საზოგადოებაფსიქოლოგიასაქართველო

რეკომენდაციები – როგორ ვმართოთ მოზარდის თვითმკვლელობით გამოწვეული სტრესი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სამოქალაქო პროტესტის ტალღა მოჰყვა. მედია აშუქებს საქმის ყველა სავარაუდო დეტალს, რის ფონზეც სკოლის მოსწავლეებს, რომელშიც მოზარდი სწავლობდა, სტრესთან გამკლავება უწევთ. არა მხოლოდ მეგობრის დაკარგვის, არამედ იმ გამოხმაურებების გამო, რომლებსაც სოციალურ ქსელებში აწყდებიან.

„კითხულობენ ამ ყველაფერს ბავშვები, უგზავნიან ერთმანეთს იმას, რასაც წერენ სოციალურ ქსელში სკოლაზე. წერენ, რომ სკოლა უნდა დაიხუროს, ბავშვებმა ამ სკოლაში აღარ უნდა იარონ, რომ ეს „მკვლელი სკოლაა“. ბავშვი თავი იმართლებს – არ ვიცნობდი ამ ბიჭს, რატომ ვართ მკვლელები, ძალიან ვნერვიულობთ ამას რომ გვეძახიანო“,ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი სოფო ბუკია, რომლის დისშვილებიც „მწვანე სკოლაში“ სწავლობენ.

სოფოს თქმით, მშობლები მუდმივად ესაუბრებიან ბავშვებს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი კომპეტენტური ადამიანები იმუშავებდნენ სკოლის მოსწავლეებთან.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ფსიქოსოციალური მომსახურების ჯგუფის სპეციალისტები ზოგიერთ სკოლაში უკვე იყვნენ, ზოგან ჯერ მზად არ არიან ბავშვები და სასაუბროდ დრო სჭირდებათ.

„გვაქვს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და სოციალური მუშაკისგან. ისინი ადგილზე აფასებენ რამდენად არიან ბავშვები მზად დახმარების მისაღებად. მაგალითად, დღეს ერთ-ერთ კლასში უკვე ჩატარდა ჯგუფური ტრავმის მართვის ღონისძიება“, – ამბობს ნინო შატბერაშვილი.

მისი თქმით, სკოლამ, პირველ რიგში, ბავშვებს მათთვის გასაგები ენით უნდა აუხსნას, რა მოხდა, როგორ და რატომ მოიქცა სკოლა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა. ბავშვებს არ უნდა გაუჩნდეთ დანაშაულის შეგრძნება.

ნინო შატბერაშვილი მშობლებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს იმისთვის, რომ მომხდარი მოვლენით ემოციურად დათრგუნულმა ბავშვებმა სტრესთან გამკლავება შეძლონ:

  •  მოუსმინეთ ბავშვს და, რაც მთავარია, აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ ამისთვის;
  •  არ განსაჯოთ მისი გრძნობები და დამოკიდებულებები, გამოიჩინეთ მხარდაჭერა მის მიმართ და მის მიერ გამოთქმული შეხედულებების მიმართ.
  • აგრძნობინეთ მას, რომ არ შეიკავოს თავი და გამოხატოს ემოციები.
  • აუხსენით, რომ თუ რამე შეკითხვები აქვს სკოლასთან, სპეციალისტთან ან მეგობრებთან, შეუძლია იკითხოს.
  • განუმარტეთ ბავშვს, რომ ერთი შემთხვევის განზოგადება ყველა სხვა შემთხვევაზე არ არის სწორი.
  • აგრძნობინეთ, რომ უსაფრთხო გარემოშია როგორც სკოლაში, ისე ოჯახში და თქვენ მის ინტერესებს ყოველთვის დაიცავთ.
  • ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ბავშვებსა და მოზარდებთან ერთად.
  • სუიციდზე საკუთარი ინიციატივით საუბრის წამოწყება სახიფათოა, ინტერესის გაზრდის რისკის გამო – მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი სვამს შეკითხვებს, აუცილებელია, რომ არ მოხდეს სუიციდის რომანტიზება. აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

ანი ბურდული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close