ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობა „საპოლიციო ჰაბად“ შესაძლოა, აღარ გადაკეთდეს
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი შესაძლოა აღარ განთავსდეს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ“, – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობა გადაეცემოდა შსს-ს, რომელიც იქ დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.
პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.
ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
radiotavisupleba.ge
კომენტარები