მსოფლიოტექნოლოგიები

FACEBOOK-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ DEEPFAKE ვიდეოებს წაშლის

FACEBOOK-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებულ DEEPFAKE ვიდეოებს პლატფორმიდან წაშლის. ამის შესახებ BBC წერს.

Deepfake-ი გამოსახულების სინთეზის მეთოდიკაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. ამ მეთოდიკით შესაძლებელია ჰიპერრეალისტური ვიდეო ან აუდიოჩანაწერი შექმნა, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული ადამიანი ამბობს ან აკეთებს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია. ტერმინი ორ სიტყვას აერთიანებს: deep learning (სიღრმისეული შესწავლა) – რაც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ალგორითმს წარმოადგენს და Fake – ყალბი.

ტერმინი თავდაპირველად 2017 წელს გაჩნდა, როდესაც Reddit-ის მომხმარებელმა, სახელით Deepfake, ხელოვნური ინტელექტის deep learning ალგორითმით, ცნობილი ადამიანების სახეები პორნოგრაფიულ ვიდეოებში დაამუშავა.

თუმცა, Deepfake ვიდეოები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის აპრილში კომპანია Buzzfeed-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად ობამას სახე deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ჰოლივუდის მსახიობის, ჯორდან პილის ხმასა და სახის მოძრაობაზე იყო აგებული.

ვიდეოს შექმნის მიზანს იმ საფრთხეების ჩვენება წარმოადგენდა, რაც შესაძლოა ამ ტიპის ვიდეოებს ახლდეს თან.

დღეისათვის Deepfake-ი შესაძლოა დეზინფორმაციის მძლავრ იარაღად იქცეს. თუ აქამდე მხოლოდ სპეცეფექტების ექსპერტებს შეეძლოთ ყალბი, მაგრამ რეალისტური ვიზუალური და აუდიომასალის დამზადება, ახლა ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა ნებისმიერმა ადამიანმა შექმნას ასეთი კონტენტი – ამისთვის კი მხოლოდ ინტერნეტი, სამიზნე პირის ფოტო ან ვიდეომასალაა საჭირო.

Deepfake-ს შეუძლია უხეშად ჩაერიოს პოლიტიკაში, მოახდინოს არჩევნების საბოტაჟი და გააჭიანუროს დიპლომატიური ურთიერთობები.

მაგალითად, გასულ წელს ბელგიის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა Deepfake ვიდეო, რომელშიც ტრამპი აკრიტიკებს ბელგიის პოზიციას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვიდეო ვიზუალურად არც ისე რეალისტურია და, შესაბამისად, მარტივად შესამჩნევი იყო მისი სიყალბეც, მიუხედავად ამისა მან ონლაინ პლატფორმაზე მაინც მოახერხა ასობით კომენტარის პროვოცირება, რომლებშიც აუდიტორია აღშფოთებას გამოხატავდა ტრამპის მიერ ბელგიის „შიდა საქმეებში ჩარევის“ გამო.

კარგად დამუშავებული Deepfake ვიდეოს სიყალბის ამოცნობა რთულია, რადგან მას არ გააჩნია აშკარა ნიშანი, რითაც მის სიყალბეში დავრწმუნდებით, თუმცა ასეთი ვიდეოების უმრავლესობას, ზოგადად, ახასიათებს რამდენიმე ფაქტორი: ადამიანის არაბუნებრივი სუნთქვა, პულსი ან თვალების დახამხამება. თუ ვიდეო 30-წამიანია და მასში ნაჩვენები ადამიანი თვალს არ ახამხამებს, მაშინ ეს ვიდეო შესაძლოა ყალბი იყოს.

Deepfake-ის გმირები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები ხდებიან.  Facebook-ში თვლიან, რომ ეს რგოლები დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

Facebook-ის ახალი პოლიტიკა პაროდიებსა და სატირულ ვიდეოებზე არ გავრცელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close