ლიმონს+მარილი საწოლთან – რა არის ამ „ჯადოქრობის“ საიდუმლო?
ჯერ კიდევ ესკულაპის უძველესმა მსახურებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ ციტრუსოვნები გულის, კუჭისა და ნაწლავების გამაჯანსაღებელია, თან ორგანიზმსაც ტონუსში ამყოფებს.
წვნიანი ლიმონი ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ლამაზი ფიგურის შენარჩუნებას. მისი სასარგებლო თვისებების გასაძლიერებლად ხალხურ მედიცინას რამდენიმე მარტივი რეცეპტი აქვს.
ლიმონი მარილთან ერთად… საწოლთან!
აიღეთ ლიმონი, რამდენიმე ნაწილად გაჭერით და ლამბაქზე დაალაგეთ. შემდეგ მარილი მოაყარეთ და ეს კომპოზიცია სასთუმალთან დაიდეთ. ლიმონის არომატი ჰაერს გაწმენდს და უშფოთველ ძილსაც ხელს შეუწყობს.
ასეთი „ლიმონ-მარილიანი სპა სალონი“ განსაკუთრებულ სარგებელს მაშინ მოგიტანთ, თუ გაცივების შემოტევას გრძნობთ. ამ ხილის სასარგებლო ეთერზეთები გაასუფთავებენ სასუნთქ გზებს, სანამ თქვენ ტკბილად გძინავთ. ლიმონს ჰაერის დეზინფექციისა და გაწმენდის უნარი აქვს და მისი და მარილის „ტანდემი“ ნამდვილად მუშაობს.
ლიმონი – ჰაერის გამწმენდი
თუ რაიმე მიზეზის გამო ოთახში უსიამოვნო სუნი გაჩნდა (მაგალითად, ნაგვის ურნის დროულად დაცლა ვერ მოასწარით), ეს „არომატი“ შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ განდევნოთ. ლიმონი გვეხმარება სწრაფად გავუმკლავდეთ ამ პრობლემას! აუცილებელია, ოთახში რამდენიმე ლამბაქი დადოთ, რომლებზეც მარილმოყრილი ლიმონის ნაჭრები იქნება. ისინი უფრო სწრაფად გააქრობენ საშინელ სუნს, ვიდრე ამას ნებისმიერი საკმეველითა თუ ქიმიური (ანუ მავნე) ჰაერის გამწმენდი საშუალებით მოახერხებთ. შედეგი: დახვეწილი არომატი და არცერთი გრამი ქიმია!
ლიმონი კოღოების საწინააღმდეგოდ
დაკვირვებულმა ადამიანებმა კარგა ხანია შენიშნეს, რომ კოღოები ლიმონის არომატს ვერ იტანენ, ჩვენ კი – ამ სისხლისმსმელებს – ისინი ნორმალურ ცხოვრებაში ხელს გვიშლიან და ძილის საშუალებას არ გვაძლევენ. ამიტომ, როგორც ამბობენ: „ლიმონი – სახლში, კოღოები – ჯანდაბაში!“
გთავაზობთ მშვენიერ რეცეპტს კოღოების საწინააღმდეგოდ: ლიმონი შუაზე გაჭერით და თითოეულ ნახევარში ბლომად ჩაარჭვეთ მიხაკი (სანელებელი). განათავსეთ ეს „ინსტალაცია“ საწოლთან ახლოს. დაგვერწმუნეთ, ეს საშუალება ნებისმიერ „რაპტორზე“ ბევრად ეფექტიანია.
ლიმონი და დეპრესია
ეს ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამაა. რა თქმა უნდა, კლინიკური დეპრესიის მძიმე შემთხვევებში ციტრუსი ნაკლებად დაგეხმარებათ, მაგრამ ცუდი განწყობა უკვალოდ გაქრება, თუ მცენარეულ ჩაის მოამზადებთ და შიგ ლიმონის ნაჭერს ჩააგდებთ. ამგვარი „კოქტეილი“ საშუალებას მოგცემთ, ცხოვრების ნათელი მხარე უმალ დაინახოთ.
