ავსტრალიიდან ხანძრების კვამლმა 13 ათასი კილომეტრი გადალახა და სამხრეთ ამერიკას მიაღწია (ვიდეო)
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ავსტრალიის ხანძრების კვამლმა სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია, ამ ორ კონტინენტს კი, ერთმანეთთან დაახლოებით 13 ათასი კილომეტრი აშორებს.
გავრცელებული ცნობით, ჩილეში ცა განაცრისფრდა, ხოლო არგენტინაში, კერძოდ, ბუენოს აირესში მზის ჩასვლის დროს ცამ წითელი ფერი მიიღო. მეტეოროლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ ავსტრალიის ტყეებში ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა ანტარქტიდამდეც მიაღწია. ახალ ზელანდიაში კი მყვინვარებზე უკვე შენიშნეს მუქი ფერის ჭვარტლი, რომელიც მათ დნობას აჩქარებს.
მეტეოროლოგების ცნობით, ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, რაც ხანძრების ახალი კერების საფრთხეს ქმნის.
ავსტრალიის ხელისუფლება ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად 250 000 ადამიანს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ხანძრების გამო ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა. მათ შორისაა უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ისრაელის და ესტონეთის დიპლომატიური მისიები. მიზეზად ავსტრალიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება სახელდება.
კვამლის გამო ავსტრალიის დედაქალაქში დროებით რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაც დაიხურა.
ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება.
როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფეიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.
ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ ხნის განმავლობაში ცეცხლმა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მონაკვეთი გადაწვა. დაღუპულია 27 ადამიანი. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა გაანგარიშებით, ხანძრებს ავსტრალიაში მილიარდზე მეტი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია შეეწირა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები