მოგზაურობამსოფლიოტექნოლოგიები

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის მეგობარ გოგონას ეძებს

გაუთხოვარ გოგონებს 17 იანვრამდე შესანიშნავი შანსი ეძლევათ, გახდნენ არა მხოლოდ მილიარდერის ცხოვრების თანამგზავრი, არამედ მთვარეზეც გაფრინდნენ.

44 წლის იაპონელმა მილიარდერმა და ფლეიბოიმ, იუსაკო მაეძავამ თავის ტვიტერის გვერდზე გამოაცხადა გოგონების კონკურსი, დევიზით „გამომყვები მთვარეზე?“ – გამოქვეყნებიდან 4 საათში პუბლიკაციამ 30 ათასი ლაიქი და 10 ათასი გაზიარება დააგროვა.

თვითონ ავტორი ამ პროექტს „სერიოზული ურთიერთობებისთვის მაჭანკლობას“ უწოდებს, კონკურსანტებს კი შემდეგ პირობებს უყენებს: მისი მომავალი პარტნიორი 20 წელს გადაცილებული უნდა იყოს და ოჯახი არ უნდა ჰყავდეს. და მთავარი პირობა – მზადყოფნა ფრენისთვის ვარჯიშის დასაწყებად! მაეძავა თავის რჩეულს მარტის ბოლოს გამოავლენს.

2018 წელს იუსაკო მაეძავამ განაცხადა, რომ მთვარეზე თავის შეყვარებულთან, გორიკი აიამესთან ერთად გაემგზავრებოდა, თუმცა 27 წლის იაპონელი მოდელი და მსახიობი სათანადო ყურადღებით არ მოეკიდა მოგზაურობისათვის საჭირო ფიზიკურ მომზადებას, რაც წყვილის დაშორების მიზეზი გახდა.

მაეძავა იაპონიაში ცნობილია არა მარტო, როგორც წარმატებული მეწარმე (მისი ქონება 3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული; ქონება მან ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის – Zozo-ს მეშვეობით დააგროვა) და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, არამედ, როგორც მექალთანე. მას ცოლი არასდროს ჰყოლია, მაგრამ სხვადასხვა ქალისგან 3 შვილი შეეძინა.

იაპონელი მილიარდერი მთვარის გარშემო მოგზაურობას, პირველი მგზავრის რანგში, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის, Starship-ის მეშვეობით აპირებს. მაეძავამ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ოცნებაა.

იაპონელი აპირებს, მთვარეზე ექვს ხელოვანთან ერთად გაემგზავროს, დაბრუნების შემდეგ კი ისინი მთვარეზე მოგზაურობის თემაზე ხელოვნების ნიმუშებს შექმნიან და დოკუმენტური ფილმს გადაიღებენ.

გაფრენა 2023 წლისთვის იგეგმება, თუმცა მასკმა განაცხადა, რომ ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს. უცნობია, რა თანხას გადაუხდის ექსცენტრიკული იაპონელი ექსცენტრიკული ამერიკელის კომპანიას მთვარეზე მოგზაურობისთვის: ილონ მასკმა მხოლოდ ის გაამხილა, რომ თანხა „ძალიან დიდია“.

მანანა ბანძელაძე

აი, ასე ამოგზაურებს ილონ მასკის კომპანია კოსმოსურ ტურისტებს მთვარის გარშემო (ეს არ არის ფოტო, არამედ მხატვრის ნახატია); SPACEX

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close