თუ ცუდი განწყობა დიდხანს გრძელდება, ე. ი. ლიმონოთერაპიის უფრო სერიოზული ჩარევა გესაჭიროებათ. აიღეთ არომანათურა, ჩაასხით მასში ცოტა ლიმონის ეთერზეთი, რბილ სავარძელში მოხერხებულად მოკალათდით და ეცადეთ, არ იფიქროთ. მხიარული აზრები დასვენებულ გონებაში ბინადრობს. ლიმონი ოპტიმიზმს შეგმატებთ, რადგან მისი არომატი სიხარულის ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ლიმონი და წნევა
ლიმონი წნევაზე ძალიან მარტივად მოქმედებს – მას დაბლა წევს, ამიტომ ჰიპერტონიკებმა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი აუცილებლად უნდა გამოიყენონ: ლიმონის ჩაი, მარილიანი და მიხაკიანი ლიმონი საწოლთან ან მაგიდაზე, ასევე, არომატული ნათურა ლიმონის ეთერზეთით. წნევის დასაწევად ყველაფერი გამოადგებათ. ლიმონის არომატი სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და წნევაც შემცირდება.
და რატომ არის მარილი საჭირო?
და რატომ უნდა მოვაყაროთ ლიმონს მარილი? აი, რაში მდგომარეობს საიდუმლო: თუ ლიმონს მხოლოდ დაჭრით და უმარილოდ დატოვებთ, მაშინ ის ჯერ გამოშრება და შემდეგ დაჭკნება. ამ შემთხვევაში არომატს მხოლოდ ციტრუსის ზედა ფენა მოგვცემს. მარილი კატალიზატორია, ის სუბსტრატის უფრო დიდი რაოდენობით მოპოვებისთვისაა საჭირო. სწორედ მარილი ამოქაჩავს წვენს, რომელიც შემდეგ ორთქლდება!
აი, კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი:
ფერმენტირებული ლიმონი
ლიმონი მარილით ანუ ფერმენტირებული ლიმონი. ასეთი გზით მომზადებულ ციტრუსში უფრო მეტი ფერმენტი, ვიტამინი და მინერალია, რაც მას სამჯერ უფრო სასარგებლოსა და ეფექტიანს ხდის.
მაგრამ რას ნიშნავს ლიმონის დუღილი? ამ პროცესს რამდენიმე ეტაპი აქვს.
პირველი: აირჩიეთ საკმარისად დიდი მინის კონტეინერი, რომელშიც ლიმონებს მოათავსებთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ.
მეორე: აიღეთ 4-5 ლიმონი (სასურველია ორგანული წარმოების), ცოტაოდენი საჭმლის სოდა გახსენით ცივ წყალში და ლიმონები იმით გარეცხეთ. თითოეული ლიმონი შუაზე ჩაჭერით (ოღონდ ბოლომდე არა), მარილი მოაყარეთ და კარგად დატკეპნეთ. მინის კონტეინერის ფსკერი მსხვილი მარილით დაფარეთ და მარილიანი ლიმონები მჭიდროდ ჩაალაგეთ. მათ შორის არსებული სივრცეც მარილით უნდა ამოავსოთ.
მესამე: კონტეინერს თავსახური დააფარეთ და 3 დღის განმავლობაში დატოვეთ მშრალ ადგილას (დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან). სამი დღის შემდეგ შეგიძლიათ ლიმონის გამოყენება.
გამოიყენება:
* კერძების არომატიზაციისთვის;
* საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისა და გულძმარვის საწინააღმდეგოდ (იმ პირობით, თუ მაღალი მჟავიანობა არ გაწუხებთ);
* კანის გასაჯანსაღებლად. ანტიოქსიდანტების არსებობისა და მარილის ზემოქმედების გამო, კანის ზედაპირი გახდება უფრო მბზინავი, გლუვი, ხავერდოვანი, ნაკლებად ცხიმიანი და ელასტიკური.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები