდასახვის უბადლო ნიჭი ჰქონდა. მას არასდროს უთქვამს, თუ რატომ გააერთიანა ეს სახეები, რატომ ანდო თუნდაც ვაჟა-ფშაველას როლი მაინცდამაინც ბაღაშვილს, რომელიც საქართველოს მაშინდელი ცეკას მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ბრძანებით, გიორგი სააკაძის როლს არ გააკარეს მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმში. არ უთქვამს, მაგრამ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო არა მარტო სპარტაკ ბაღაშვილის, არამედ, საერთოდ, ნებისმიერი მსახიობის შერჩევისას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „აკაკის აკვანი“ თაობების საყვარელი ფილმია.

თამარ ოთიაშვილ

თამარ ოთიაშვილი ედიშერ მაღალაშვილთან. სამახსოვრო ფოტო ინტერვიუს შემდეგ, 2004 წ.
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close