თბილისელი ნათელმხილველი რუსულ ტელეარხ ТНТ-ზე „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალშია
პოპულარული რუსული სატელევიზიო პროექტის ფინალში ქართველი ექსტრასენსის გარდა კიდევ სამი მონაწილე მოხვდა.
ქართველი მომღერალი, ტელეწამყვანი, დი-ჯეი, მსახიობი და, როგორც აღმოჩნდა, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია რუსულ ტელეარხ ТНТ-ზე პოპულარული სატელევიზიო მისტიკური ტელეპროექტის, „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალში გავიდა.
ტელეპროექტის მე-20 სეზონის ფინალამდე ყველაზე მთავარი გამოძიება და გამოცდა გახდა პოპულარული რუსი შემსრულებლის, კირილ ტოლმაცკის გარდაცვალების მიზეზების დადგენა, რომელსაც მაყურებელი დეცლის სახელით იცნობდა. გასაოცარია, მაგრამ ექვსი წლის წინ მისტიკურ ტელეპროექტში თავად კირილიც მონაწილეობდა.
„მეოცნებე, რომანტიკოსი… ოცნებობდა კოსმოსში გაფრენილიყო“, – ასე აღწერა უცნობი მარიამ ციმინტიამ, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებდა დავალებებს და ამჯერადაც სწორად გამოიცნო.
კირილის მეგობარ რობერტზე ქართველმა ნათელმხილველმა დიდი შთაბეჭდილება მიახდინა – მან მარიამს „მაგარი დეიდა“ უწოდა.
„მან დამიმტკიცა, რომ ნიჭი აქვს. ჩემთვის ის ეზოთერიკოსია. ნამდვილად. ჩემთვის ეს არის „კი“, – განაცხადა კირილის მეგობარმა მარიამზე საუბრისას.
გამოშვების შედეგებით ტელეპროექტის ფინალში გავიდა ოთხი მონაწილე – მარიამ ციმინტია, ვილმა გენრიხი, ირინა იგნატენკო, დმიტრი მატვეევი.
პროექტი დატოვა ჩინელმა ნათელმხილველმა ასტრიდმა, რომელმაც ბოლო დავალება ვერ შეასრულა. მან ვერ გამოიცნო იმ ადამიანის სქესი, რომლის ფოტოსაც მალავდა მუჭში პროგრამის წამყვანი მარატ ბაშაროვი.
საქართველოში მარიამ ციმინტია ცნობილია, როგორც 1950-იანი წლების ლეგენდარული სექს-სიმბოლოს, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს ორეული. ამ ამპლუაში მარიამი ხშირად გამოდიოდა ქართულ მუსიკალურ პროექტებში, საღამოებზე და შოუ-კონცერტებზე.
მონროს ორეულის ამპლუას გარდა, მარიამ ციმინტია თავის შოუებში აკეთებს ისეთი ვარსკვლავების პაროდიებს, როგორებიც არიან: ელვის პრესლი, ტინა ტერნერი და, ასევე, დეტექტიური ნუარ-რომანების ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი ჯესიკა რებიტი. 2019 წელს ციმინტია ასევე მონაწილეობდა „ევროვიზია-2019“-ის ეროვნულ კონკურსში. მუსიკალური ინდუსტრიის გარდა, მარიამს კინოშიც იღებენ.
კომენტარები