პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიებისაქართველო

FACEBOOK-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ანონიმური გვერდი გააუქმა

FACEBOOK-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ინფორმაციას თავად სოციალური ქსელი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ეს გვერდები, ძირითადად, ადგილობრივ ამბებს ავრცელებდნენ. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან“, – წერს Facebook-ი.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.

რაც შეეხება თანხას, ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში ანუ პოსტების დასპონსორებაში.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, გამოძიებაში მათ ე. წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.

„ბინძური თამაშის მორიგი ცუდი ნიშანი პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში“,  – ასე აფასებს საგარეო საკითხების ექსპერტი და აშშ-ში ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი 20 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ანონიმური გვერდი წაშალა.

პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი, მაიკ კარპენტერი კი ამბობს, რომ თუ ფაქტი დადასტურა, ეს შემაძრწუნებელი იქნება.

„თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა. Facebook-მა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის პოსტები აშკარად დაუკავშირა კომპანიას, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიასთან არის აფილირებული. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაირკვევა“, – წერს კარპენტერი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ის მიერ საქართველოში შექმნილი არაავთენტური ანგარიშების წაშლას და ამ თემაზე  განცხადებებს სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა.

„ჯგუფთან, რომელზეც Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია ,,ქართულ ოცნებას“ და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

imedinews.ge

P. S. ინფო: ამ თემით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ, გადავიდეს ლინკზე https://netgazeti.ge/news/330759/?fbclid=IwAR3hEQDNWLwHUJehV7CqMp9-jDv5DtX0GXdHGL1FSYz-jZaAo09daoKTa-o და გაეცნოს სტატიას „სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close