კიოლნის N1 ქართველი და გერმანულ სასწავლებელში მის მიერ დანერგილი ჩვენებური ცეკვის ილეთები
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მოგითხრობთ ამბავს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანზე, რომელმაც უცხოელები ქართულად ააცეკვა.
თამარ ბურდული იმ ქართველთა რიცხვშია, რომელიც უცხოეთში ცხოვრებამ ვერ გადაასხვაფერა, პირიქით, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად ქართველიც კი გახადა. თუ დღეს კიოლნში კარგად იციან საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ, ეს მისი დამსახურებაცაა. მეტსაც გეტყვით, თუ იმის მოწმე გახდებით, რომ ადგილობრივი გერმანელები „აჭარულის“ ცეკვაში აჰყვებიან იქ ჩასულ ქართველებს, ამაშიც ის იქნება „დამნაშავე“…
სხვათა შორის, ერთ გერმანულ ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში თამარ ბურდულისგან ათვისებულ ქართული ცეკვის განსხვავებულ სტილსა და ტექნიკას დღემდე იყენებენ. ის ასევე არაერთი ქართული კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორია. უშუალოდ მისი მონაწილეობით გერმანიაში ექვსი სპექტაკლი დაიდგა. წელს კი პირველად ჩატარდა „თბილისობა“, რომელშიც საქართველოდან ჩასულმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. დანარჩენს და უფრო ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ…
ქალბატონო თამარ, დღეს გერმანიაში არსებული ემიგრაცია კარგად გიცნობთ, მაგრამ ჯერ ის მოგვიყევით, როგორ მოხვდით გერმანიაში?
როცა გერმანიაში ენის ცოდნის გარეშე „გამოვიქეცი“ ბეიბისიტერად – ბავშვის მომვლელის პროგრამით, მაშინ 19 წლის ვიყავი. შემდეგ ენის შესწავლა დავიწყე და ჩემი შვილების მამა გავიცანი, გავხდი ორი შვილის დედა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურმა პასუხისმგებლობებმა ძალიან ჩამითრია, ჩემი ხელოვნების მოყვარული გული მაინც ვერ გაჩერდა – უცხო ქვეყანაში ქართული საქმისა და კულტურის წარმოჩენა დავიწყე. პირველად ქალაქ კიოლნში ჩამოვაყალიბე ქართული ცეკვის მოყვარულთა ჯგუფი. ძალიან მალე დიუსელდორფში ჩაეყარა საფუძველი ქართულ საკვირაო სკოლას, სადაც ჯერ ბავშვების ცეკვის პედაგოგი ვიყავი, შემდეგ კი თეატრის პედაგოგიც გავხდი.
ვიცი, რომ თეატრში ქორეოგრაფიული ნომრების დადგმის დროს ქართული ცეკვის ილეთებს იყენებდით…
2013 წელს სწავლა დავიწყე ცეკვის იმპროვიზაციის თეატრის პედაგოგიკისა და ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც ძალიან გამიმართლა. მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელიც ყოველი დავალების შესრულების დროს ქართული ცეკვის ელემენტს იყენებდა. განსხვავებული სტილის ქორეოგრაფიისთვის იმ ინსტიტუტში ჩემს ტექნიკას ახლაც იყენებენ და ეს ფაქტი სიხარულით და სიამაყით მავსებს.
შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად ჩამოაყალიბეთ ქართული კულტურის საზოგადოება, რომელიც გერმანიაში თავისი საინტერესო საქმიანობით გამოირჩევა…
მე ჩამოვაყალიბე გერმანულ-ქართული კულტურის საზოგადოება, რომელიც სათვისტომოებს ექვემდებარება. მისი სახელით ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს გამართული. როცა ჩვენი საქმიანობის შესახებ შეიტყვეს, სხვა ქვეყნებიდანაც დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. დღეს უკვე აქტიური ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ საზოგადოებებთან. მახარებს ის ფაქტიც, რომ დღემდე არაერთი საქველმოქმედო საღამოც მაქვს გამართული. ვთანამშრომლობდი კათოლიკურ ეკლესიასთან, საიდანაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ღონისძიებას, რომელზეც ქართული კულტურა წარმოვაჩინეთ.
გერმანიაში ქართულენოვანი თეატრიც ჩამოაყალიბეთ…
დიახ, მუშაობა მომიწია ადგილობრივი ოპერის ცნობილ რეჟისორთან და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან საშა ფონ დონაუსთან (Sasha Von Donau). ჩამოვაყალიბე ქართულენოვანი თეატრი (Theater am Hof), სადაც ინტეგრირებული პროექტებით ხუთი სპექტაკლი დავდგი. შარშან კიოლნის თეატრალური ღამის ფესტივალზე (Kölner Theater Nacht) დავდგით ორი ქართულენოვანი სპექტაკლი, რომელთა პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ასევე ვთანამშრომლობ „მეტროპოლ თეატრსა“ და კომედიის თეატრთან, სადაც 27 იანვარს პრემიერას ვითამაშებ. ეს იქნება დონ ფონ ჰარვარტის პიესის „დონ ხუანის დაბრუნება“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
როგორც ვიცი, წელს გერმანიაში „თბილისობა“ და ჯაზის ფესტივალი ჩაატარეთ…
დიახ, წელს, ნოემბრის დასაწყისში გერმანიაში პირველად გაიმართა ქუჩის ფესტივალი სახელად „თბილისობა ჩემს ქალაქში”, 13 ნოემბერს კი გერმანიაში გამართულ ჯაზის ფესტივალზე ჩამოყვანილი გვყავდა მომღერალი ნინო ქათამაძე და ფოლკლორული ჯგუფი „ლილე“. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, რადგან გერმანიაში ამ ფესტივალზე 40 წლის მანძილზე ჯერ არცერთ ქართველს არ უმღერია. „თბილისობაზე“ გერმანიაში არსებულ არგენტინულ რესტორანში სამი დღე დაეთმო ქართულ სამზარეულოს. თითქმის ყოველ კვირა დღეს ვატარებ კულტურულ პროგრამას, რაც მთავარია, ამ ყველაფერს, რომ იტყვიან, შიშველი ხელებით ვაკეთებ, რადგან სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ მაქვს.
ყველაზე რთული რა იყო გერმანიაში ჩასვლის პირველი დღიდან, რასაც ფაქტობრივად გაუმკლავდით?
იცით, ჩემთვის თავიდან ყველაფერი რთული იყო, რადგან აქ რომ ჩამოვედი, 19 წლის თბილისელი გოგო ვიყავი. თბილისი იმ დროს იყო ჩაბნელებული ქალაქი, სადაც კარგი არაფერი ხდებოდა. რასაკვირველია, კომფორტს გადაჩვეულს, ამ საათივით აწყობილ ქვეყანაში ცხოვრების დალაგება თავიდან გამიჭირდა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენის ბარიერი იყო, თანაც თავს მარტო ვგრძნობდი. განსაკუთრებით ჩემს ტყუპისცალთან განშორება გამიჭირდა. დღეს ამ ყველაფერს თითქოს მივეჩვიე, ხოლო გერმანული პუნქტუალობა, უნდა ვაღიარო, ისევ ჩემი სუსტი წერტილია…
თქვენი ქართული საქმიანობის შესახებ თუ იციან გერმანიის ოფიციალურმა წრეებმა?
როდესაც გერმანულ-ქართული კულტურის გაცვლითი საზოგადოება ჩამოვაყალიბე, მერიაში ოფიციალური განაცხადი შევიტანე დოკუმენტის დასამოწმებლად. მაშინ ქალაქის მერმა, ქალბატონმა ჰანერიკე რიკემ პირადი მისასალმებელი წერილი გამოგვიგზავნა, რამაც სასიამოვნოდ გამაოცა. ჩვენი ძალისხმევით ლევერკუზენის ჯაზის ფესტივალზე ქართველი ხელოვანი პირველად წარდგა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.
რომელი ქართული ცეკვის ილეთებს იყენებენ გერმანელები სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენებში?
ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ქართული ნაციონალური ცეკვა და ხალხური სიმღერა აქ თითქმის ყველას გაუგია, ან უნახავს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ის დიდი კულტურის ნაწილია. როდესაც ვსწავლობდი ცეკვის იმპროვიზაციის პედაგოგიკას და ქორეოგრაფიას, უამრავი დავალება გვქონდა, განსაკუთრებულად გამორჩეული ჩემი ნამუშევარი გამოდიოდა, ვინაიდან მასში ყოველთვის ვიყენებდი ქართული ცეკვის ილეთებს. უცხოელები ძალიან დაინტერესებულნი არიან ქართული ცეკვის სწავლით. ბევრს შრომობენ და განურჩევლად ასაკის, რელიგიის და კანის ფერისა, ცეკვის დარბაზში მოსვლა ძალიან უხარიათ.
თურმე სცენაზე წარმოთქმული თქვენი ქართული ტექსტი გერმანელ მაყურებელს კარგად „ესმის“…
მახსენდება სპექტაკლი „ქვები ქარიშხალში“ (ქართულად ასე ითარგმნა), რომელიც პირველად ბათუმში გამართულ მონოპიესების ფესტივალზე გერმანელმა რეჟისორმა ბირგით ფახტმა და გერმანელმა დრამატურგმა გაბრიელე ფალკმა მოამზადეს. ამ სპექტაკლში მიწევდა ემიგრანტი გოგოს როლის თამაში და ორ ენაზე საუბარი. სცენაზე ორ სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებ, მაგრამ ქართველ მაყურებელს იმის აუცილებლობა არ გასჩენია, რომ გერმანულ ენაზე წარმოთქმული ტექსტი ქართულად მეთარგმნა, ან პირიქით. ამ სპექტაკლმა გერმანიაშიც გააგრძელა არსებობა. მე არ მახსოვს, გერმანელ მაყურებელს ჩემი ქართული ტექსტი და ქართული იმპროვიზებული ცეკვა არ გაეგო და დარბაზი თვალცრემლიანს არ დაეტოვებინა… სხვათა შორის, ეს სპექტაკლი წარდგენილი იყო კიოლნის თეატრალური ღამის ფესტივალზე და პუბლიკამ ოვაციის ფონზე იქაც თვალცრემლიანმა დატოვა დარბაზი. გერმანელებისთვის უჩვეულოა, როცა ხედავენ, რომ ქართულ ცეკვას ფეხშიშველი ვასრულებ. მე ასე მირჩევნია, რადგან ამ ფორმით ცეკვას უფრო მეტად შევიგრძნობ და გადმოვცემ.
სირცხვილია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ქართული ცხოვრება ამ აწყობილ ქვეყანაში საშინლად არაპუნქტუალურია, თუმცა ზედმეტად პასუხისმგებელი და მომთხოვნიც ვარ. არ მეზარება ვიყო ქართველი დედა, ვესაუბრო ბავშვებს ქართულად, მოვუმზადო მათ ქართული კერძები, ვიცეკვო და ვიმღერო ქართულად და, თუ გავბრაზდი, ისევ ქართულად ვიჩხუბო!..
დარწმუნებული ვარ, თქვენი მონატრებაც ქართული იქნება…
ჩემი მონატრებაც ქართულია… მენატრება ქართული სიყვარული და ურთიერთობები. მენატრება მამა და ჩემი ტყუპისცალი და. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოფნის დროს ომის პერიოდში გავიზარდე, მაშინაც კი, მახსოვს, ქვეყანაში ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა იყო. ახლა, როდესაც საქართველოში ჩავდივარ ხოლმე, აშკარად ვგრძნობ, რომ ხალხი შეიცვალა, თუმცა მჯერა, რომ მალე ჩვენთვის ჩვეულ სიყვარულსა და სითბოს ისევ დავიბრუნებთ…
თეონა გოგნიაშვილი
sputnik-georgia.com
კომენტარები